ეზო-ბაღი, რომელიც მამამ მოუწყო შვილებს მინიმალური დანახარჯებით

დავით მოსიაშვილი ფინანსისტია, რომელიც ორ შვილს მარტო ზრდის - 11 წლის მარიამს და 7 წლის დემეტრეს. მათთან და დედასთან ერთად ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ცხოვრობს. საზოგადოებრივად საკმაოდ აქტიურია. ცდილობს მეტი ისაუბროს მამების როლზე შვილების აღზრდაში, რისთვისაც დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "მამიკო" და გარდა ამისა, თავის პატარებთან ერთად სოციალური საწარმო გააკეთა და ხელნაკეთ ბროშებს ამზადებს. თუმცა ამჯერად ჩვენი ყურადღება მისი ხელით მოწყობილმა ეზომ მიიქცია, რომელიც მეორადი ან ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთებისგან მოაწყო, და ყვავილებით სავსე ბაღმა, რომელსაც დედასთან ერთად უვლის.

- მახსოვს, ჩემს
ბავშვობაში, ჩვენს ეზოში სიმწვანე საერთოდ არ იყო, ეზოში ბალახის ნაცვლად - ქვიშა, ხოლო ღობედ რკინის კონსრუქცია გახლდათ. როდესაც სხვა ეზოებში ლამაზ ბალახის საფარს ვხედავდი, სულ მინდოდა მსგავსი ჩვენც გვქონოდა.
რომ წამოვიზარდე, ამ სურვილის შესრულებას შევუდექი და უკვე მოგვიანებით ჩემი შვილებიც შემომიერთდნენ. დაახლოებით 15 წლის წინ, რკინის ღობე მოვხსენით, ტყიდან რამდენიმე ძირი სუროს ნერგი ჩამოვიტანე, რომელიც დღეს უკვე მთელი ეზოს გარშემო ლამაზ, მარადმწვანე საზღვრადაა შემოვლებული. დადგა ცარიელი ეზოს დეკორაციების შევსების დროც. პერიოდულად როდესაც რაიმე ძველ გამოუსადეგარ ნივთებს ვპოულობ, მყისვე ჩნდება მისი რესტავრაციისა და ახალი ფუნქციით დატვირთვის იდეაც. ასე გაჩნდა ჩენს ეზოში ძველი კასრის სკამი დემეტრესათვის, კასრის სახურავის მაგიდა, საბურავების, ქვის და პლასტმასის ბოცების საყვავილეები, ქვევრის ქოთნები, ძველი საწოლისა და ხის კარ-ფანჯრის ჩარჩოს სკამები და სხვა.

- ვინ უვლის, რა მცენარეები გაქვთ დარგული?
- მცენარეების მოვლით ძირითადად დედაჩემია დაკავებული. გვაქვს რამდენიმე ჯიშის, მამაჩემის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი ვარდის ძირი, იშვიათი ფერებით: ცისფერი, სტაფილოსფერი, შავი, თეთრი, წითელი და ვარდისფერი, რამდენიმე ჯიშის დეკორატიული (დიდი ზომის) გვირილა, ხუჭუჭა ულამაზესი ტიტები, სხვადასხვა სახეობის უამრავი ეზოს და ქოთნის ყვავილი და რამდენიმე სხვადასხვა ჯიშის ხილის ხე.

- ეზოში საინტერესო იდეები განახორციელეთ, მეორადი თუ საერთოდაც უსარგებლო ნივთებისგან მშვენიერი მოსასვენებელი სივრცე გამოგივიდათ...
- ძალიან მიყვარს ძველი ნივთებისათვის ახალი სიცოცხლის შეძენა, ვფიქრობ რომ უფრო ძვირფასია, თან შენი ხელით შექმნილს ხომ არაფერი სჯობს. პროცესიც სახალისოა, ბავშვები ჩართულები არიან ასაკისა და შესაძლებლობის შესაბამისად. როდესაც რომელიმე ნივთი დასრულებულ სახეს იღებს, ყოველთვის გვაინტერესებს სხვების აზრი, ამიტომ სიხარულით ველოდებით ხოლმე პირველ სტუმარ-შემფასებელს. ეს პროცესი ალბათ არასდროს დასრულდება, ყოველი ახალი ნივთი, შემდგომის საჭიროებას ბადებს და ასე დაუსრულებლად ვაგრძელებთ ახალი ქმნილებებისათვის მასალების ძიებას.

- შვილები თუ გეხმარებიან მსგავს საქმიანობებში და ისევ თუ ამზადებთ ხელნაკეთ ნივთებს, რითაც გაგიცნოთ საზოგადოებამ თავის დროზე?
- რაც დემეტრე დაიბადა, მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე სულ ვცდილობდი და ვცდილობ, რამეს რომ ვაკეთებ, გვერდით მყავდეს და საქმეც გავუნაწილო.
ეს ჩემგან ყველაფერზე ორმაგ ძალას და დროს მოითხოვს, მაგრამ მთავარი შედეგია!

არასოდეს ვეუბნები, რომ რაიმე კონკრეტული არ შეუძლია. ასევეა მარიამიც. ეს ერთის მხრივ პროცესს სახალისოს ხდის, ხოლო ბავშვებისათვის სხვადასხვა უნარების განვითარების საშუალებაა.

ჩვენი ძირითადი ერთობლივი საქმიანობა, რა თქმა უნდა, სოციალური საწარმო "დემას" სახელოსნოში მუშაობაა, სადაც ვაკეთებთ ხის ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს, ყუთებს, სუვენირებს, ხის ფოტოებს და სხვა, დემა უკვე 3 წელია  არსებობს და ძალიან გვახარებს, რომ მოვახერხეთ და დავიმსახურეთ ადამიანების სიყვარული და დემეტრეს საშუალებით პატარა წვლილი შევიტანეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ ცნობიერების ამაღლებაში.


კომენტარები

55 2020-06-24 11:30
ძალიან ლამაზია. ასეთი საწოლი მეც მაქვს და გადავწყვიტე ასე გამოვიყენო.
წმინდა გაგა გუჯას 2020-06-19 14:34
არც ამ საწოლს ქონდა თუნუქის ფურცელი მიაკრეს საზურგედ.
გუჯა 2020-06-17 13:52
ესეთი საწოლი მქონდა 15 წლამდე. ზამბარა ქვიშის საცერად ვიხმარე ჯერ მე მერე მთელმა უბანმა. ეხლა რომ ვნახე დამენანა.საწოლს საზურგე არ ჰქონდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები