„ქანდაკება ინტერიერში ნელ-ნელა ხდება აქტუალური საქართველოში, უცხოეთში რა ხანია, კარგ ტონად ითვლება“

პანდემიის მეორე ტალღის დაწყებამდე ბათუმში ვიყავი, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს ინტერიერში თანამედროვე ფორმებითა და ფერით გამორჩეულმა, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავმა ქანდაკებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ის კომპოზიციურად კრავდა სივრცეს და განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ქმნიდა. მაშინვე ავტორი ვიკითხე და თბილისში ჩამოსვლისთანავე ვესტუმრე ცნობილ ქართველ მოქანდაკეს რეზო ხასიას.

მოქანდაკის ნამუშევრები განზოგადებული და მინიმალისტურია. გამოირჩევა ინდივიდუალური სამეტყველო ენით, შესანიშნავად იყენებს ფერებს, ხოლო სამუშაო მასალად - ბრინჯაოს, ხეს, ქვასა და მეტალს. ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს დამსახურებული მხატვრის საპატიო წოდება მიენიჭა, ხოლო მის ქანდაკებებს არა
ერთი პრესტიჟული ჯილდო მიუღიათ. ბატონი რეზოს ნამუშევრები ინახება მსოფლოს არაერთი ქვეყნის მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის, აგრეთვე ფირმა `შევრონის~ პრეზიდენტის და სხვათა კოლექციებში.


- 1973 წელს დავამთავრე სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. მას შემდეგ შემოქმედებითი მუშაობის პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობასაც ვეწევი, ვასწავლიდი საქართველოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, შარშან კი კვლავ აკადემიას დავუბრუნდი უკვე პედაგოგის რანგში. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ხნის განმავლობაში არასოდეს მიძებნია მარტივი გზა და ჩემს სტუდენტებსაც იმავეს ვურჩევ - არასოდეს მოექცნენ ჩარჩოებში, ყოველთვის იყვნენ გახსნილები, კრეატიულები და სიახლის ძიებით მოტივირებულნი. დროს უნდა მიჰყვებოდე, სხვაგვარად დაგვიანდება, რადგან ცხოვრების ტემპი საოცრად აჩქარებულია. ზოგიერთი დიდი შემოქმედი უსწრებდა კიდეც დროს, მაგალითად, ალბერტო ჯაკომეტი. XXI საუკუნეში იგი უფრო მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე თავის დროზე. ერთხელ მას დაკვეთა მისცეს როკფელერცენტრში და სწორედ მათთვის შეასრულა `მოსიარულეები~, ცნობილი ნამუშევარი, რომელიც ექვსი ფიგურისგან შედგებოდა. ჰონორარიც აიღო, მაგრამ როდესაც მუშაობა დაასრულა, აღარ მოუნდა მიცემა, ამიტომ ჰონორარი უკან დააბრუნა და ნამუშევარიც დაიტოვა. ეს ქანდაკება ოჯახს დარჩა, ჯაკომეტიმ მოახერხა და ბოლომდე დარჩა თავისუფალი. ბუნებრივია, ამას სიმამაცე და გამბედაობა სჭირდება. დღეს ეს ნამუშევარი ბევრად მეტად ფასობს, ის დაშალეს ფიგურებად და მახსოვს, ორი წლის წინ ერთ-ერთი ფიგურა რამდენიმე მილიონად გაიყიდა.

- რა გიქმნით სამუშაო განწყობას და როგორია შემოქმედებითი პროცესი?

- პირველ რიგში ძალიან ყურადღებიანი და დაკვირვებული უნდა იყო, რადგან წინასწარ არ იცი, სად, რას დაინახავ - ყველაფერი დამოკიდებულია სამყაროს შენეულ ხედვაზე. რაც შეეხება სამუშაო განწყობას, ზოგი ამბობს, რომ მუზა სტუმრობს და ის შთააგონებს, მაგრამ ჩემთვის ეს ყოველდღიური შრომატევადი სამუშაო პროცესია - ყოველ დილით მივდივარ სახელოსნოში და საღამოს ვბრუნდები. იდეით ვიწყებ და შემდეგ ესკიზს ვქმნი. იდეაზე დიდხანს ვფიქრობ, რადგან ქანდაკება ლაკონიური უნდა იყოს, აგრეთვე წაკითხვადი, მას აუცილელად უნდა ჰქონდეს კონცეფცია. გარდა ამისა, დროის შესაბამისად ახალი და კრეატიული უნდა იყოს, თანაც შემოქმედებითი და ესთეტიკური. უნდა ეცადო, რომ ზედაპირული არ გამოვიდეს, პლაკატივით. ყოველივე ამის გათვალისიწინებით ვფიქრობ და განვსჯი, ხანდახან ნახატს ვაკეთებ, ხატვაც ხომ აზროვნებაა, და უკვე შემდეგ ვიწყებ სივრცეში მუშაობას. ბოლოს კი ნამუშევრი მყარ მასალაში გადამაქვს. ჩემს ქანდაკებებს თავად ვასხამ ბრინჯაოში და თავადვე ვამუშავებ, რადგან ჩემთვის საინტერესოა და მატერიალურადაც რაღაც შეღავათს მაძლევს, მართალია, დიდი დრო და ენერგია მიაქვს, თვალებიც კი დამიზიანდა იმის გამო, რომ ამდენ ლითონთან მაქვს შეხება, მაგრამ ჩემი პროფესიაა და სირთულეები ვერ დამაბრკოლებს.



- რა დატვირთვა აქვს ქანდაკებას ექსტერიერსა და ინტერიერში?
- ქანდაკებას ყველგან ერთი და იგივე დატვირთვა აქვს, ის არის კოლოსალური ენერგიისა და ინფორმაციის მატარებელი, სახლში იქნება, გარეთ, თუ საჯარო სივრცეში. როგორც ვიცით, არქიტექტურა აყალიბებს გარემოს, – ქანდაკება კი ინფორმაციის ყველაზე დიდი წყაროა. დღეს ირკვევა, რომ ქვა ოდითგანვე უდიდესი ინფორმაციის მატარებელი იყო, რომელმაც საუკუნეთა ყოველგვარ ცვალებადობას გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია. ექსტერიერშია განთავსებული ქანდაკება თუ ინტერიერში, მას აქვს ერთი ყველაზე მთავარი სპეციფიკა, რომელიც წაკითხვადია თავიდან ბოლომდე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქანდაკება არის უზარმაზარი ენერგიისა და კოლოსალური ინფორმაციის მატარებელი, რასაც უნდა გადმოსცემდეს კიდეც. უკვე XXI საუკუნეა და ადამიანს მეტად უნდა ვცეთ პატივი იმით, რომ რაღაც დავუტოვოთ სააზროვნოდ. თუ ყველაფერი გააუბრალოე და გააპრიმიტიულე, მაშინ შენს ნამუშევარს აუფასურებ. გამოდის, რომ შენ ჩადიხარ ქვევით, ამ დროს ადამიანს უნდა მისცე საშუალება, ნელ-ნელა დაიძრას შენკენ, შეიძლება იმ დღეს ვერ გაიგოს, მაგრამ მოგვიანებით დაბრუნდეს, მეტად დაფიქრდეს და დაუახლოვდეს ნამუშევარს. ქანდაკებაში ჩადებული ენერგია იმ წუთშივე იგრძნობა, მოუმზადებელი და შეუიარაღებელი თვალითაც კი.



- ინტერიერში რა პრინციპით შეიძლება განვათავსოთ ქანდაკება?

- დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ინტერიერია - საჯარო თუ სახლის, გაითვალისწინო ქანდაკების სპეციფიკაც. არ უნდა იყოს დამღლელი, ხელს არ უნდა გიშლიდეს და სივრცეს სწორად მოერგოს. ქანდაკების სახლის ინტერიერში განთავსების დროს მნიშვნელოვანია როგორც სივრცე და მასშტაბი, ისე განათება, უმთავრესი კი ამ სივრცის მფლობელის მენტალობაა. როდესაც სახლში გაქვს შენი არჩეული და მოწონებული ნამუშევარი, ბუნებრივია ის შენს სახეს წარმოაჩენს.



- ჩვენს რეალობაში რამდენად აქტუალურია ქანდაკება სახლის ინტერიერში?

- საქართველოში ნელ-ნელა ხდება აქტუალური, უფრო კერძო სახლებში ვხვდებით. ცოტა ხნის წინ ჩემს სახელოსნოში ახალგაზრდა წყვილი მოვიდა და ნამუშევრების დათვალიერება მთხოვა. რამდენიმე შეიძინეს საკუთარი სახლისთვის. შემდეგ დავამონტაჟეთ ეს ნამუშევრები, სახლის დიზაინის რაღაც ელემენტებიც გავუკეთე და ისეთი სასიამოვნო იყო მათთან თანამშრომლობა, რომ მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, დავმეგობრდით. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთსა და ესპანეთში სწავლობდნენ, უცხოეთში კი საკმაოდ აქტუალურია მრგვალი ქანდაკება ინტერიერში, მეტიც - პრესტიჟულია და კარგ ტონად ითვლება. მნიშვნელოვანია, რომ ქანდაკება სივრცით აზროვნებას ავითარებს, ხოლო ვისაც მოცულობითი, ანუ სივრცითი აზროვნება შეუძლია, ყველა სფეროშია წარმატებული, არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტია, არქიტექტორი თუ მოქანდაკე.

თეა იაკობაშვილი

კომენტარის დამატება