გლიცინიებისა და ბამბუკების ხეივანი საოცარ ბაღში, რომელიც ექიმმა ქალბატონმა გააშენა

თინა ბედენაშვილი პროფესიით ექიმია. 30 წელი სამედიცინო სფეროში მოღვაწეობდა. 17-18 წლის წინ ქალაქგარეთ კერძო სახლი ააშენა და ეზოში ლამაზი ბაღის გაშენება გადაწყვიტა. დღეს მთლიანად ამ ბაღის მოვლით და გალამაზებით არის დაკავებული. ბაღი, რომელიც ქალბატონმა თინამ მეუღლის დახმარებით გააშენა, გულგრილს არავის ტოვებს. ყოველ შაბათ-კვირას მათ ოჯახში სტუმრების ჟრიამული ისმის.

- ჩემი ოჯახი არის პირველი, რომელიც ამ ტერიტორიაზე დასახლდა. მაშინ შესაძლოა ერთი-ორი სახლის მშენებლობა იყო დაწყებული, მაგრამ აქ არავინ არ ცხოვრობდა. ჩემს გარშემო არც სახლები იყო და არც შემოღობილი ეზოები. ღამე ტურების
კივილიც კი ისმოდა. მეც და ჩემი მეუღლეც ექიმები ვართ. მას მუშაობის 15 წლიანი სტაჟი აქვს, მე 30. ახლა უკვე არცერთი აღარ ვმუშაობთ ჩვენი პროფესიით.


მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვინდოდა კერძო სახლი გვქონოდა, სადაც გავაშენებდით ბაღს. გული ყოველთვის ქალაქგარეთ მიგვიწევდა. მაშინ, როცა ჩვენ გადმოვედით, ამ ტერიტორიაზე არავის არ უნდოდა ცხოვრება. მიწა მიზერულ თანხად ვიყიდეთ. აქ დაგვხვდა ეკალბარდები და სარეველები.

- ალბათ საკმაოდ რთული იყო მათი მოსპობა.
- რა თქმა უნდა. სამი წელი მუდმივად ვასუფთავებდით სარეველებისგან. ახლა უკვე ნაკლებად ამოდის სარეველები. რა თქმა უნდა ეს ბუჩქები ამოვძირკვეთ და ეზოში სხვა მიწა შემოვიტანეთ. ამ ეზოსთვის გაზრდილი მცენარეები არასოდეს მიყიდია. პაწაწუნებს ვყიდულობდი და ყველა საკუთარი ხელით გავზარდე. ძალიან მომწონს და მსიამოვნებს ჩემს თვალწინ, რომ იზრდება მცენარე.
ჩვენს მეგობრებს ყველას ვთხოვდით აქ ეყიდათ მიწა, აეშენებინათ სხლი, მაგრამ არავინ არ ისურვა. ყველა ეჭვის თვალით გვიყურებდა, მაგრამ შედეგს ხედავთ. დღეს ძალია უყვართ აქ მოსვლა.

- როცა ამ ყველაფერს მოკიდეთ ხელი, იცოდით ბაღის გაშენების სპეციფიკა?
- ეს იყო 17-18 წლის წინ. მაშინ არ იყო ისეთი სიტუაცია, როგორიც დღეს არის. არ იყვნენ დიზაინერები, არ იყო ამდენი ინფორმაცია მცენარეების დარგვის, გამრავლების შესახებ. ალბათ ეს ყველაფერი რომ ყოფილიყო, უფრო კარგად გავაკეთებდი ჩემს ბაღს. რაღაცნაირად ქაოსურად გავაკეთე ყველაფერი. დღეს ვთვლი, რომ კარგად ვერ გავაკეთე, რადგან ყველაფერს უნდა ცოდნა. ეხლა ვხვდები რა შეცდომები დავუშვი. ეს გამოცდილება და ცოდნა, რომ მქონოდა სულ სხვანაირად გავაკეთებდი. არის მცენარეები, რომელთა ერთმანეთის გვერდით ჩარგვა არ შეიძლება, რადგან ერთად ვერ ხარობს და ვერ იკვებება კარგად. არის მცენარე, რომელსაც ჩრდილში ყოფნა არ უყვარს, ან პირიქით პირდაპირი მზე არ მოსწონს. ეს ყველაფერი არ ვიცოდი.

- სარეველას როგორ ებრძვით?
- ახლა უკვე ხელით. საწამლავს ვერ შევიტან, რადგან ყვავილებიც მოიწამლება. ეზოში 20-25 დასახელების ხილიც არის და თუ საწამლავი მოხვდა რა აზრი აქვს? მაშინ ბაზარშიც შეიძლება ყიდვა. ვწამლავ მხოლოდ შაბიაბნით. თუმცა ძირითადად მაინც ხელით ვებრძვი, რომ არ იყოს სარეველა, ჭიები, მავნებლები და ა.შ.

- პირველი, რამაც თქვენს ეზოში ჩემი ყურადღება მიიქცია, არის გლიცინიას ულამაზესი ხეივანი. რამდენი წლის წინ დარგეთ ეს მცენარე?
- როცა ჩავრგე მისი ნერგი იყო დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიგრძის, რომელიც ჩამომიტანეს 7-8 წლის წინ იმერეთიდან. ეს მცენარე ძალიან აქტიურად იზრდება და ულამაზესია.

- პირველი ყვავილი რამდენი ხნის შემდეგ მოგცათ?
- ნერგი მესამე წელს იძლევა ყვავილს, ხოლო თესლიდან გახარებული მეხუთე წელს. ახლაც აქვს თესლები, რომელიც სკდება და ცვივა ქვემოთ. იმათ თუ ჩათესავ, ყველა თესლიდან ამოვა ნერგი, მაგრამ ყვავილს იძლევა მეხუთე წელს.

- საკმაოდ ბევრი ბამბუკი გაქვთ. ბამბუკი როგორ გაახარეთ?
- თავიდან ყველაფერს ქაოსურად ვრგავდი. რაიმე მცენარე შემხვდებოდა, მომეწონებოდა, ვიყიდდი და ჩავრგავდი. ბამბუკიც ძალიან აქტიურად იზრდება. ძალიან ბევრი ამონაყარი აქვს ძირიდან და სწრაფად იზრდება. შესაძლებელია ბამბუკი ერთ ღამეში ერთი მეტრი გაიზარდოს.

- რა განაპირობებს ასეთ სწრაფ ზრდას?
- ბამბუკს ძალიან უყვარს წყალი და მზე. თუ ორივე კომპონენტი აქვს, ის ძალიან სწრაფად იზრდება.
ბევრი მარადმწვანე მცენარეა ჩემს ეზოში. ამიტომ ზამთარში სულ მწვანეა ეზო. ძალიან მიყვარს სუროები. მინდა ყველა კედელი დავფარო სუროებით. თუმცა ჯერ ვერ მოვახერხე.

- ხშირად საუბრობენ სუროებთან დაკავშირებით, რომ ქვეწარმავლებს უყვართ იქ დაბინავება. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ეს მცდარი მოსაზრებაა, ასე ნამდვილად არ არის. ქვეწარმავლები ჩვენს ქალაქში ყველგან არიან. იყო შემთხვევები კორპუსებშიც კი ნახეს. მითუმეტეს აქ, არის რამდენიმე ადგილი, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ და ბალახია გაზრდილი. იქ რა თქმა უნდა იქნებიან. მაგრამ სადაც ადამიანი ცხოვრობს, ასეთ ადგილებს ერიდებიან და არ მოდიან. ამდენი წელია აქ ვცხოვრობ, მაგრამ არასოდეს შემხვედრია. მთელი დღე ეზოში ვფუსფუსებ, ყველა კუთხეს ვასუფთავებ, არ ვაჩერებ სარეველას, ასეთი ტერიტორიები დიდად არ უყვართ.

- ალბათ არ იყო მარტივი თქვენი ბაღი ამ დონემდე მოგეყვანათ...
- ეს ძალიან დიდი, მაგრამ სასიამოვნო შრომაა. თუ ძალიან არ გიყვარს მიწასთან მუშაობა, არაფერი გამოგივა. ჩემი დილა ექვს საათზე იწყება. დილით ჩიტების ჭიჭკიჭი მაღვიძებს, გამოვდივარ და ვიწყებ ეზოში მუშაობას. მე იმაზე მეტს ვიღებ ჩემი ბაღიდან, ვიდრე გავცემ.



მერი ბლიაძე

კომენტარები

თინა 2018-04-28 15:09
ფორზიცია
მედეა ასათიანი 2018-04-26 20:03
ულამაზესია!!! ყვითელ ფოთლიანი რა მცენარეა?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები