მეყვავილე ვაშლოვანიდან, რომელიც ოჯახურმა ტრაგედიამ მიიყვანა ყვავილებთან

ვისაც ყვავილებთან მეტ-ნაკლები შეხება ჰქონია, ყველა იცნობს მეყვავილე მადონა რევაზიშვილს. ყვავილების ყიდვა-გაყიდვის სფეროში პატიოსნება და გულწრფელობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყვავილების მოყვარულთა წრეში მადონამ სწორედ შრომისმოყვარეობით, პატიოსნებითა და გულწრფელობით შეძლო რეპუტაციის მოპოვება. საკუთარი ხელით გახარებული, ულამაზესი ყვავილები ყოველ შაბათ დღეს თბილისში ჩამოაქვს და ყიდის. ასე აქცია ჰობი და საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ. ყვავილების სიყვარული მისი ცხოვრების ტრაგედიას უკავშირდება, რომლის შესახებაც მადონა თავად მოგვიყვება.

- ვცხოვრობ თეთრიწყაროს რაიონში, სოფელი ვაშლოვანში, ვარ 25 წლის და მყავს ორი შვილი, უფროსი გოგო ხუთი წლისაა,
ბიჭი ორი წლის ხდება. ამჟამად ვარ დიასახლისი. ძალიან მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა ფლორის დიზაინზე, მაგრამ გათხოვების შემდეგ ვეღარ მოვახერხე.
ძალიან მიყვარს ყვავილები, რომელთა სიყვარულიც დედამ ჩამინერგა. თერთმეტი წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ტკივილის დასაძლევად დედას ვეხმარებოდი, სულ მხარში ვედექი. ყვავილებთან მუშაობის დროს არასოდეს მარტო არ ვტოვებდი.

- ანუ თქვენი ყვავილები მამას და ბავშვობის სახლს უკავშირდება?
- დიახ. როდესაც გავთხოვდი მხოლოდ ერთი ყვავილი, გვიმრა დამხვდა სახლში. ალბათ ბევრისგან გაგიგიათ, რომ დედის სახლიდან ყვავილების წამოღება არ შეიძლებაო. ისე ძალიან მიყვარდა ყვავილები, რომ გადავწყვიტე დამენგრია ეს სტერეოტიპი და მომეტანა დედის სახლიდან ყვავილები, აქედან დავიწყე ნელ-ნელა ყვავილების მომრავლება.
ასევე, ჩემი ხელით დავიწყე ეზოს გალამაზება სხვადასხვა დეკორაციებით. როდესაც ინტერნეტში ვხედავ ახალ ნამუშევრებს, მომდის იდეები და მინდა, რომ მეც შევძლო და გავაკეთო. ჩემი ხელით გავაკეთე ჩიტის სახლი, სოკოები, ცემენტის ქოთნები, ქვის კალათები და მოვხატე კედელი. ყველას უკვირს ვინც ნახულობს, როგორ ვაკეთებ და როგორ ვასწრებ ბავშვებთან ერთად. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბავშვებიც სიამოვნებით იღებენ ამ პროცესში მონაწილეობას.

- ალბათ რთული გზა გაიარეთ, სანამ თქვენი ბაღი დღევანდელ სახეს მიიღებდა.
- რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო. თუმცა როგორც აღვნიშნე, მცენარეების გამრავლება და მოვლა ბავშვობიდან მიყვარდა. შემდეგშიც, სადაც ლამაზ ყვავილს დავინახავდი უარს არავინ მეუბნებოდა, რადგან იცოდნენ როგორ მიყვარდა მცენარეები და მჩუქნიდნენ.
ყვავილი მხოლოდ ლამაზი მცენარე არ არს ჩემთვის. მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა, შეხება. ცოცხალ არსებებად აღვიქვამ. მათთან ურთიერთობა ერთგვარი თერაპიაა ჩემთვის.

- ყვავილების მოვლაში ვინმე გეხმარებათ თუ მარტო ართმევთ თავს?
- უმეტესწილად მარტო ვუვლი ჩემს ყვავილებს. ისე ძალიან მიყვარს ისინი, რომ სულ თავზე დავტრიალებ. მინდა სულ მათ სიახლოვეს ვიყო.

- მცენარეებთან მიმართებაში ყველაზე ხშირად რა სირთულეს და პრობლემებს აწყდებით?
- არის შემთხვევები, რომ ნაფერები მცენარე მიკვდება. ამ დროს ძალიან მწყდება გული, განვიცდი, მაგრამ ფარხმალს მაინც არ ვყრი და ისევ მომყავს იგივე მცენარე, რომ რაც დავაკელი ავანაზღაურო შემდეგში.

- დღეს თბილისში, ძალიან ბევრ ეზოში თქვენი გახარებული ყვავილებია ჩარგული. როგორ მოიპოვეთ ადამიანების ნდობა, სიყვარული?
- დიახ, ბევრ ყვავილნარელ მეგობრებს გავუხარე გული და ჩემი ყვავილებით გავალამაზე მათი ეზოები. მათი სიყვარული ნელ-ნელა მოვიპოვე. ახლა ყველა მენდობა და იციან, რომ კეთილსინდისიერად ვუდგები ამ საკითხს.

- ცოტა რამ თბილისის ყვავილების ბაზარზეც მითხარით, რამდენად მოწესრიგებულია ეს სფერო? სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ჩივის, რომ უბრალოდ ჩარგული ტოტი, ან ავადმყოფი ყვავილი მიჰყიდეს. რამდენად გულწრფელები არიან ყვავილების გამყიდველები მომხმარებლებთან?
- დიახ, ასეც ხდება, რომ ზოგი ადამიანი ცრუობს და მყიდველს ატყუებს, მაგრამ უმეტესი ჩემი ყვავილნარელი მეგობარი ამას არ აკეთებს. მათ ყოველ შაბათს გამოაქვთ თავიანთი ყვავილები ბაზარზე, ბევრი იცნობს და იციან, რომ პატიოსნად იქცევიან. ამიტომ ყველა კეთილსინდისიერ გამყიდველს ყავს ერთგული მომხმარებელი.

- როგორ უნდა ამოიცნოს მყიდველმა ჯანსაღი და ჯანმრთელი ყვავილი?
- ასე გადაჭრით ვერ გეტყვით. ვისაც ყვავილები უყვარს და მასთან შეხება აქვს ხვდება, რომელია კარგი ჯანსაღი და რომელი გაფუჭებული. შეიძლება ეს დამწყებმა მეყვავილემ ვერ გაარჩიოს.

- რას ეტყვით ადამიანებს, ვისაც ჰგონია, ასეთი გარემოს შექმნა შეუძლებელი ან ძალიან რთულია...
- შეუძლებელი არაფერია, მთავარი მონდომება და სიყვარულია. ჩემს თბილისელ მეგობრებს აქვთ ძალიან ლამაზი აივნები, იმდენად ლამაზი, რომ ზოგს სოფელში არ ექნება ისეთი.


მერი ბლიაძე

კომენტარები

თეა 2021-01-22 02:36
თქვენაყიდი დუბკა მთელი ზამთარი ჰყვავის ჩემს აივანზე და გვილამაზებს ცხოვრებას დიდი მადლობა.
Inga 2019-11-15 11:59
Imravle da ixare sheni shvilebi xelmarjve patara qalbatono, sad sheidzleba tkeveni naxva? didi siamovnebit shevidzendi tqvengan yvavilebs da rchevasac gkitxavdit, mamas dzalian ukvarda kvavilebi da rac mama gardaicvala, verafrit vegar vaxareb kvavilebs, rac movitane, kvela gamipuchda, es nishnavs imas, rom me ar vici mati satanadod movla
Ketevani 2019-11-08 13:28
Ixaros henma marjvenam
Carmatebebt gevlos hemo kargo
Am kvavilebivit lamazi cxovreba gkondes hens patara taigylebtan ertad ixare da imravle
ana 2019-11-04 18:41
ულამაზესია,წარმატებები,მეც სიამოვნებით გავაკეთებდი იგივეს საქართველოში რომ ვცხოვრობდე,როგორ მენანება ჩემს ნიჭს რომ ვერ ვიყენებ,სამაგიეროდ სხვისი ნიჭიერება მახარებს.გაიხარე პატარა ქალბატონო
madona 2019-10-30 14:40
madloba didi gogoebo

კომენტარის დამატება