როგორ შეგიძლიათ გაახაროთ ულამაზესი დეკორატიული კომბოსტო - ეზოს ნამდვილი მშვენება


თუ თქვენი აგარაკის გალამაზება გინდათ, დეკორატიული კომბოსტო საამისოდ ნამდვილად გამოგადგებათ. მისი მოყვანა და მოვლა იმდენად ადვილია, რომ დამწყებ მებაღესაც კი არ გაუჭირდება. ეს მცენარე აბსოლუტურად უპრეტენზიოა, სიცივე და ყინვა არ აშინებს. ის კი არა, დაბალი ტემპერატურა უხდება კიდეც.

დეკორატიული კომბოსტო ორწლიანი მცენარეა. მისი სიმაღლე 60-80 სმ-ს აღწევს. ჯიშის მიხედვით, ის შეიძლება იყოს როგორც ღია, ისე მუქი მწვანე და ასევე მოვარდისფრო. სრულყოფილ ზომას ეს მცენარე ზაფხულში აღწევს.

იგი შემდეგნაირად უნდა მოიყვანოთ: თესლს სათბურში მარტსა და აპრილში თესავენ. თესლები ერთმანეთისგან 5 სმ-ით
უნდა იყოს დაშორებული. საგულდაგულოდ უნდა აკონტროლოთ მცენარის სისუფთავე და მორწყვის ინტენსივობა. თესლის დათესვამდე გრუნტი კარგად უნდა მოირწყას. თავდაპირველად რეკომენდებულია თესლის 12-16 გრადუს ტემპერატურაზე გაჩერება. დათესვიდან 35-40 დღეში კი შესაძლებელია მცენარისთვის მუდმივი ადგილის მიჩენა. როგორც წესი, ეს მომენტი აპრილის დასასრულს ან მაისის დასაწყისში დგება ხოლმე.

დეკორატიული კომბოსტოს დათესვა პირდაპირ ღია გრუნტშიც არის შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს კულტურა ძალიან მალე იზრდება, მისი დათესვა რეკომენდებულია მაისის მეორე დეკადაში ან ივნისის დასაწყისში.



გაითვალისწინეთ, რომ დეკორატიულ კომბოსტოს ძალიან უყვარს სინათლე, თუმცა ზომიერ ჩრდილშიც კარგად ხარობს.

დათესვა ხდება ძირითადად 35X35 სქემით. გამოიყენება უნივერსალური სასუქი. უნდა დაითესოს მოღრუბლულ ამინდში ან დღის ბოლოს, როდესაც მზე უკვე ჩასულია.

დეკორატიულ კომბოსტოს სჭირდება რეგულარული მორწყვა. მინერალური სასუქის გამოყენება კი ხელს უწყობს მის ზრდას.

როგორ უნდა მოვიპოვოთ ამ მცენარის თესლი?

შემოდგომით მას ფესვიანად იღებენ მიწიდან. ძირიდან შუამდე აჭრიან ფოთლებს. დარჩენილ ზედა ნაწილს კი რგავენ ქვიშაში გაზაფხულამდე. სრული დამტვერვისთვის ეს მცენარეები ერთმანეთის გვერდით უნდა მოთავსდეს.



ეს კულტურა კარგად ხარობს სახლის პირობებშიც. იგი არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ალბათ გაინტერესებთ, საჭმელად ვარგისია თუ არა ამ კომბოსტოს ფოთლები. თქვენ წარმოიდგინეთ, კი. როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, უბრალო მოხარშული კარტოფილიც კი განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის, თუ ხარშვისას ქვაბში დეკორატიული კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლს ჩააგდებთ.

დეკორატიული კომბოსტოს სამშობლოდ იაპონია ითვლება. სწორედ აქ დააფასეს და შეაფასეს ეს კულტურა სათანადოდ. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მომწვანო, მონარინჯისფრო და ბორდოსფერი ჯიშები. შესაძლოა შეგხვდეთ კომბინირებული შეფერილობის დეკორატიული კომბოსტოც - როდესაც ფოთლის კიდეები და შუაგული სხვადასხვა ფერისაა. ამ მცენარის განსაკუთრებული უპირატესობა კი ის გახლავთ, რომ ყველაზე კარგ შეფერილობას +10 გრადუს ტემპერატურაზე აღწევს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები