როგორ გააშენა მარინა ვაშაძემ საოცნებო ბაღი

მარტყოფთან ახლოს ერთი ლამაზი წალკოტია გაშენებული, მისი მთავარი მებაღე კი ქალბატონი მარინა ვაშაძეა, რომელსაც შინის მკითხველი კარგად იცნობს - მისი რჩებევით. მცენარეების სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება. ბაღის არქონის გამო მაღალსართულიან კორპუსში სამასამდე ძირი ყვავილი გაახარა. მისი ოცნება იყო, დიდი ბაღი ჰქონოდა, ამიტომ ექვსი წლის წინ მარტყოფთან ახლოს აგარაკი შეიძინა და ფანტაზიას გასაქანი მისცა. დღეს ქალატონი მარინას სახლს საკუთარი ხელით შექმნილი ორიგინალური ქოთნები და სხვადასხვა სახის დეკორაცია ამშვენებს.

- თითოეული ადამიანი ბუნენის შვილია. ყველას უნდა უყვარდეს მცენარეები, ყვავილები. ზოგს სიყვარული მეტად აქვს
გამოხატული, ზოგს ნაკლებად. ყვავილების და ცხოველების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. დედას ძალიან უყვარდა ყვავილები. ბევრი იები გვქონდა სახლში. მეც ვუვლიდი, ვამრავლებდი. მიხაროდა იები მადლობის ნიშნად ბევრი ყვავილებით რომ გვასაჩუქრებდნენ. ალბათ აქედან დაიწყო ყველაფერი. ყვავილები ჩემი ცხოვრების მუდმივი მეგზურები გახდნენ. მთავარია გესმოდეს ყვავილების ენა...
- როცა საკუთარ ბაღში ყვავილების გაშენება დაიწყეთ ალბათ იმდენი გამოცდილება არ გქონდათ რაც დღეს გაქვთ. რა ეტაპები გაიარეთ, როგორ შეისწავლეთ თითოეული მცენარის მოვლა?

- ექვსი წლის წინ შევიძინეთ აგარაკი მარტყოფთან ახლოს. ჩემი ოცნება იყო საკუთარი ბაღი მქონოდა და დავიწყე ბაღის გაშენება, დაგეგმვა, თუ სად რა უნდა გამეკეთებინა, რა ყვავილი, თუ მცენარე უნდა გამეხარებინა. დღესაც ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. მცენარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგს, კლიმატურ პირობებს, რაც განაპირობებს მცენარის „კომფორტულად“ ყოფნას. ჩემს აგარაკზე ძირითადად ნეიტრალური ნიადაგია, უფრო თიხნარი. ვცდილობ გავამდიდრო, შევიტანო სასუქი, მინერალები. გაზაფხულზე ვაფხვიერებ ნაკელიანი მიწით, მაგრამ მჟავე ნიადაგის მოყვარულ მცენატეებს მაინც უჭირთ გახარება. აზალია, კამელია, ჰორტენზია, ოლეანდრა ვერ ხარობს ჩემთან, მაგრამ მომავალში ვაპირებ დიდ ქოთნებში სათანადო პირობები შევუქმნა. გარდა ამისა, საფუძვლიანად შევისწავლე ის მცენარეები, რომლებიც მოერგებოდნენ ჩვენს ნიადაგს. როცა ბაღის გაშენება დავიწყე, უკვე საკმარისი გამოცდილება მქონდა. გავლილი მქონდა ფლორისტიკის კურსები მოსკოვში. ამან განაპირობა ის, რომ თბილისში მე 11-ე სართულზე სამასამდე ქოთნის ყვავილი მყავს, ზოგი ეზოს ყვავილიც დიდ ქოთანში ხარობს.

- დღეს როგორია თქვენი ბაღი, რა მცენარეები ამშვენებს?
- როცა ყვავილი კმაყოფილია ის აუცილებლად გვაჯილდოვებს ღიმილით, რაც მის ყვავილობაში გამოიხატება. მთავარია ისწავლო მისი ხასიათი, მიაღწიო მის კმაყოფილებას. დღეს ჩემს ეზოში კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ბევრი გეგმები მაქვს და ნელ ნელა ვანხორციელებ ეტაპობრივად. მითუმეტეს, რომ საზღვარი არ გააჩნია მრავალფეროვნებას. რა ტიპის მცენარეები ჭარბობს ჩემთან? ამჟამად 30-მდე სახეობის ვარდი მაქვს. ათნაირი ჰიბისკუსი, კლემატისები. ერწლიანი მცენარეების მრავალფეროვნება განუსაზღვრელი რაოდენობით. ძალიან მიყვარს იპომეა, განსაკუთრენით სამეფო, ცისფერი. ჩემს ბაღში უხვად არის პეტუნიები, კოსმეა, ნიგელა, ცინეა, გოდეცია. გაზაფხულიდან ერთმანეთს ენაცვლებიან სხვადასხვა ფერები. დაახლოებით სამოცი დასახელების ყვავილი ხარობს ჩემს ბაღში.

- გამორჩეული მცენარე თუ გყავთ და რა მცენარეები ჭარბობს თქვენს ბაღში?
- ყველა ყვავილი ერთნაირად მიყვარს და ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. ასე ვერ გამოვყოფ, რომელი ყვავილი ჭარბობს ბაღში. ბევრი მაქვს, მაგრამ ბევრიც მაკლია. ვცდილობ ყოველ წელს უფრო მრავალფეროვანი იყოს ეზო, უფრო ახალი და სხვანაირი დიზაინით გამდიდრებული. გული მწყდება აზალიას, კამელიას, ჰორტენზიას და მისნაირებს ჩემთან, რომ არ მოსწონთ, მაგრამ სამაგიეროდ კარგად ყვავის მაგნოლია, ასტილბა, ციტისუსი, ლილეინიკები, ჰიბისკუსები, ვარდები, სუკულენტები.
ყვავილებისთვის აუცილებლად უნდა შეირჩეს ადგილი ბაღში. მზიანი ადგილი უყვართ ასტრებს, ნიგელას, იპომეას, ცინიას, გლიცინიას, ტეკომას, დეკორატიულ მზრსუმზირას და ა.შ. სუროები ნახევრად ჩრდილშიც კარგად გრძნობენ თავს. ასევე ქრიზანთემები, ლიხნისი, გეიჰარა, ჟასმინი, ლეატრისი, ჰოსტა, ფლოქსი. ჩრდილიანი ადგილი ძირითადად მარადმწვანე მცენარეებს მოსწონთ, იმ მცენარეებს, რომლებიც იშვიათად ყვავილობენ. დიდ ფოთლებიანი მცენარეებიც კარგად გრძნობენ თავს ჩრდილში. ზაფხულში ყვავილები უნდა მოირწყას ან დილით, ძალიან ადრე, ან მზის ჩასვლის შემდეგ. აქაც სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს, გააჩნია როგორი ამინდი იყო წინა დღეს. ბუნებრივი სასუქიც საჭიროა ყვავილებისთვის. მაგალითად, კლემატისებს ძალიან უყვართ თევზის ნარეცხი წყალი. სხვადასხვა ბოსტნეულის ნარეცხი წყალი თითქმის ყველა ყვავილს უხდება. კარგია აგრეთვე ხილის ნათლები მოვაგროვოთ და გავაჩეროთ ერთი კვირა წყალში, გადავწუროთ და დაუსხათ მოყვავილე ყვავილებს. ბუნებრივი სასუქები აძლიერებს მცენარეს, სიჯანსაღეს ჰმატებს მათ და ისინიც გვახარებენ.

- მცენარეების გარდა ხეხილიც გაქვთ?
- კი, რა თქმა უნდა. როცა აგარაკი შევიძინეთ, ეზო ხეხილიანი იყო, ჩვენც დავამატეთ ახალი ნერგები. მრავლადაა ეზოში ვაშლი, ატამი, მსხალი, კაკალი, ალუჩა, ქლიავი, ლეღვი თუთა, ალუბალი, ბროწეული, ვაზიც ჩავყარეთ, ალადასტური, ადესა.

- დღის განმავლობაში რა დროს უთმობთ მათ მოვლას?
- ჩემთვის ეს არის ყველაზე საყვარელი და სასიამოვნო პროცესი. საერთოდ დილით ადრე მიყვარს ადგომა, გათენებისთანავე. ტოროლა ვარ ბუნებით. როცა აგარაკზე ვარ, პირველი რასაც ვაკეთებ ყველა ყვავილს ჩამოვუვლი, მოვეფერები, გავესაუბრები. ადამიანის ბიოველი დადებითად მოქმედებს ყვავილებზე, განსაკუთრებით ოთახის ყვავილებზე. ცხადია, რომ მიტოვებული ყვავილები იწყენენ მომვლელის გარეშე. ყველა ყვავილის ახალი ფოთოლი, კვირტი, ყვავილი ვიცი (ეს უკვე მანიაა). როცა ახალი კვირტი იშლება და იბადება, ეს ხომ საოცრებაა, ღვთის სასწაული. შემდეგ ვრწყავ მზემ, რომ არ მომისწროს. საქმეს რა გამოლევს ბაღში, საიდანაც დიდი შრომის მიუხედავად ბევრი დადებითი ემოცია მოდის. საკუთარი ხელით შექმნილი, ხელნაკეთი კალათები თუ გნომების სახლები, მოხატული ქოთნები ერთგვარად ალამაზებს ბაღს. ვცდილობ მათთვის ახალი დიზაინი გამოვიგონო. ფანტაზია დაუშრეტელია, მთავარია მონდომება. სახლში თითქმის არ შევდივარ, მთელი დღე სადღაც, რაღაცას ვფუსფუსებ, რა თქმა უნდა თუ ძალიან არ ცხელა.

- ყველაზე უცნაური ყვავილი რაც ცხოვრებაში შეგხვედრიათ...
- მინახავს უცნაური ყვავილები უცხოეთში ყოფნის დროს. ორქიდეები, რომლებიც იცინიან, სახელი სამწუხაროდ, არ მახსოვს. საკმაოდ სოლიდური თანხაც ღირდა. კიდევ გამაოცა ჰონგ-კონგში ყოფნის დროს მთელი ქალაქი, სკვერები, ბაღები მორთულია შობის ვარსკვლავით. ზამთარ ზაფხულ სულ ყვავიან. წითელი, ყვითელი, თეთრი პუანსეტიით ულამაზესი დეკორაციებია შექმნილი. იქ ხომ ზამთარში ტემპერატურა 26 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის. ალპურ ზონაშიც მინახია საოცარი რამ, თეთრ თოვლზე შავი ტიტები... სიტყვები არ მყოფნის გადმოგცეთ.


ასევე იხილეთ მარინა ვაშაძის რჩევები დამწყები მებაღეებისთვისროგორ მივხვდეთ, რა აკლია მცენარეს და რით ვუშველოთ? - ფლორისტის რჩევები



- "ყვავილნარის" აქტიური წევრი ხართ. რა მოგცათ ამ ჯგუფმა?
- "ყვავილნარი", ეს არის ჯგუფი, სადაც მე ხელმეორედ დავიბადე. ეს არ არის ყვავილების მოყვარულთა ჯგუფი, ეს არის უკვე პროფესიონალთა ჯგუფი, სადაც, როგორც საკუთარ ოჯახში, ისე ვგრძნობ თავს. როცა ქალბატონმა ირინა ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში შექმნა ჯგუფი ყვავილნარი 5 წლის წინ, მსგავსი ქართული ყვავილების მოყვარულთა ჯგუფები არ არსებობდა. ყვავილნარი იყო პირველი ყვავილების მოყვარულთა ჯგუფი სოციალურ ქსელში. მეოთხე წელია რაც ამ ჯგუფის საკმაოდ აქტიური წევრი ვარ. გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი. დავმეგობრდით ოჯახებით. ამ ჯგუფმა ბევრი რამ მასწავლა. მუდამ მზად ვართ, რა თქმა უნდა ჩემი ჩათვლით, დახმარება გაუწიოთ ყველას, ვის ყვავილსაც ეს სჭირდება. ჯგუფში ხდება აგრეთვე ყვავილების გაცვლა- გამოცვლა, ერთმანეთის გახარება ხომ რაღაც ჩვეულ რიტუალად იქცა. სხვადასხვა თემებზე ვატარებთ სხვადასხვა ფოტო კონკურსებს. გვაქვს დისკუსიები, გამოცდილებების გაზიარება, რჩევების მიცემა ერთმანეთისთვის. ქალბატონ ირინას სხვადასხვა რჩევებთან ერთად პირადად შევქმენი 2016 წლიდან რჩევების ალბომი, სადაც განხილულია უამრავი ყვავილის მოვლის პირობები, ზრდის, გახარების პროცესები. ბევრი სხვა საკითხებიც, რაც გვაინტერესებს. ყვავილნარმა ბევრი ყვავილნარელი ასე ვთქვათ დააფრთიანა. ზოგიერთმა საკუთარი ბიზნესიც კი ააწყო. გაჩნდა ბევრი ახალი ჯგუფი ყვავილების მოვლის შესახებ, რაც რა თქმა უნდა დაეხმარება ყვავილების მოყვარულებს ცოდნის გაღრმავებაში. რომ იცოდეთ რამდენმა ყვავილნარელმა გამახარა ნერგის, თუ ჩითილის, ზრდასრული ყვავილის ჩუქებით. მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ირინას ასეთი თბილი, კეთილი, სიყვარულით სავსე ჯგუფისთვის.

- რას ურჩევთ დამწყებ მებაღეებს? რა უნარებია საჭირო, რომ ადამიანმა ლამაზი ბაღი გააშენოს?
- დამწყებ მებაღეებს ბევრ რამეს ვურჩევდი, ვეცდებით ყვავილნარში ყველა კითხვაზე გიპასუხოთ. ისე ადამიანში პირველი იბადება სურვილი. თუ სურვილი არსებობს, თანაც ძლიერი ის აუცილებლად განხორციელდება. დამწყებებს ასევე ვურჩევდი, რომ გამოიმუშაონ მოთმინება, და კვლავ მოთმინება. გქონდეთ ლამაზი ბაღი, მხოლოდ დიდი მოთმინების ფონზეა შესაძლებელი. უამრავჯერ ექსპერიმენტის, გულის გაცრუების ფონზე, რომ საწადელს მიაღწევ აი ეს არის სრული იდილია. როცა ყვავილების ენა გესმის დარწმუნებული იყავით, რომ მათაც ესმით შენი.
მერი ბლიაძე

კომენტარები

თეო 2023-02-24 18:18
გამარჯობა , მებაღეობის შესწავლა სად შეიძლება ხომ არ იცით ?
ნაირა ჭულუხაძე 2017-08-11 10:20
ძალიან მიხარია რომ ამ უმშვენიერესი ქალბატონები მეგობარი ვარ თუნდაც ვირტუალურად. მიხარია მარინას ასეთი აღიარება. ნამდვილად იმსახურებს. კიდევ ერთხელ მადლობა ქნ ირინა ამ სიკეთისათვის. მიყვარხართ ყველა.
ლიკა ფარცვანია 2017-08-10 23:30
ჩემთვის ეს ჯგუფი ყვავილნარი მეორე ოჯახია.საუკეთესო ადამიანები გავიცანი.მიხარია მარინა რომ ჩემი მეგობარია. ქალბატონი ირინა ძალიან თბილი ადამიანია და იდეალური ადმინი.ეს ქალბატონები და ბევრი აქტიური წევრი ყვავილივით ლამაზია და სულიერად მშვენიერი.
დოდო 2017-08-08 21:10
მარინა არის ნიჭიერების, სიყვარულის,სიკეთის და სილამაზის ნაზავი . ჩვენი ,,ყვავილნარის'' სიამაყე. მიყვარხარ და მინდა გისურვო ასეთი ხალისი და შემართება, სიცოცხლის გზაზე < 3

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები