როგორ დავიცვათ მომავალი წლის მოსავალი ფაროსანასგან - რეკომენდაციები მათთვის, ვისაც მეურნეობა აქვს

ამ წელს აზიურმა ფაროსანამ ძალიან ბევრ მეურნეს მიაყენა დიდი ზიანი. ამიტომ აუცილებელია, სანამ გამოზაფხულდება, ახლავე დავიწყოთ ბრძოლა ამ მწერის გასანადგურებლად და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიაც გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, თუ თითოეული მეურნე გაითვალისწინებს ამ საფრთხეს და თავადაც შეიტანს წვლილს ამ მავნებლის განადგურებაში.
აზიური ფაროსანა გაზაფხულზე აქტიურდება - აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან მცენარეზე სახლდება და მავნეობას გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით. ხორთუმის მეშვეობით ხვრეტს ახალშემოსული თხილის ნაჭუჭს, ათხელებს ნაყოფის შიგთავსს და წარმოქმნის კორპისებრ ლპობად
ლაქებს. მის მიერ დაზიანებული ხეხილის ნაყოფი დეფორმირდება, დაზიანების ადგილებში ვითარდება ყავისფერი ლაქები და ხილი საკვებად გამოუსადეგარი ხდება.
მას მერე, რაც ამ მავნებლობას დაასრულებს, ფაროსანა გამოსაზამთრებლად იწყებს ზრუნვას და შედის საცხოვრებელ სახლებში, ფარეხებში, ცხოველთა სადგომებში, ფარდულებში; ძვრება ნაპრალებში, სხვენზე, კარისა და ფანჯრის ღრიჭოებში, ასევე, ბაღებსა და ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების სქელი ფენის ქვეშ და ხეების ფუღუროებში. სწორედ ამ დროს არის საჭირო მასთან ეფექტური ბრძოლა, რომ არ გამრავლდეს და მომავალი გაზაფხულიდან მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი მოსავალი. ამიტომ აუცილებლად შემოდგომიდანვე უნდა შეუდგეთ ბრძოლას.

ბრძოლა ბაღებსა და თხილნარებში
ყურადღებით დაათვალიერეთ თხილნარი და სხვა მცენარეები! აღმოჩენის შემთხვევაში ფაროსანას კვერცხდების კერები მექანიკურად გაანადგურეთ! გვიანი შემოდგომის პერიოდში თხილის ბაღები დაზიანებული ტოტებისგან უნდა გათავისუფლდეს და სპეციალური პრეპარატით შეიწამლოს.

ქიმიური პრეპარატების შესხურება უნდა ჩატარდეს მათი გამოყენების წესების და ლოდინის პერიოდის მკაცრი დაცვით.

მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენება საქართველოში რეგისტრირებული სინთეზური პირეტროიდებისა და ნეონიკოტინოიდების ჯგუფის ინსექტიციდები. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მიხედვით და ამერიკელი მეცნიერების გამოცდილებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომელთაგანაც საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომია: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და კურა-კურა. პრეპარატების ხარჯვის ნორმაა 0.6-1ლ/ ჰექტარზე.
მნიშვნელოვანია რომ ხეხილისა და თხილის ბაღებში მაისიდან დაიწყოს ინტენსიური დაკვირვება მასპინძელ მცენარეებზე.

ფიტოსანიტარული ღონისძიებები გატარდეს - მცენარის გასხვლა, დაზიანებული კვირტებისგან გათავისუფლება მოხდეს. აღსანიშნავია, რომ სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებსაც შეუძლია თხილის გულის დაზიანება. ორივე დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება ერთი და იგივე, ამ შემთხვევაში სპილენძის შემცველი პრეპარატი.

დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს: ცხელი ხაზი 1501

ცნობისათვის, აზიური ფაროსანა (Halyomorpha Halys) საქართველოში პირველად 2015 წელს დაფიქსირდა. მავნებელმა 2016 წელს თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია და გარკვეულწილად სიმინდიც დააზიანა. გარდა ამ კულტურებისა, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს, განსაკუთრებით ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას და მზესუმზირას. მავნებლის ძლიერი გავრცელების დროს მოსავლის დანაკარგებმა შესაძლოა 70%-ს მიაღწიოს.

სტატია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს "საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის" (G-HIP) მხარდაჭერით

კომენტარის დამატება