სამკაულები, სასახლეები და აქციები - ვის დარჩება ელისაბედ II-ის ქონება

8 სექტემბერს დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა. არსებობს შეკითხვა, რომელიც ბევრ ადამიანს აინტერესებს: რამდენად არის შეფასებული ეპოქის ყველაზე გავლენიანი ქალბატონის ქონება და ვის დარჩება სასახლეები, ძვირფასეულობა, აქციები და ა.შ. მოდით, ვცადოთ გარკვევა.

მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი გახლდათ, ჟურნალი ფორბსი კი მის ქონებას 88 მლრდ დოლარად აფასებდა, ქალბატონის წილი ამ შთამბეჭდავი თანხიდან არც ისე დიდია. უფრო მეტიც, ბრიტანეთის დედოფალი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მონარქების სიაში მე-12 ადგილს იკავებს, სხვა კოლეგებთან შედარებით არც ისეთი მდიდარია. მისი პირადი ქონება შეფასებულია პლუს-მინუს
450 მლნ. დოლარად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დედოფალი ინგლისის ყველაზე მდიდარი ადამიანიც კი არ არის.

ექსპერტების შეფასებით, დედოფლის პირადი თანხა, დაახლოებით 447 მლნ დოლარი უნდა გადაეცეს მის ოჯახს. თანხის გარკვეული ნაწილი დედოფალს მემკვიდრეობით ერგო - 85 მლნ დოლარი დედის გარდაცვალების შემდეგ მიიღო, 12 მლნ დოლარი კი მეუღლის, პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ.

ფინანსური შემოსავლის წყარო
სამეფო ოჯახში ფინანსური შემოსავლების სამი წყარო არსებობს: სუვერენული გრანტი, საიდუმლო საფულე და პირადი შემოსავალი.

გრანტი ბრიტანელი მოქალაქეების წელიწადში ერთჯერადი გადასახადია, რომელსაც ისინი უხდიან სამეფო ოჯახის წევრებს იმის გამო, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებრივ ვალდებულებებს ასრულებენ. ასევე ხარჯავენ ენერგიასა და პირად თანხებს უინძორის და ბუკინგემის სასახლის შესანახად, რომელიც მათი საკუთრება არ გახლავთ. გრანტის თანხების დახარჯვა მონარქს შეუძლია ოფიციალური ვიზიტების დროს, ასევე ოფიციალური სტუმრების მისაღებად, კომუნალური გადასახადებისა და პერსონალის ხელფასებისთვის.

სპეციალისტების გამოთვლით, თითოეულ გადახდისუნარიანი ბრიტანელის ანგარიშზე ერთ-ნახევარი ფუნტი სტერლინგი მოდის. გასულ წელს თანხამ 118 მლნ დოლარი შეადგინა.

საიდუმლო საფულე


ე.წ. საიდუმლო საფულეში მიდის ყველა ის შემოსავალი, რომელსაც ლანკასტერის საგრაფო იძლევა. მართალია, ეს საგრაფო მონარქის საკუთრება არ გახლავთ, თუმცა ყოველწლიური შემოსავალი შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს. ყოველწლიური შემოსავალი დაახლოებით 20 მლნ ფუნტი სტერლინგია, რომლიდანაც მონარქმა გადასახადებიც უნდა გადაიხადოს. ეს მამული პრინც ჩარლზს გადაეცემა, აწ უკვე მეფე კარლ III-ს.

პირადი შემოსავალი

პირადი ქონება დედოფლის ქონებაა, რომელიც მას სხვადასხვა დროს მემკვიდრეობით ერგო. მამისგან მას დარჩა სანდრინჰემის მამულები და ბალმორალის ციხე. დედისგან - 70 მლნ ფუნტი. 10 მლნ ფუნტი კი გარდაცვლილმა მეუღლემ დაუტოვა.

ძვირფასეულობა


ცნობილია, რომ ძვირფასეულობა, დედოფლის სამკაულების ჩათვლით, პირადად მისი საკუთრება არ არის. ეს გახლავთ სამეფო ოჯახის საკუთრება და თაობიდან თაობას, დედოფლიდან დედოფალს გადაეცემა. თუმცა, დიდი ალბათობით, დედოფალს ალბათ ექნებოდა პირადი სამკაულები, ანტიკვარული ნივთები, მის მიერ ნაყიდი ან საჩუქრად მირთმეული, რომელიც მემკვიდრეებს, მისი ოჯახის წევრებს დარჩებათ. ვის რა დარჩება ამას, ალბათ, ძალიან მალე გავიგებთ.

ფასიანი ქაღალდები და პირადი კოლექციები
არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ დედოფლის მთავარი სიმდიდრე სასახლეები და სამკაულები იყო. შემოსავლის ძირითად ნაწილს დედოფალი ბრიტანულ ფასიან ქაღალდებში დებდა, ავსებდა რა საინვესტიციო პორტფელს. დაუჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ მისმა ფილატელიზმით გატაცებამ მას საკმაოდ კარგი შემოსავალი მოუტანა. მისი მარკების კოლექცია 100 მლნ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული.

სასახლეები

მეფე კარლ III-ს აქვს უფლება, აირჩიოს რეზიდენცია სამუშაოდ და საცხოვრებლად. დიდი ალბათობით იგი ბუკინგემის სასახლეში გადავა. ამის შემდეგ პრიორიტეტული არჩევანის უფლება პრინც უილიამს ეკუთვნის. თავად დედოფალი ბოლო დროს იშვიათად სტუმრობდა სასახლეს ლონდონის შუაგულში, იგი ძირითადად უინძორის სასახლეში ბინადრობდა, რის გამოც კემბრიჯების ოჯახი ახლომდებარე სახლში გადავიდა საცხოვრებლად. შეეცვლება თუ არა გეგმები ახალგაზრდა წყვილს დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, უახლოეს მომავალში გავიგებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები