ყვავილების მოყვარული ქალბატონის ულამაზესი ბაღი ზესტაფონში

ზესტაფონის რაიონში ერთი სანდომიანი ქალბატონი ცხოვრობს, სპეციალობით დეკორატორი - მანანა კობახიძე. დილიდან საღამომდე ფუტკარივით შრომობს და შვილებივით ნაფერებ ყვავილებს თავზე დაჰკანკალებს. ბაღი, რომელიც ქალბატონმა მანანამ წლების წინ გააშენა, ფეროს ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. ბაღის დიასახლისი გულთბილად მასპინძლობს ზესტაფონელებს, ახალდაქორწინებულ წყვილებს, ან უბრალოდ გამვლელებს. მისი ბაღი გულგრილს არავის სტოვებს და თუ ერთხელ ესტუმრებით, დამერწმუნეთ აუცილებლად დაბრუნდებით უკან.

- ყვავილების სიყვარული ბავშვობიდან გამომყვა. დედას ძალიან უყვარდა და მეც შემაყვარა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა, ყოველთვის ნახულობდა დროს, რომ ყვავილებისთვის მოევლო, მიეხედა. სამი დედმამიშვილი
ვართ. სულ ვეხმარებოდით დედას, მაგრამ ძირითად საქმეს მაინც ის აკეთებდა. გვქონდა როგორც ეზოს, ასევე ქოთნის უამრავი ყვავილი.
ალბათ მცენარეების და ყვავილების მოყვარული ადამიანი ცუდი ვერასოდეს იქნება. თუ ადამიანს ყვავილი უყვარს, სხვა ადამიანს როგორ ვერ შეიყვარებს? როგორ ავნებს სულიერს? ბოროტი ადამიანი ყვავილს ვერ შეიყვარებს და ვერ მოეფერება. რაც არ უნდა პრობლემები გქონდეს, ყვავილებს გამოყავხარ მდგომარეობიდან, გეხმარება სირთულეების დაძლევაში. ჩემს ცხოვრებაშიც იყო პრობლემები, სირთულეები, მაგრამ ჩემი საქმე, ყვავილების მოვლა ყოველთვის მეხმარებოდა განტვირთვაში და მაძლევდა ძალას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაღი ჩემს ეზოში არ მაქვს გაშენებული მაინც ძალიან მიყვარს და ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ბაღი მდებარეობს ზესტაფონში, ფეროს ქარხნის სამმართველოს ტერიტორიაზე. თავდაპირველად, როცა ამ ბაღის აღორძინება დავიწყეთ, სამნი ვიყავით. ეს ყველაფერი 2002 წლიდან დაიწყო. მანამდე ეზო ეკალბარდებით იყო დაფარული. რამდენიმე წლის განმავლობაში სამივე ერთად ვუვლიდით, თუმცა უკვე ათი წელია მარტო დავრჩი და თითქმის ყველაფერი შევცვალე. იქ არის ერთობლივად გაკეთებული რაღაცები, მაგრამ ამ ათი წლის განმავლობაში ბევრი რამე შევცვალე. ამ ეტაპზე მყავს მხოლოდ ერთი დამხმარე მუშა.

- რთული არ იყო ამხელა ბაღის გაშენება, ამდენი ყვავილის შეგროვება?
- თითზე ჩამოსათვლელია მცენარეები, რომელიც ნაყიდია. ეზოში ერთი დიდი აგავაა, ჩვენს მოსვლამდე უყიდიათ. მე ვშოულობდი თესლებს, ნერგებს და თავად ვახარებდი, ვამრავლებდი. რასაც ჰქვია ვმათხოვრობდით მცენარეებს და ასე გავაშენეთ ეს ბაღი. ზოგჯერ გვჩუქნიდნენ. მერე მარტო რომ დავრჩი, ვაკალმებდი, თესლს ვიღებდი. შემდეგ დირექტორი შეგვიცვალეს. ახალი დირექტორი დაინტერესებული იყო გამწვანებით. მისი დირექტორობის პერიოდში მოხდა რაღაც ნერგების შეძენა. თუმცა 80 პროცენტი არის ჩემი დაკალმებული და გახარებული.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა მცენარეები გაქვთ ამ ბაღში?
- ბევრი მაქვს ემონიუსი, ქართულად ჭანჭყატები ქვია. მაქვს აგავები, ტუიები, კედრები, კვიპარისები. ძალიან ბევრი სახეობის ვარდი მაქვს, ყველა ჩემი დაკალმებული და გახარებულია. მაქვს დეკორატიული კოწახური, ტირიფები, იუდას ხე, რომელსაც არღავანი ქვია და ულამაზესია. იუდას ხე მითიური სახელწოდებაა და ძალიან კარგად მახსოვს ლექტორისგან ახსნილი, თუ რატომ დაერქვა ეს სახელი. სწორედ ამ ხის ძირში იუდამ გაყიდა მაცხოვარი. ხეს შერცხვა და გაწითლდა. ამიტომ დაარქვეს მას იუდას ხე. მაქვს ასევე ლეიგელები. სხვა ძალიან ბევრი მცენარე მაქვს, მაგრამ საწუხაროდ ახლა ყველა არ მახსენდება.

- ზესტაფონელებს მოსწონთ ეს ბაღი? დასათვალიერებლად თუ გსტუმრობენ?
- კი, მოდიან. ტირიფების ქვეშ სკამები გვაქვს და იქ ისვენებენ ხოლმე. აქვე გვერდით გვაქვს წმინდა ნინოს ეკლესია. ჯვრისწერის შემდეგ მოდიან წყვილები, ფოტოებს იღებენ. ზესტაფონში მგონი ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლია წყნარად, ლამაზ გარემოში დაისვენო. რა თქმა უნდა უკეთესიც შეიძლება, მაგრამ მე რაც შემეძლო ის შევქმენი.

- ზესტაფონში ბევრი თანამოაზრე გყავთ? ბევრი ადამიანია გატაცებული ყვავილებით?
- დიდად არა, თუმცა ამ ბოლოს უფრო ცდილობს ხალხი. საშუალებაზე და სახსრებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ბაღის გაშენება არც ისე იაფი ჯდება. შესაძლოა ბევრს ქონდეს სურვილი, მაგრამ საშუალება არ უწყობდეს ხელს.
მინდა საქართველოში ყველას ჰქონდეს საშუალება, რომ საკუთარ ეზოში პატარა, ლამაზი ყვავილნარი მოიწყოს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები