"შოვი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს! თურმე, მდინარეზე წყალი ორი დღე არ ჩამოდიოდა, ეტყობა, გაჭედილი იყო და მერე გადმოხეთქა" - რას ჰყვება სამუშაოებში ჩართული ადგილობრივი

შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს, სამწუხაროდ, ბევრი დაკარგულის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სულ 8 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი, მათ შორის არიან ბავშვებიც. სპეცტექნიკა მუშაობს, მაშველებთან ერთად სამძებრო საქმეში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივები.

თემაზე ონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი მეტრეველი გვესაუბრება:

- სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, მძიმე ვითარებაა, დაკარგულებს ჯერ ისევ ვერ ვპოულობთ. ადგილობრივი მაცხოვრებლებიც აქტიურად არიან ჩართულები, ტექნიკა მუშაობს, მაგრამ იმხელა ლაფია, იმხელა მასაა, ადამიანი ეფლობა შიგნით. სამუშაოები მიდის, ვფიქრობ კურორტამდე, სადაც ძირითადად კოტეჯები იდგა, დღის ბოლომდე მივლენ, ახლა
მისასვლელ გზაზე მუშაობენ, დიდი მანძილი არ არის, დაახლოებით 300 მეტრია, მაგრამ ძალიან რთული სამუშაოა. ვერ გადადიხარ. სამწუხაროდ, ალბათ კიდევ იქნება გვამები, გადაფარულია იქაურობა, ტექნიკა მუშაობს, შიგნით ეფლობი ადამიანი, წელამდე ჩადიხარ, ისეთი სიტუაციაა, საშინელი ამბავი მოხდა.

ჩაფლული მანქანებიც ჩანს, მაგრამ შიგნით არის თუ არა ვინმე ამას ვერ მიხვდები, სანამ არ ამოიყვანენ ამ მანქანებს და არ დაიჭრება. გზაზე ლავით დაფარული ავტომობილებიც ნახეს, ჯერჯერობით ვერ მიდიან იქამდე, რომ ამოიღონ, სპეცტექნიკა იქნება ამისთვის საჭირო, ეს იქნებ დღის ბოლომდე მოხერხდეს.

- ეს არის კოტეჯში მყოფი დამსვენებლების მანქანები?

- არა მგონია, იქ გზა გადის და შეიძლება ვინმე შემთხვევით გზად მიმავალიც მოჰყვა ამ ღვარცოფში. დაკარგულები არიან ადგილობრივებიც, მომსახურე პერსონალი, ძირითადად და რემონტებზე მომუშავე ბიჭები. მძიმე ემოციური მდგომარეობაა, მეზობლებიც გვყავს დაკარგულები და ძალიან განვიცდით. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იქ არსებულ ვითარებას.

- გუტაშვილები ხომ არ უპოვიათ?

- არ არიან ნაპოვნი ამ ეტაპამდე. სავარაუდოდ, ეგენი იქ კოტეჯებში არ იყვნენ, ალბათ. სურათი საშინლად მძიმეა. წუხელ ზემოდან დრონებითაც კი ათვალიერებდნენ. რომლებიც გადარჩნენ, ისინი ყველანი გამოყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას, რამდენიმემ ტყეში მესაზღვრეებთან ერთად გაათენა ღამე.

დიტო მარკოიშვილი, ადგილობრივი:

- ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ფაქტობრივად, შოვი აღარ არსებობს, საერთოდ განადგურებულია ყველაფერი. აქტიურად მიდის სამძებრო სამუშაოები, მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი. როგორც იცით, დიდი ტექნიკაც ჩართულია და ძებნითი სამუშაოები მიმდინარეობს, სამაშველოს ადგილობრივებიც დავყვებით, სადაც ვერ გადაადგილდება მაღალი გამავლობის მანქანა, ტრაქტორი, იქ ჭალაში ჩვენ დავდივართ.

მძიმე სურათია, იქ ვნახეთ მანქანები ჩაფლული, დაღუპული ხალხიც, ემოციურადაც ძნელია ამის ყურება. მანქანები ისეთ მდგომარეობაშია, ვერც ვატრიალებთ, ბურთივითაა დამრგვალებული, მიწით, ყველაფრით არის სავსე და ვერც ვნახულობთ შიგნით არის თუ არა ვინმე. ამ ეტაპისთვის ასეთი 4 მანქანა ვნახეთ. სულ მიწასთანაა გასწორებული, ამოცნობა, თუ რა მარკა იყო ან ვის ეკუთვნოდა, შეუძლებელია, ისეთ მდგომარეობაშია...

სავარაუდოდ, შიგნით იქნებოდნენ დაკარგული ადამიანები, მათ ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. კიდევ არ არის ალბათ ცნობილი დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა, რადგან შეიძლება ზოგი შემთხვევითი გამვლელიც მოჰყვა. ზოგი ახლობელთან იყო, კურორტია, მჟავე წყლებია და ბევრი მიმსვლელ-წამსვლელია და იმ პერიოდში ვინ სად იყო, ამის გარკვევა რთულია. ან როგორი მოსაძებნია ამ მდგომარეობაში ცხედრები...

შეიძლება ვერ იპოვონ ყველა დაკარგული. ამის გაფიქრებაც არ მინდა, ნეტა ცხედრებს მაინც ვიპოვიდეთ. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები