თბილისის მარგალიტი – საუკუნოვანი სახლი, რომელიც ხონელმა მეცენატმა ააგო

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ექვსი წლისა, ხონის ერთ-ერთი გარეუბნიდან თბილისში ჩამოიყვანეს და სამუშაოდ ფურნეში დატოვეს. ფურნეს გვერდით გერმანელი ვაჭრის საგალანტერიო მაღაზია ყოფილა. პატარა ბიჭუნა ძალიან ნიჭერი აღმოჩნდა და ძალიან მოკლე დროში, გერმანული ენა ისწავლა. ის ამ მაღაზიაში მოჯამაგირედ მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, უმცროსი გამყიდველი გახდა. როგორც ჩანს, მაღაზიის მეპატრონეს თავი ძალიან შეაყვარა, რადგან მოგვიანებით მან ბიჭუნა სასწავლებლად ლაიფციგში გაგზავნა.


ეს ბიჭუნა ცნობილი მეცენატი და საზოგადო მოღვაწე - ერასტი ჭავჭანიძე გახლდათ. მან, შეგროვილი ფულით,

იოსებ გველესიანთან ერთად, მანთაშევის ქარვასლაში სავაჭრო სახლი გახსნა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ რუსულ წარწერებს თუ შეხვდებოდით. მხოლოდ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „ჭავჭანიძე-გველესიანის სავაჭრო სახლს“ ჰქონდა აბრა ქართულ-რუსული წარწერით. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ერასტი ჭავჭანიძემ მაშინდელი მიხაილის გამზირზე (ახლანდელი აღმაშენებლის გამზირი), 1903 წელს ულამაზესი სახლის მშენებლობა დაიწყო.



“სამსართულიანი სახლი ნაძერწი დეკორის სიუხვითა და დახვეწილობით გამოირჩევა. შენობის სახეს მოდერნული ელემენტები განსაზღვრავს. რიზალიტთა მომნიშვნელი პილასტრისებრი შვერილების დამასრულებელი ქალის თავის სიმბოლური გამოსახულებები, ტალღოვანი კარნიზები, ნაძერწი გირლანდები, ყვავილოვან ორნამენტებში ჩართული უჩვეულო კრონშტეინები თუ რკინის შეკიდული აივნების მოაჯირები. სადარბაზო მთლიანად შემკულია იმ დროისათვის დამახასიათებელი მოხატულობით. ეზოსკენ ნაგებობა ტრადიციული ხის აივნებით არის მომართული” (თბილისის არქიტექტურული გზამკვლევი).

გადმოცემის თანახმად, სადარბაზო ფლორენციელ მხატვრებს მოუხატავთ. არქიტექტორიც საზღვარგარეთიდან ჩამოუყვანია. სადარბაზოს მსგავსად, თურმე ბინებშიც ყოფილა მოხატული ჭერი. მერცხლებით, პეპლებითა და პალმებში ჩაფლული ლამაზი ხედებით.



სახლს ეზოს მხრიდან თბილისური ხის აივნები აქვს და გარე ფასადი სრულიად განსხვავებულია. როგორც უმრავლესობა იმ პერიოდის სახლებისა. სადარბაზოში მაღლიდან ანგელოზები დაგვცქერიან. კიბის ქვედა ნაწილებიც კი მოჩუქურთმებული ყვავილებითაა მოხატული. კედლებს ულამაზესი პეიზაჟები ამშვენებს. აქვე ნახავთ სცენებს „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელიც მხატვარ მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მიხედვითაა შექმნილი. სამწუხაროდ, ჭერიდან ჩამოსული წყალი ამ საოცარ ნახატებს ანადგურებს. ნახატებს, რომლებმაც საუკუნეს გაუძლეს…
გულგრილს ვერ დაგტოვებთ ხის ულამაზესი კარები, რომელიც სადარბაზოს დიზაინში საოცრადაა შერწყმული. ერთ-ერთ კარზე, მეტალის თხელ ფირფიტასაც დაინახავთ, რომელზეც სახლის ამშენებლის სახელი და გვარია ამოტვიფრული.



ერასტი ჭავჭანიძე თავისი ცოლ-შვილით სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა. მას ორი შვილი „ისპანკით“ დაეღუპა. ეს გრიპის ერთ-ერთი რთული ფორმა იყო, რომელიც იმ პერიოდში მძვინვარებდა თბილისში. მოგვიანებით, მისი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ვერც ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა. ერასტი ჭავჭანიძეს მხოლოდ ორი ვაჟი დარჩა. ამჟამად, ერთ-ერთ ბინაში მისი შვილიშვილი, ქალბატონი თამარ ჭავჭანიძე ცხოვრობს, თავისი ოჯახით. ის რომ არა, ვინ იცის, რა ბედი ეწეოდა ამ ლამაზ სადარბაზოს…



როგორც ამბობენ, ჭავჭანიძეების სახლში ბევრი სტუმარი დადიოდა. სადარბაზოში პატარა სპილენძის ზარი ყოფილა, რომელსაც შვეიცარი რეკავდა და მასპინძლებს სტუმრის მოსვლას ატყობინებდა. ქალბატონი თამარი იხსენებს, რომ ეზოში ულამაზესი შადრევანი დაუნგრევიათ, რომელსაც ანგელოზის ქანდაკება ედგა. ხოლო აუზში ოქროს თევზები დაცურავდნენ. თბილისის გასაბჭოების პერიოდში, 1927 წელს, ერასტი ჭავჭანიძეს ქონება ჩამოართვეს (როგორც თბილისის უმეტესობა მდიდარ მაცხოვრებელს) და ერთი ოთახი დაუტოვეს. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა გადაერჩინა და შეენარჩუნებინა ულამაზესი სადარბაზო, რომელსაც სხვა სახლების მსგავსად, გადაღებვას უპირებდნენ.



შენობა მყარადაა ნაშენები, თუმცა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. ბათქაში ამძვრალი აქვს და ბარელიეფები ინგრევა. სახურავზე მდგარ ქვის სვეტებს ხელი რომ ჰკრა – გადავარდება. აივანზე გასვლაც სახიფათოა. სარდაფში წყალია. სახურავიდანაც წყალი ჩამოდის, ისტორიულ ნახატებს შლის და ანადგურებს. შენობა სარესტავრაციოა. ერთ დროს ულამაზესი ჭიშკარი მოხსნილი და დაკარგულია. სამწუხაროა, როდესაც ის, რაც ძველი თბილისის სახეს ქმნიდა, ნელ-ნელა ხელიდან გვეცლება. ეს ხომ ჩვენი წარსულია? განა რამდენი ასეთი სახლია შემორჩენილი, რომელსაც თავისუფლად შეიძლება არქიტექტურული შედევრი ეწოდოს? რომელიც ქმნიდა ძველი თბილისის იერსახეს?

დრო გადის და თუ ახლავე არ მივიღეთ ზომები, მერე ძალიან გვიან იქნება. მერე აღარ გვექნება ის მარგალიტები, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ! რასაც ნახავენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები… თუ ახლავე არ გავუფრთხილდით ეროვნულ სიმდიდრეს, ვერაფერს დავუტოვებთ შთამომავლობას. ამიტომ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, ვისაც შეგიძლიათ მიაწვდინეთ ხმა რომ მიხედოთ ამ სახლს, რადგან არ მინდა, რომ მხოლოდ ფურცლებმა შემოინახოს ისტორია ბიჭუნაზე, რომელმაც საკუთარი შრომით ბევრი კარგი საქმე გაუკეთა თავის ქვეყანას და რომელმაც აღმაშენებლის 36 ნომერში, ასეთი საოცარი სახლი დაგვიტოვა.

თეა ინასარიძე

კომენტარები

nia 2016-11-24 19:38
cnobistvis: es saxli restavrirebulia ukve,
12 2016-11-24 13:31
rogor moxda ბიძიამ არ იყიდა რაფერ უშვებს ხელიდან.
ე კაცო ხეებს ყიდულობ და ეს რანაირად გამოგეპარა...იმ მილიონიან ტილოებს ვერ ჯობია ეტყობა...ან ბანკებმა ვერ დაითრიეს .ეტყობა ფართობი არ აწყობთ თორემ ხომ გახსნიდნენ ოფისებს შიგ....ქენი რამე გააკეთე თუ არ შეისყიდი მაინც
ალექს 2016-11-24 08:22
ხელისუფლებავ , ბოლშევიკთა სამართალმემკვიდრეებო აწ გადემოკრატიულებო ნაცქოცმოქკავშირო დაუბრუნეთ პატრონის კანოიერ მემკვიდრეს პირვანდელ მდგომარეობაში მიყვანილი და ის თუ უნდა სასტუმროს გახსნის თუ უნდა მუზეუმს !
პატრიოტა 2016-11-22 21:59
სირცხვილი თბილისის წასულ და მოსულ მერიას და მთლიანად ქართულ მთავრობებს, თუკი ამისთანა შედევრის გადარჩენისათძის არაფერს არ აკეთებენ.... გადაარჩინეთ ეს ულამაზესი შენობა, გადააკეთეთ მუზეუმად, სასტუმროდ ანდა მიიღეთ ისეთი ჭუვიანური გადაწყვეტილება, რომელიც ამ შედევრს შეუნარჩჯნებს თბილისს, საქართველოს და ქართველ ხალხს, რომელიც ნამდვილმა ქართველმა, უბრადლო ხალხიდან გამოსულმა დიდებულმა ქართველმა თავისი შრომით და გონებით შეუქმნა და დაუტოვა ღირსებად და თვალსაჩინოებად იმ ქართველებს, რომლთაგანმაც მაგალითად უნდა გაიხადონ მომოვალში...ქვეყნისა და ერის სადიდებლად...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები