როგორ შექმნა ცნობილმა ფოტოგრაფმა მყუდრო და კომფორტული გარემო ბებია-ბაბუისეულ სახლში საკუთარი ხელით

სახელი და გვარი გიორგი ცაავა კარგ ფოტოებთან და პროფესიონალურ ფოტოგადაღებასთან ასოცირდება. სატელევიზიო სივრცეში თუ კი წარმატებული, რეიტინგული შოუ ყოფილა, უმრავლესობაზე როგორც ფოტოგრაფს გიორგის უმუშავია. ეს ინფორმაცია შესაძლოა, ბევრისთვის ცნობილი იყოს, მაგრამ ის ნამდვილად ცოტა ადამიანს ეცოდინება, რომ გიორგი ძალიან ხელმარჯვე ყოფილა და ბებია-ბაბუის სახლი ბაღდათში ლამის ხელოვნების ნიმუშად აქცია. მემკვიდრეობით მიღებული სახლი იმდენად ლამაზად, გემოვნებით გააკეთა და მოაწყო, რომ ჩვენი ინტერესი დაიმსახურა და მასთან ინტერვიუ ამ თემაზე ჩავწერეთ. თუ როგორ უნდა შევძინოთ სახლსა და ნივთებს ახალი სიცოცხლე მინიმალური დანახარჯებით, ამას
გიორგი გიამბობთ. საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე და კიდევ ბევრ საინტერესო რამეზე კი ჟურნალ "შინ"-ის შემოდგომის ნომრისთვის ისაუბრა.

- ეს ჩემი ბებია-ბაბუის სახლია, რომელიც მემკვიდრეობით მერგო. ამ სახლში დავიბადე, გავიზარდე და სკოლაც აქ დავამთავრე, გავხდი სტუდენტი და ცხოვრება სხვანაირად წარიმართა. მაშინ როცა დრო მქონდა და დასასვენებლად წასვლას ვგეგმავდი, სხვა ადგილებს ვანიჭებდით უპირატესობას, ამ სახლში თითქოს ვალდებულების, მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოვდიოდი, რომ იცი, შენია და ყურადღება უნდა მიაქციო, დაახლოებით ასეთი შეგრძენებები მქონდა. ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებისა და ათასგვარი ადამიანის გაცნობის შემდეგ, ბაღდათის სახლი სხვანაირად დავაფასე. როცა გავიცანი მარინა ნაცვლიშვილი, დუტა სხირტლაძის მეუღლე და მათ სახლში მივედი, ისე მომეწონა მათი მყუდრო და ფერადი გარემო, კარგა ხნის მანძილზე შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. მერე დავმეგობრდით, მისი სამკაულებიც გადავიღე, შედგა ჩვენი კოლაბორაცია და ერთობლივი გამოფენაც გვქონდა ვენაში.
ხშირად მიწევდა მათთან სტუმრობა. სწორედ მარინასგან, მისი ულამაზესი სახლიდან წამოვიდა ინსპირაცია, რომ მეც შემეძლო, საკუთარი ხელით მომეწყო ჩემი ბაღდათის სახლი. ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე მარინას გარემომ, იმიტომ, რომ მას სახლში ჰქონდა უბრალოების ზეიმი, შერწყმული სასწაულ სილამაზესთან და ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ჩემს სურვილებს სწორედ იქ დავარქვი სახელი და დავიწყე ფიქრი.

წარმოდგენა არ მქონდა სისრულეში როგორ უნდა მომეყვანა ის ფიქრები და იდეები, რაც თავში მიტრიალებდა, ისე, რომ მქონოდა მინიმალური ფინანსური დანახარჯი და შედეგი ყოფილიყო მაქსიმალურად ლამაზი. სწორედ ეს დავინახე მარინას სახლსა და გარემოში და ამიტომ მომეწონა, იქ მივხვდი, რომ შეგიძლია, ჩვეულებრივ ძველ ნივთებს სიცოცხლე ისე შესძინო და გააცოცხლო, რომ ძალიან მიმზიდველი გამოვიდეს. დაოჯახებისა და შვილების ყოლის შემდეგ, გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემს შვილებს ბაღდათი ჰყვარებოდათ და ჰქონოდათ ისეთივე ტკბილი მოგონებები, რაც მე მაკავშირებს აქაურობასთან. დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ შემექმნა ის ელემენტალური კომფორტი, რაც მე არ მქონდა ბავშვობაში. როცა ჩამოვდიოდი ბაღდათში, გადმოვალაგებდი ძველ ნივთებს, თუ დაზიანებული იყო, ვაკეთებდი, „ვშკურკავდი“, ვღებავდი და ახალ სიცოცხლეს ვანიჭებდი. ჩემს თვალს და შინაგანს რაც მოსწონს და ეკომფორტულება, იმას ვაკეთებ დღემდე. გარდა ამისა, მინდა, ისეთი შვილები გავზარდო, მათთვის უბრალოება, სიმყუდროვე, ფერადოვნება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე რამე ძვირად ღირებულ ნივთში ხედავდნენ სილამაზეს.

- რამდენი ხანია, რაც ამ საქმეს მოკიდეთ ხელი? საიდან და რითი დაიწყეთ სახლის განახლება?
- ყველაფერი 6 წლის წინ დავიწე. ჩემს აივანს არ ჰქონდა მოაჯირი. ჩემი შვილი ელე რომ გაჩნდა, ვერ მოვდიოდით ბაღდათში, 2 წლის იყო, ახალი ადგმული ჰქონდა ფეხი. ნათია მეუბნებოდა (გიორგი ცაავას მეუღლე ნათია ფურცელაძე ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი პედაგოგია - ავტ.), რანაირად წავიდეთ, აივანს მოაჯირები არ აქვს, ბავშვი როგორ დავიცვათ, რომ არ გადაგვივარდესო. მე მივხედავ მაგ საქმეს-თქო ვთქვი და ოჯახის წამოყვანამდე ჯერ მე ჩამოვედი ბაღდათში, ვიყიდე მასალები, დავამუშავე, ჩიტებიც კი გამოვჭერი, რომ ბავშვს გახარებოდა და გავაკეთე მოაჯირები. მინდა გითხრათ, რომ უკვე მეხუთე წელია მყარად ასრულებს თავის ფუნქციას. პირველი წელი მხოლოდ ხელსაწყოების მოგროვებას, შეძენას მოვანდომე, ვიყიდე „დრელი“, „ბარგალკა“, „შკურკის აპარატი“ და ა.შ. ჩვეულებრივი სადურგლო მაქვს მოწყობილი აივნის ძირში. მგონია, რომ წარსულ ცხოვრებაში ხეზე მომუშავე ვიყავი და ბოლოს დურგალი ვიქნები (იცინის). 

- გარდა ძველი ნივთებისა, გაქვთ სანათები, სიზმრის მცველები, ჩიტის სახლები...
- თბილისიდან ბაღდათში რომ მოვდიოდით ხოლმე და ბავშვები ჩიტის სახლებს ხედავდნენ, სულ მეუბნებოდნენ, მამიკო, ნახეეე, ბეღურების სახლებიო, მეც არ ვწყვეტდი გულს და თითქმის ყველა გავლა-გამოვლაზე ვყიდულობდი. ჩემი მეუღლე მეხუმრებოდა, ვითომ ბავშვებს უყიდა, არადა თვითონაც ძალიან მოსწონსო. ამასობაში კი დაგვიგროვდა დაახლოებით 20 სახლი და გამომადგა ეზოს მოსაწყობად, ჩვენთან საახალწლო განათებებიც მთელი წელი აქტუალურია, რადგან ჩვენს გარემოს ძალიან უხდება და სიმყუდროვეს ქმნის. საბოლოო ჯამში, სახლიც გაცოცხლდა, ახალი იერი, ახალი აურაა და თითქოს ახალი სუნთქვა გაეხსნა. ის ნივთები, რომლებიც ჩემს ბავშობაში სრულიად სხვანაირები იყვნენ, დღეს ფერადები და განსხვავებულები არიან. ვცდილობ, არსებული შევინარჩუნო და ახალი ფერით თუ ფორმით გავაცოცხლო, რაიმე კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. ძალიან მიყვარს სიზმრის შემნახველები, რომ მივდივართ სამოგზაუროდ, ჩემი მეუღლის ჩემოდანი სამოსით ივსება, ჩემი - სიზმრის შემნახველებით, ხის სპილოებით, ჟირაფებით. სულ მეკითხებოდა ხოლმე, რათ გინდაო, მომწონს და რომ ვუყურებ მაბედნიერებს-თქო. ადრე ამ ყველაფერს სახელს ვერ ვარქმევდი, ვუყურებდი, მომწონდა, მიზიდავდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რად მინდოდა, მაგრამ თურმე მინდა, რომ დავდო, ვუყურე და ვისიამოვნო. ასევე ძალიან მიყვარს სანათები, ერთ-ერთი სანათი სამი სხვადასხვა სანათისგან ავაწყვე (იღიმის) და ძალიან მომწონს. ადრე ვიპოვე ძველი აივნის რიკული, 1 ცალი რაში უნდა გამომეყენებინა? წავედი ქუთაისში, ვიყიდე დიდი ხის სასვრეტელა, გავხვრიტე, გავუყარე სადენი და გავაკეთე სანათი. რაც ჩემს ირგვლივ ხდება და რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს, სხვასაც თუ მოსწონს, ეგ კიდევ უფრო მაბედნიერებს, ე.ი რაღაც ისეთს ვაკეთებ, შესამჩნევია.

- პანდემიას ბაღდათში გაექეცით და ამ სეზონს მანდ ატარებთ, ხომ?
- სულ ვწუწუნდები, საგიჟეთი მაქვს, გადაღებები, ქორწილები, არადა დრო რომ მქონოდა ამ კარადას როგორ კარგად გავაკეთებდი და ა.შ. ღმერთმა შემისრულა თხოვნა, მითხრა, დაჯექი სახლში და აკეთეო და მართლაც ასე ვიქცევი. წელს რაც ჩავიდინე, 3 წელია არ გამიკეთებია. ეს სეზონი ჩემი სურვილების დაკმაყოფილების 3 თვეა.

- გარდა იმისა, რომ ასე ალამაზებთ სახლს და ახალ სიცოცხლეს ანიჭებთ ნივთებს, მოსავალიც მოგყავთ...
- პანდემიას ვუმადლი ბევრ რამეს, დრო მომცა იმისა, რომ ეს საქმე მეკეთებინა. რომ ჩამოვიდოდით აქ, სულ ვამბობდი, ახლა რომ მე 1 კვირით კი არა, 1 თვით ვრჩებოდე, ამას გავაკეთებდი, იმას ასე ვიზამდი და ა.შ. პანდემიის დროს ჩემს თავთან მოვედი წინააღმდეგობაში, აჰა, გაქვს დრო და მიდი, აბა, გააკეთე რაც გინდა... და გავაკეთე. ძალიან დიდი სიამოვნება ყოფილა მიწასთან მუშაობაც. რომ დავიწყე, შუა გზაში მივხვდი, რომ სულ ტყუილად ავიტეხე. რომ გაიზარდა, გავაცნობიერე, რომ თუ არ მოვრწყავდი ვერ იცოცხლებდა, შემეცოდა, მერე ნაყოფიც გამოიტანა და მოსვალიც მივიღე. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ მომავალში უფრო მეტს გავაკეთებ, ძალიან შემიტყუა აშკარად (იცინის). მომწონს ეს პროცესი და მდგომარეობა. არადა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მიწათმოქმედებზე ვგიჟდებოდბი, მაგრამ ახლა სიამოვნებით ვაკეთებ. ეტყობა, ასაკმა მოიტანა, მაგრამ აშაკრად ბებერიც არ ვარ (იცინის).











ციცი ომანიძე

კომენტარები

Tsiala 2020-08-13 22:54
Warmatebebs gisurvebt!!! Kvelaperi dzalian lamazia
მანანა 2020-08-12 14:19
არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა.ყველა ადამიანი თავის ფესვებს უნდა დაუბრუნდეს.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
ქეთევანი 2020-08-10 17:16
იბედნიერე და იხარე, შენს ლამაზ ოჯახთან ერთად.
ნინო 2020-08-06 11:25
გიო მიყვარხარ..

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები