ბაღი წალენჯიხაში და მისი შემქმნელის დიდი ოცნებები

ეკატერინე შეროზია პროფესიით არქიტექტორია. მისი თითქმის ყველა პროექტი გამწვანებას, მცენარეებს და ყვავილებს უკავშირდება. აქვს საოცნებო პროექტი, რომელიც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ შედგა, რადგან ეს ყოველივე დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ოცნების განხორციელებას საკუთარ ეზოში შეუდგა და ულამაზესი ბაღი გააშენა. თუმცა დაბრკოლებების მიუხედავად ოცნებაზე უარი არ უთქვამს - სურს გააშენოს ულამაზესი ბაღი, სადაც თავისუფლად ისეირნებენ უპატრონო ცხოველები, აქვე იქნება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი, რომლებიც თვითონ მოუვლიან ბაღში არსებულ ყვავილებს და ცხოველებს. ბაღში აშენდება მოხუცთა თავშესაფარი, რომლებსაც ექნებათ საშუალება დატკბნენ ბაღის სილამაზით და შეიქმნან მშვიდი, სასიამოვნო
გარემო.

- პროფესიით არქიტექტორი ვარ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი ჩემს რაიონში, წალენჯიხაში, სადაც ათი წელი ვმუშაობდი მთავარ არქიტექტორად. ეს პერიოდი დაემთხვა ძალიან რთულ დროს (უშუქობა, ეკონომიკური სიდუხჭირე). ჩემი ოცნება, არქიტექტურული კონკურსების შედეგად უფრო ლამაზი ქალაქის მშენებლობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ შედგა, რადგანაც ეს ყოველივე დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. წალენჯიხაში მუშაობის პერიოდში ნელ-ნელა გავაშენე ეს ბაღი. აქ მაინც ნაწილობრივ ავიხდინე ჩემი ოცნება, რადგანაც მშენებლობისგან განსხვავებით ჩემთვის ბაღის გაშენება არანაირ თანხასთან არ იყო დაკავშირებული. ამჟამად არ ვცხოვრობ ჩემს ქალაქში. ძირითადად ვმუშაობ თბილისში არქიტექტორად და ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ასევე მიტაცებს ხატვა, ამჟამად ხატწერას ვსწავლობ.

- ყვავილების სიყვარული როგორ გაჩნდა და რამ განაპირობა ეს სიყვარული?
- სამეგრელოში დავიბადე და რაც თავი მახსოვს, ბაღის და ეზოს მოვლა აქ უპირველესი იყო. ეზო და მინდორი ყოველთვის დალაგებული უნდა იყოს, ზედმეტი ფოთოლიც არ უნდა ჩანდეს ბაღში. ამას ბავშობიდანვე მიგვაჩვიეს. ყვავილები პატარაობიდანვე მიყვარდა, ყოჩივარდების დასაკრეფად რომ მივდიოდით ბავშვები, მე ბოლქვიანად მომქონდა ყოჩივარდა, ფურუსულა, ენძელა, ხარისთვალა, რომელებიც ახლაც მაქვს ჩემს ბაღში. ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის იყო ორი დიდი პალმა, მამაჩემის დარგული, რომელიც თითქმის სამოცდაათი წლისაა. მამა პროფესიით ინჟინერ-მშენებელი იყო და ეზოს განლაგება, მისასვლელი ბილიკები, საცხოვრებელი სახლი მისი დაგეგმარებულია. მახსოვს, საკმაოდ მაშტაბური გაზონი როგორ დააგეს. ასევე ბავშვობიდან მახსოვს სურნელოვანი დიდი ვარდის ხე, ყვავილოვანი ხე მცენარეები, ტიტები.

- რა მცენარეები გაქვთ შერჩეული ბაღისთვის და რის მიხედვით შეარჩიეთ ეს მცენარეები?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემი ბაღის ცენტრალურ ნაწილს ორი დიდი პალმა ამშვენებდა. დედა და მამა სოხუმში სწავლობდნენ და მათში აფხაზეთის ასოციაციას იწვევდა პალმები. ამან მიკარნახა, რომ პალმებს აგავები მოუხდებოდა, ამ მონაკვეთში მხოლოდ თეთრი ვარდები ჩავრთე. ბილიკის მეორე მხარეს სხვადასხვაფერი ვარდებია. აქვეა ხვიარა ვარდებით დაფარული საჩრდილობელი. ღობემ მოითხოვა, რომ იგი ჭრელი სუროთი და ვარდებით დამეფარა. ასევე მაქვს კამელია, აზალია, ჰორტენზია, ზამბახი, გვირილა, ტიტა, კალა, სუმბული, იუკი, დრაცენა. ვცდილობ ჩემი ბაღი ყველა სეზონში ლამაზი იყოს.

- თითოეულ ყვავილს განსხვავებული მოვლა სჭირდება. ყვავილების მოვლა როგორ ისწავლეთ?
- სანამ ინტერნეტი არ იყო, მებაღეობაზე ჟურნალებს ვიწერდი, ნაცნობებს, მეგობრებს,ვინც ერკვეოდა ყვავილების მოვლაში, ვეკითხებოდი რჩევებს. თითოეული ვარდი ჩემი გაზრდილია. მთავარია, პატარა ტოტი მქონდეს, ვცდილობ გავახარო. ოთახის ყვავილებსაც პატარა ნერგიდან და ფოთლებიდან ვახარებ. ამჟამად გაწევრიანებული ვარ სოციალურ ქსელის ჯგუფში „კონსოლიდა“, სადაც ერთმანეთს რჩევებს ვუზიარებთ. „კონსოლიდას“ დამაარსებლის ქალბატონ ლელა ებრალიძის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, გავაგზავნე ჩემი ბაღის სურათები ნომინაციაში „ჩემს ბაღში გაზაფხულია“, სადაც ავიღე პირველი ადგილი. ჩემი ბაღის „ცნობადობა“ ამ კონკურსიდან წამოვიდა, მანამდე ჩემი ეზო მხოლოდ ნაცნობებმა იცოდნენ. ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. ჩემი სამუშაოდან გამომდინარე ჩემი შვილი სკოლაში აქ შევიყვანეთ, ამიტომ სამწუხაროდ მოშორებული ვარ ჩემს ბაღს. ბაღს ახლა დედაჩემი უვლის. 

- როგორც აღნიშნეთ, ქოთნის ყვავილებიც გაქვთ. რამდენი ქოთანი ყვავილი „ცხოვრობს“ თქვენს სახლში?
- რა თქმა უნდა, ქოთნის ყვავილებს გვერდს ვერ ავუვლი, ძალიან ბევრი მაქვს, დაახლოებით ას ქოთნამდე, უფრო მეტად იებია პატარა ქოთნებში. ვერ ვიმეტებ შემთხვევით მოტეხილ ფოთოლს გადასაგდებად, ვამრავლებ და შემდეგ ვჩუქნი ისეთ ადამიანებს, ვისთვისაც ყვავილს ბედნიერება მოაქვს. ძალიან ბევრი ქოთნის ია მაქვს გაჩუქებული. ეს იები ძირითადად თბილისში, ბინაში „ცხოვრობენ“, აქვე მაქვს დიდი გვიმრა, ჩინური ვარდის ხე, წალენჯიხაში უზარმაზარი ალოე, მონსტერა, დიდი კაქტუსები, ციპირუსები და ბევრი სხვა ქოთნის მცენარე, რომლებიც თითქმის ოცდახუთი წლის არიან. ბაღს და ყვავილებს მიჩვეულს თბილისში უყვავილოდ რა გამაჩერებს. აივანზეც და ოთახშიც მაქვს უამრავი ყვავილი, მეგობრები პატარა ტოტს მჩუქნიან და მე ვახარებ, ვეღარ ვეტევით პატარა ოთახში. გამოსავალს ვეძებ.ამჟამად მომზადებული მაქვს პროექტი მერიაში წარსადგენად, მრავალბინიანი კორპუსის ეგრეთ წოდებული „მწვანე სახურავით“ გადახურვაზე. ბრტყელი გადახურვა იქნება გამწვანებული გაზონებით, მარადმწვანე ნარგავებით და სხვადასხვა ჯიშის ყვავილებით. ჩემი აზრით, თბილისში არცერთი კორპუსი არ უნდა პროექტდებოდეს „მწვანე სახურავის“ გარეშე, რაც ევროპის ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა. 

- არის ეს თქვენი საოცნებო ბაღი, თუ კიდევ რამე გრანდიოზულზე ოცნებობთ?
- ჩემი სახლის ბაღი, რა თქმა უნდა, არ არის ჩემი საოცნებო ბაღი და იმედია, ოცნება ოცნებად არ დამრჩება. ვოცნებობ გრანდიოზულ ბაღზე, რომელიც დიდ ტერიტორიაზე იქნება გაშენებული. ბაღში მინდა იყოს მრავალფეროვნება. ინგლისური, იაპონური, თავისუფალი სტილის და ასევე ჩემი გემოვნებით შექმნილი ბაღები, სადაც თავისუფლად ისეირნებენ უპატრონო ცხოველები და არ იქნებიან გალიებში გამოკეტილები. აქვე იქნება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარი, რომლებიც თვითონ მოუვლიან ყვავილებს და ცხოველებს. ასევე აქვე იქნება მოხუცთა თავშესაფარი, სადაც თავს ყველა ბედნიერად იგრძნობს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები