რომელი ხატები უნდა გვქონდეს აუცილებლად შინ?

პირველ რიგში, უნდა ვიქონიოთ ყოვლადწმინდა სამების, მაცხოვრის და ღმრთისმშობლის ხატები. ქართულ ოჯახებში, აგრეთვე, უნდა იყოს ქართველთა განმანათლებლების - წმინდა ნინოსი, ქართველი ერის დიდი მეოხისა და მფარველის - წმიდა გიორგისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველის - წმიდა ნიკოლოზის ხატები.

სასურველია გვქონდეს ოჯახის წევრთა მოსახელე წმინდანების, წმ. იოანე ნათლისმცემლის, ანგელოზთა დასის, მფარველი ანგელოზის, საუფლო დღესასწაულთა აღმნიშვნელი ხატები. აგრეთვე იმ წმინდანთა ხატები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს განვიცდით.

ცნობილია, რომ ესა თუ ის ხატი შემწეა ამა თუ იმ ხორციელი თუ სულიერი უძლურებისას.

ამიტომ, ხატების შერჩევისას უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორიც. კარგია, თუ გვექნება, მაგალითად, წმინდა პანტელეიმონის ხატი, როგორც ყოველთა მკურნალისა, წმინდა გური, სამონ და აბიბოს და წმიდა ნატალიასა და ადრიანესი, როგორც ოჯახის სიმტკიცის მფარველთა, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატი „შეუსმელი ბარძიმი“, რომელიც ლოთობის ვნების საწინააღმდეგოა, ან „პანტანასა“, როგორც სიმსივნიანთა მკურნალისა. გონება გაუხსნელ ბავშვთათვის - წმ. იოანე კრონშტანდტელის, ან წმ. სერგი რადონეჟელისა, მატერიალური გაჭირვების ჟამს - „ბარაქის“ ხატი, სხვადასხვა ოჯახური პრობლემებისას - წმინდა მატრონასი და წმიდან ქსენია პეტერბურგელისა და ა.შ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ხატის შეძენა არ არის საკმარისი ჩვენი სულიერი თუ ხორციელი პრობლემების მოსაგვარებლად. აუცილებელია ჩვენი ღრმა რწმენა და გულმხურვალე ლოცვა. სასურველია წავიკითხოთ ამ ხატებისთვის შექმნილი სპეციალური ლოცვები და „დაუჯდომლები“, ხშირად ვეზიაროთ წმიდა საიდუმლოებებს, ვიცხოთ ზეთი. წარუმატებლობის შემთხვევაში მიზეზი ყოველთვის საკუთარ თავში მოვიძიოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვეწევა უფალი.

რა წიგნები უნდა გვქონდეს?
აუცილებელია: ლოცვების წიგნი, ფსალმუნნი, ახალი აღთქმა. წმ. მამები გვასწავლიან, რომ ქრისტიანი დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა კითხულობდეს ფსალმუნს (მაგალითად, ერთ კანონს, ან ერთ „დიდებას“, კანონის მესამედს, მაინც). წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ უმჯობესია მზემ არ გამოსცეს ნათელი, ვიდრე იმ დღეს ქრისტიანმა ფსალმუნი არ წაიკითხოს. აგრეთვე, როგორც ვთქვით, უნდა წავიკითხოთ ერთი თავი მაინც სახარებიდან და ერთიც - სამოციქულოდან (საქმე მოციქულთა და ეპისტოლეები). სულისათვის ფრიად სასარგებლოა და სასურველი ვიკითხოთ ღმრთისმშობლის დაუჯდომელი, კანონები იესო ტკბილისა და მფარველი ანგელოზისადმი. აგრეთვე კარგია ვიქონიოთ სხვა პარაკლისები და დაუჯდომლები. ვფიქრობთ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ქრისტიანად ძნელად თუ იწოდება ადამიანი, როემლიც დილა-საღამოს, საზრდელის მიღების წინ და შემდეგ ლოცვებს არ კითხულობს. ლოცვების რაოდენობა და წაკითხვის სიხშირე სასურველია ჩვენი ძალებისა და დროის შესაბამისად შევარჩიოთ და აუცილებლად შევათანხმოთ სულიერ მოძღვართან. ასევე იხილეთ როგორ უნდა გქონდეთ მოწყობილი სახლში ხატების კუთხე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები