მინიმალური დანახარჯით, მაგრამ დიდი სიყვარულით და შრომით შექმნილი ბაღი - ქართველი გოგონას ნოსტალგიის მიზეზი

ლიკა მამაგეიშვილი ახლა ავსტრიაში ცხოვრობს. საქართველოში შვილივით მოვლილი, ნაფერები ბაღი დატოვა, რომელიც საკუთარი იდეით, ძალისხმევით მოაწყო. ამბობს, რომ ახლა, როცა შორეულ ქვეყანაში ცხოვრობს, თავისი ულამაზესი ბაღის მონატრება გაუსაძლისს ხდის სამშობლოდან შორს ყოფნას. დღეს ლიკას ბაღს ახლობელი უვლის. იმედოვნებს, რომ მალე დაბრუნდება სამშობლოში და კიდევ უფრო ლამაზს გახდის ბაღს, რომელიც ახლა ძალიან ენატრება.

- წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი გახლავართ. ამჟამად ვიმყოფები ავსტრიაში, შესაბამისად საკუთარი პროფესიით ვეღარ ვმუშაობ. ყვავილები და ზოგადად ბუნება ბუმბერაზი მწერლის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებამ შემაყვარა. ბავშვობიდან ვეფერებოდი,
ვუვლიდი და ვესაუბრებოდი მცენარეებს.

- ულამაზესი ბაღი გაქვთ. რამდენად რთული იყო მისი გაშენება?
- საკმაოდ რთული იყო. მრავალწლიანი გზა გავიარე. ყვავილები სიყვარულთან ერთად დიდ ზრუნვას, მოვლას და შრომას საჭიროებს. საკუთარი დანაზოგით ნელ-ნელა ვიძენდი ყვავილებს.

– ყველაფერი თქვენი ხელით მოაწყვეთ?
– დიახ, ყველაფერი თავად მოვაწყვე. ერთი უბრალო, უსარგებლო, მანამდე გამოუყენებელი ეზო ულამაზეს ადგილად ვაქციე. ჩემი მიზანი იყო გამეცოცხლებინა, სული ჩამედგა და ყველასთვის საყვარელ ადგილად მექცია ჩემი ეზო. საკუთარი ხელებით ვრგავდი, ვრწყავდი და შვილებივით ვუვლიდი ჩემს ყვავილებს.

- რა ყვავილები გაქვთ ეზოში გაშენებული?
- სეზონის მიხედვით, თითქმის ყველანაირი ყვავილი მყავს ეზოში. ასე ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება. მათ მართლაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ, თუმცა მთავარია გულით გიყვარდეს და როგორც სულიერს ისე ესაუბრებოდე მათ. ისინი კი უფრო და უფრო ყვავიან მადლობის ნიშნად. თავიდან ყველაფერი არ ვიცოდი, ინტერნეტით ვიძიებდი ამა თუ იმ ყვავილის შესახებ ინფორმაციას. როგორი მოვლის პირობები სჭირდებათ და ა.შ.

- ახლა რა სამუშაოებია თქვენს ბაღში ჩასატარებელი?
- ყოველ გაზაფხულზე, როცა ბუნება იღვიძებს, ვსხლავ ვარდებს, ზედმეტ ტოტებს ვაცლი, მიწას ვუსუფთავებ, ვრწყავ და სასუქს ვუყრი.

- ქოთნის ყვავილებიც გაქვთ?
- დიახ, უამრავი ქოთნის ყვავილი მყავს არა მარტო ეზოში, არამედ სახლშიც.

- თქვენი ფავორიტი მცენარე რომელია?
- ჩემი ფავორიტი ვარდებია. განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ. სეზონურად ვსხლავ, სასუქს ვუყრი. ზამთრის პერიოდში ვფუთავ, რომ მოყინვისგან დავიცვა. მზიანი მხარე უნდა შევურჩიოთ, რომ კარგად იყვავილონ. ვარდებს საოცარი სურნელი აქვს, თუ კარგ ადგილს შეურჩევთ და ზომიერად მორწყავთ, არაჩვეულებრივად ყვავილობს და გარშემო ყველაფერს ალამაზებს. მე სულ ვცდილობ გავამრავლო ყვავილები, ზოგს ტოტებით ვამრავლებ, ზოგს თესლით და ზოგსაც ვყიდულობ. ასე გამრავლდა ჩემს ეზოში ყვავილები.

- ულამაზესი პატარა გუბურა გაქვთ ეზოში, ისიც თქვენი გაკეთებულია?
- დიახ, ის გუბურა ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. ძველი თუჯის აბაზანა ჩავდგი მიწაში, აკვარიუმის საღებავით შევღებე, გარშემო ქვების დეკორაცია გავუკეთე და ასე შეიქმნა პატარა უბრალო, მაგრამ ლამაზი გუბურა.

- ახლა საქართველოში არ ცხოვრობთ. თქვენი ყვავილები, ეზო არ გენატრებათ?
- დიახ, ჩემი ყვავილები საქართველშია, მე ვენაში და მათი მონატრება გაუსაძლისს ხდის სამშობლოდან შორს ყოფნას. თითოეული ყვავილი საკუთარი შვილივით მიყვარს და მენატრება.

- ახლა ვინ უვლის მათ?
- ახლა ნათესავი უვლის ჩვენს ეზოს.

- როგორია თქვენი საოცნებო ბაღი?
- ჩემი საოცნებო ბაღი საქართველოშია. ვფიქრობ, რაც იქ დავტოვე, ნამდვილად საოცნებოა ჩემთვის. უბრალო, სადა, მინიმალური დანახარჯით, მაგრამ დიდი სიყვარულით და შრომით შექმნილი.

მერი ბლიაძე

კომენტარები

დალი 2019-05-01 23:29
რატო მოუხდა წასვლა და საყვარელი ყვავილების დატოვება არ გვაინტერესებთ?ოჯახი დატოვა და გათხოვდა .უპატიოსნესად რომ მოაქვს თავი. როგორ მეცინება .ბიუსტი უნდა დაუდგათ ...
lela 2019-04-30 21:49
vaime gaocebuli davrchi sheni meamitobit. ...rogor ar grcxvenia. ....???

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები