"მეუღლე და ბავშვები ეჭვიანობდნენ, ჩვენზე მეტად ყვავილები გიყვარსო..." - ულამაზესი კომპოზიციები ირმა მანჯავიძის ბაღში

ქალბატონი ირმა მანჯავიძე ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, მონიტორინგის რეგიონალურ კურატორად მუშაობს, თავისუფალი გრაფიკი აქვს, ამიტომ საკმაოდ ბევრი დრო რჩება იმ არაჩვეულებრივი ბაღის მოსავლელად, რომელიც არმაზის ხეობაში გააშენა. ულამაზესი კომპოზიციები, დეკუპაჟი - ეს იმ დეკორაციების მცირედი ჩამონათვალია, რასაც მის ბაღში შეხვდებით.

- ჩემი აგარაკი ულამაზესი ხედებით არის გარშემორტყმული. შიომღვიმის მონასტერს და ქსნის ციხეს გავყურებ საძინებლიდან. ხედების დამსაურებაა, ჩემი არჩევანი ამ ადგილზე რომ შევაჩერე. ეზო 1200 კვ. მ-ზეა გაშენებული. ეს სახლი რომ შევიძინეთ, ეზოში დაგვხვდა ტალავერები და სამიოდე ხე. მათ შორის ფიჭვები, რომელთა მოჭრა მირჩეს (არ ვარგა წიწვოვანიო - მეზობელმა), მე კი პირიქით, წიწვოვანი მცანარეებით დავიწყე ეზოს გალამაზება. ეზოში გვაქვს ვერცხლისფერი ნაძვები, კიპარისი, კედარი, სოჭი, ოქროსფერი ტუია და ტუიის ნაირსახეობები. თითქმის ყველა მათგანი ჩემი ხელითაა დარგული. ზოგი შევიძინე, ზოგიერთი კი შოვიდან ჩამოვიტანე და გაიხარეს. ეზოს გალამაზება ნამდილად სჭირდებოდა. გავერანებული იყო. ნიადაგიც თიხნარია და რთული დასამუშავებელი. თავდაპირველად ერთი პატარა ადგილი შევარჩიე, დაახლოებით 2 კვ.მ და გავაკეთე პატარა ოაზისი. ეს დახლოებით 5 წლის წინ. შემდეგ გავზარდე მასშტაბი და დღეს ყველა კუთხე-კუნჭული ათვისებული მაქვს.

- ოჯახი როგორ უყურებდა თქვენს სურვილს, გაგეშენებინათ ლამაზი ბაღი?

- თავიდან მეუღლე და ბავშვები ეჭვიანობდნენ, შენ ჩვენზე მეტად ყვავილები გიყვარსო. ამჟამად შედეგით ტკბებიან და ზოგჯერ მეხმარებიან კიდეც მორწყვაში, შეწამვლაში, გასუფთავებაში. ჩემი დედამთილი და მე ქვის მოყვარულები გავხდით. ეს მხარე მდიდარია ქვის საბადოებით. მტკვრის ნაპირზეც, არაგვზეც ბევრი ლამაზი ქვა გვაქვს შეგროვილი, რასაც კომპოზიციების შესაქმნელად ვიყენებთ. ქვები, მცენარეები კურორტებიდან და უცხოეთიდანაც ჩამომაქვს ხოლმე. რამ გამარისკინა არ ვიცი, ისრაელიდან წამოვიღე სხვადასხვა ფერის პელარგონიუმები, საბაჟოზე შემოწმებისას ძალიან ვინერვიულე, მაგრამ საბედნიეროდ, უპრობლემოდ გამოვიარე. ძალიან გავრისკე.

- თითქმის ყველა მებაღე ამბობს, რომ მიწასთან ურთიერთობა კარგი ანტიდეპრესანტია და სტრესის მოხსნაში ეხმარება ადამიანს...

- მიწასთან და ბუნებასთან კონტაქტი უდიდეს სიამოვნენას მანიჭებს, ნამდვილად ანტიდეპრესანტია. ზოგჯერ ძალიან დავღლილვარ, თვალები მუშაობის დროს ოფლით დამწვია და ღამის 2 საათზე ძალით შევუყვანივარ მეუღლეს სახლში. სარწყავი სისტემა არ მაქვს და დიდი დრო მიაქვს მორწყვას. ბაღის გაშენების პერიოდში ბევრმა სიმძიმემ გადაიარა ჩემს კისერზე. ჩემი ხელფასი ძირითადად ბაღზე იხარჯებოდა, მაგრამ დღეს ამ ყველაფერმა ნაყოფი გამოიღო და მშვენიერი ეზო, სასიამოვნო გარემო უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. მეუღლე სულ მსაყვედურობდა, სიმძიმეს მოერიდეო, მაგრამ მუზა რომ მომივა, მაშინვე უნდა გავაკეთო, სხვაგვარად არ შემიძლია. მიყვარს დეკორაციების შეცვლა როგორც ეზოში, ასევე ბინაში.

- ხეხილიც თქვენი გაშენებულია?

- მაქვს ხეხილის ბაღიც და ბოსტანიც. მომყავს დეკორატიული გოგრები, კიტრი, პომიდირი, წიწაკა და მწვანილი. ყველა სახეობის ვარდი მაქვს, ჯუჯა, ხე ვარდები, ხეივნის და ჩვეულებრივი ვარდები. ძალიან მიყვარს სუკულენტები, ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია. მიყვარს ხვიარა მცენარეები: ტეკომა, გლიცინია, ჟასმინი, იაპონუი ბზები. მყავს მაგნოლიები (ბათუმიდან), არყის ხეები( ბაკურიანიდან), იაპონური აკაციები, ნეკერჩხლები, ხეტიტები, ცხენის წაბლი, ირმის რქები, ცაცხვები, კაკლები და ბევრი მცენარის სახელი არც ვიცი. ბევრი გამიხმა კიდეც, ადგილი რომ შევუცვალე, მაგალითად ზეთისხილის დიდი ხე. მყავს

მირონის ხეები (გარდენია), ძალიან მიყვარს ცინიები და ინები, პეტუნიები და პორტილაკები. ულამაზესი ნანდინები. სახლზე და ღობებზე სურო და უსურვაზებია გასული. ულამაზესად ყვავიან როზმარინები და ლავანდები. მყავს ჩიტავაშლა და ბუდლაი, ზამბახები, სექტემბერა.  ულამაზესი ჰორტენზია, რომელიც იისფერი იყო და ჟოლოსფერი გახდა, ვარდი "როსანა", კლემატისი მეგობრებმა მაჩუქეს და განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. ჩემი ბაღის გალამაზებაში დიდი წვლილი შეაქვს დედაჩემს, რომელიც ხშირად მანებივრებს სხვადასხვა ძველებური ნივთით და მცენარის ნერგებით. მაგალითად, უეკლო მაყვალი, ყვითელი ხვიარა ვარდი, ტეკომა, ჯონჯოლი დედას ნაჩუქრია. მინდა აღვნიშნო, მასაც აქვს არაჩვეულებრივი აგარაკი ავჭალაში, უნიკალური მაყვლის ხეივნით და ხეხილის ბაღით. 

- კომპოზიციების შესაქმნელად რა მასალებს იყენებთ?

- კომპოზიციების შესაქმნელად ვიყენებ ძველ ნივთებს. უთოები, სამოვრები, ჩაიდნები, საფოსტო ყუთი, ჩემოდნები, გალიები, თიხის ქოთნები - ყველაფერი გამოყენებადია. ეზოში დავადგმევინე დიდი ქვის ჯვარი, პატრიარქის კურთხევის მიხედვით. მაქვს მეტალის ფიგურები. ფანჩატურზე რკინის დიდი მამლის ფიგურა, ქარის მიმართულების მაჩვენებლით. დეკორაციებს ვაკეთებ მხოლოდ ჩემი ფანტაზიით. ამჟამად რადგანაც ეზოში ადგილიც აღარაა და მეც ფიზიკური დატვირთვა ამიკრძალა ექიმმა, ვუვლი ჩემს ბაღს შეძლებისდაგვარად. ბაღში მაქვს ულამაზესი, ქვებისგან გაკეთებული 2 წყარო. ყველგან დამონტაჟებულია ლამპიონები. გაისად ვაპირებთ სარწყავი სისტემის დამონტაჟებას, რაც ბევრად შემიმსუბუქებს შრომას.

 

- როგორც ვიცი დეკუპაჟითაც ხართ დაინტერესებული.

- წელს გამიტაცა დეკუპაჟის ტექნიკამ. მიყვრს, როცა ძველ ნივთებს სიცოცხლეს ვუბრუნებ. აღვადგინე მაგიდა, ნარდი, მწვანილის დასაჭრელი დაფები. მეგობრები ხუმრობით "ვინტაჟის დეოფალს" მეძახიან. მომავალში მინდა კერამიკის ქოთნები გავაკეთო, ჩემს პროფესიას დავუბრუნდე. სასწავლო წლის ბოლოს მე და ჩემმა უმცროსმა ვაჟმა, მამაჩემის რჩევით (მამა სახალხო ოსტატია), დავიწყეთ ხეზე კვეთის შესწავლა. სამომალოდ ყვლა ჩემი გეგმა ჩემს "გარდენიას" უკავშირდება.

მერი ბლიაძე

კომენტარები

* 2017-05-19 12:42
ლამაზია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები