რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის სოციალური საწარმოების არსებობა - "მთავარი მიზანია სოციალური გავლენის შექმნა..."

2015 წელს, სოციალური მეწარმეობის ფორუმზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მონაწილე სოციალური მეწარმეების მიერ გამოითქვა ალიანსის დაფუძნების სურვილი. 2016 წლის 8 ნოემბერს, საქართველოში სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციის, CSRDG-ისა და სოციალური საწარმოების მიერ დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“. მათი მთავარი მიზანია რეალური სოციალური ცვლილებების მოხდენა საზოგადოების საკეთილდღეოდ და სჯერათ, რომ  სოციალური მეწარმეობა არის ეფექტური გზა საამისოდ. თემაზე ვრცლად გვესაუბრება მარიამ დევრისაშვილი - სოციალურ საწარმოთა ალიანსის კომუნიკაციების მენეჯერი.

- 6 წლის წინ მიზნად დავისახეთ საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა. ალიანსი ზრუნავს სოციალური მეწარმეობის კონცეფციის
პოპულარიზაციას და სოციალური მეწარმეების გაძლიერებას სხვადასხვა გზით. ამავე მიზნით გასულ წელს სოციალურ საწარმოთა ალიანსმა გახსნა მაღაზია/შოურუმი ,,ესკი“, რომელმაც სოციალური მეწარმეების პროდუქციას, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მოუყარა თავი. ამ ეტაპზე, მაღაზია აერთიანებს 25-ზე მეტი სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ნივთს და მოსულ სტუმრებს აცნობს მათ. ის ეკონომიკურად აძლიერებს სოციალურ მეწარმეებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ აქვთ დამოუკიდებელი სივრცე პროდუქციის რეალიზაციისთვის ან სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს - სხვებისთვის კი შემოსავლის დამატებითი არხი გახდა. შემოსავლების ზრდის გარდა, შოურუმის მიზანია მოსულ სტუმრებს გააცნოს სოციალური მეწარმეობა, სოციალური საწარმოები და მეტი მოუყვეს მათ სოციალურ მისიებზე.
როდესაც სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე ვსაუბრობთ საქართველოში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ევროკავშირის როლი ამ პროცესში. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში გახდა შესაძლებელი სოციალური კონცეფციის მაღაზია/შოურუმის გახსნაც.


- განვმარტოთ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რას გულისხმობს სოციალური საწარმოები და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი არსებობა და მათი ხელშეწყობა?
- მიუხედავად იმისა, რომ ათეულ წელზე მეტია სოციალური მეწარმეობა ვითარდება საქართველოში, საზოგადოებაში მაინც არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება კონცეფციის მიმართ. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი კი ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განმარტების არქონაა. აქედან გამომდინარე სოციალურ საწარმოთა ალიანსი ხელმძღვანელობს ევროკავშირის მიერ დადგენილი განმარტებით, რომლის მიხედვითაც სოციალური საწარმო არის სოციალური ეკონომიკის ოპერატორი, რომლის მთავარი მიზანია სოციალური გავლენის შექმნა, ნაცვლად მფლობელებისთვის მოგების უზრუნველყოფისა. ის აწვდის საქონელს ან მომსახურებას სამეწარმეო და ინოვაციური გზით და მოგებას, უპირველეს ყოვლისა, იყენებს სოციალური მიზნების მისაღწევად. მისი მართვა ხორციელდება გამჭვირვალედ, მაღალი პასუხისმგებლობით, თანამშრომელთა, მომხმარებელთა და დაინტერსებულ პირთა ჩართულობით.
სხვა სიტყვებით რომ განვმარტოთ, სოციალური მეწარმეობა მეწარმეობის ერთ-ერთი ფორმაა და ტრადიციული საწარმოსგან განსხვავებით სოციალური საწარმო რომელიმე საზოგადოებირივი პრობლემის გადასაჭრელად იქმნება. სოციალური მისიები კი განსხვავებული და მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, მაგალითად: ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, გარემოზე ზრუნვა, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება, ტრადიციების შენარჩუნება და სხვა.

- რამდენად მომრავლდა სოციალური საწარმოები საქართველოში, უფრო რა ტიპის საწარმოები ჭარბობს და რამდენად აქტიურად არიან ჩართული ალიანსში?
- სოციალურ საწარმოთა ალიანსი წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და ჩვენი წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სოციალური საწარმოები არიან. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ამ დროისთვის საქართველოში 150-მდე სოციალური საწარმოა, როგორც სერვისის მიმწოდებელი, ასევე პროდუქტის მწარმოებელი.
  • მათი უმეტესობა, დაახლოებით 66% შექმნილია დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით
  • სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას მიზნად ისახავს - 15%
  • განათლების მიზნით შექმნილია - 8%
  • ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის თვითრეალიზების ხელშეწყობის მიზნით საქმიანობს - 8%
  • გარემოსდაცვითი მიზნებით შექმნილია - 3 %

- რა ხდება ფორუმზე, რომელიც მალე უნდა გაიმართოს? ვინ არიან ფინალისტები და რით გამოარჩიეს ისინი ჟიურის წევრებმა?
- ფინალისტების გამოსავლენად 7-წევრიანი ჟიური ოთხი კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა:
  • სოციალური მიზნები და შედეგები
  • ეკონომიკური შედეგები და მდგრადობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ინოვაციურობა საქმიანობაში
  • ცნობადობა

აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჟიურის გადაწყვეტილებით წლის სოციალური საწარმო 2023-ის ფინალისტები "თავისუფალი სივრცე“, "ედენა“ და "იკორთა“ არიან.
"თავისუფალი სივრცე“ – სოციალური კაფეა ქალაქ ბათუმში. კაფე 2017 წლიდან ფუნქციონირებს და დაარსების დღიდან მისმა შემქმნელებმა მიზნად დაისახეს ბათუმში შეექმნათ ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცე, რომელსაც საგანმანათლებლო და შემეცნებითი დატვირთვა ექნებოდა. დღეისათვის თავისუფალი სივრცის ბალანსზე 500-მდე ღონისძიება და განხორცილებული აქტივობაა, რომელიც ადგილობრივებს საკუთარი თავის გამოხატვისა და განვითარების საშუალებას აძლევს.
"ედენა“ – 2015 წელს ქალაქ ონში დაფუძნებული სოციალური საწარმოა, რომელსაც ადგილობრივი ქალების გადამზადებასა და დასაქმებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და სულ უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს აყვარებს თავს რაჭისათვის დამახასიათებელი, ტრადიციული რეწვის ნიმუშებითა და დეკორატიული თუ გამოყენებადი ნივთებით.
"იკორთა“ – ტიხრული მინანქრის სახელოსნოა, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს დაიწყო წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ადგილობრივი ქალების მიერ ჩადებული მცირე ინვესტიციით შექმნილი სოციალური საწარმო, დღეს უკვე წარმატებული მინანქრის სახელოსნოს წარმოადგენს, რომელიც დევნილთა დასახლებაში ქმნის სამოქალაქო და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.
სამი ნომინანტიდან ერთი, 8 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის რიგით მე-12 ფორუმზე, ფარული კენჭისყრის გზით, მიიღებს წლის სოციალური საწარმოს ტიტულს.


- სამომავლოდ რას გეგმავთ და როგორ ხედავთ ამ სფეროს განვითარებას?
- სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებისთვის, ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე მხარდამჭერი ორგნიზაციების მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუკი იარსებებდა სფეროს განვითარების ერთიანი სტრატეგია, ეს სოციალურ მეწარმეებს მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა აღიარებასა და ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენი აზრით, სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში ჩართვა, რათა ახალგაზრდებმა საწყისი ეტაპიდანვე გაიაზრონ მათი მნიშვნელოვნება მდგრადი განვითარებისთვის და საუკეთესო შემთხვევაში, თავადაც გახდნენ სოციალური მეწარმეები. დამატებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარება (Crowdfunding, Impact Funds), ხელს შეუწყობდა სოციალური საწარმოების საქმიანობის გაფართოებას. ამ ეტაპზე ჩვენი გეგმები ძირითადად უკავშირდება სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და მცდელობას, რომ კომპანიებმა დაიწყონ სოციალური კომპონენტის გათვალისწინება თავიანთი შესყიდვების ჯაჭვში. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მიმდინარე საქმიანობებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები