ახალაშენებული კორპუსები 60-80 წელზე მეტს ვერ გაძლებს

ახალი საცხოვრებელი კორპუსების საექსპლოატაციო ვადა, საშუალოდ, 60-80 წელია. მშენებლები ამ მაჩვენებელს გამოყენებული სამშენებლო მასალის ხარისხისა და კონსტრუქციული გათვალებით განსაზღვრავენ. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საექსპლუატაციო ვადა, როგორც ნორმა, კანონმდებლობაში გათვალისწინებული არ არის და სამშენებლო კომპანია ასეთი ვალდებულებისგან აბსოლუტურად თავისუფალია. რამდენად გაუძლებს შენობა დროს, არავინ იცის და ყველაფერი მშენებელთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

როგორც სამშენებლო კომპანიებში განმარტავენ, უმაღლესი სტანდარტით აშენებული საცხოვრებელი კორპუსი 150-200 წელსაც გაუძლებს, თუმცა თანამედროვე ნაგებობების უმეტესობის საექსპლოატაციო ვადა ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. როგორც კომპანიებში აცხადებენ, მდგომარეობა საგანგაშო არ არის და

არც ისე ცუდადაა საქმე, როგორიც გავრცელებული აზრია.

საბჭოთა პერიოდში, კერძოდ, 60-იან წლებში აშენებულ კორპუსებს, ე. წ. "ხრუშოვკებს" ვადა უკვე გასდით. "მოსკოვისა" და "ქალაქურის" სახელით ცნობილი საცხოვრებელი კორპუსები 80-წლიანი ვადით აშენდა და გარანტია რამდენიმე ათეული წელი კიდევ აქვთ.

საბჭოთა პერიოდის შემდეგ დრო საკმარისად გავიდა, სამშენებლო ტექნოლოგიები კიდევ უფრო განვითარდა. გააქტიურდნენ დეველოპერები, მაგრამ უცნობია, არსებობს თუ არა ქვეყანაში სამშენებლო ნორმა და რა ვალდებულებას მოიცავს.

კომპანია "აიჯიეს ჯგუფის" ხელმძღვანელი, სამშენებლო სფეროს სპეციალისტი შოთა გუჯაბიძე განმარტავს, რომ უმაღლესი ხარისხით აშენებული მრავალსართულიანი კორპუსი, 150-200 წელსაც გაძლებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა სამშენებლო მასალაც გამოიყენება დღეს მშენებლობებში, ახალი ნაგებობის გარანტია 60-80 წელია.

"საექსპლოატაციო ვადა ზოგადად მასალების ხარისხიდან გამომდინარე იანგარიშება. თუმცა, როდესაც უკვე მერიის სამსახური იბარებს დასრულებულ პროექტს, ამ ვალდებულებას მშენებლისგან არ ითხოვს. საექსპლოატაციო ვადა, როგორც ნორმა, კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ნებისმიერმა მშენებელმა იცის, თუ რა გარანტიით აშენებს კორპუსს, ჩვენ ეს შეგვიძლია გამოყენებული მასალების ხარისხითა და კონსტრუქციული გათვალებით განვსაზღვროთ. როდესაც საცხოვრებელი კორპუსი უმაღლესი ხარისხის არმატურით და ბეტონით შენდება, შესაძლოა, ექსპლოატაციის ვადა 150-200 წლითაც განისაზღვროს, საშუალოდ კი, ახალი მშენებლობებისთვის ეს პერიოდი 60-80 წელია", - აცხადებს გუჯაბიძე.

სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აზრს, რომ ახალი მშენებლობების
უმეტესობა უხარისხოა და ვერ გაუძლებს დროს.

"ნორმალურად, სტანდარტის დაცვით აშენებულ არც ერთ საცხოვრებელ კორპუსს დანგრევის საფრთხე არ ემუქრება. ვერც ერთი მშენებელი ასეთ რისკზე ვერ წავა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ ვაშენებთ ხარისხიანად, სტანდარტის ყველა პირობის დაცვით და ჩვენი მშენებლობა გაუძლებს დროს, შეიძლება 150 წელსაც", - აცხადებს შოთა გუჯაბიძე. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები