ერთი ნერგით დაწყებული ამბავი... - მშვენიერი ბაღი მარტვილიდან

რა არის საჭირო საოცნებო ეზოს მოსაწყობად? სურვლილი, მცენარეების და მიწის სიყვარული, დაუღალავი შრომა... სწორედ ამან შეაძლებინა ლაშა ცაგარეიშვილს, ეზო წალკოტად ექცია. დღეს უკვე მშობლების და მეუღლის დახმარებით ყოველდღიურად აახლებს და ალამაზებს ბაღს. გაჩერებას არც მომავალში აპირებს.

- სამეგრელოში ე.წ. ეზოს კულტურას დიდ ყურადღებას აქცევენ. მარტვილში, სოფელ ბანძაში მომინდა, რომ ეს კულტურა შეძლებისდაგვარად უფრო განმევითარებინა და დამეხვეწა. თითოეული ამ მცენარის „მოპოვება“, ჩარგვა, განლაგება და ერთმანეთთან შეხამება ჩემი შემოქმედების ნაწილია.

- როდის გაგიტაცათ მებაღეობამ? როგორ ფიქრობთ ეს ერთგვარი აზარტია?
- ოთხწლიანი სტუდენტური
ცხოვრების შემდეგ სოფელს დავუბრუნდი და 2017 წელს ჩემივე პროფესიით დავსაქმდი. სამსახურის სპეციფიურობიდან გამომდინარე დღეში მინიმუმ 5-6 ოჯახში მიწევდა სტუმრობა. ადრეულ წლებში არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული მცენარეებით, თუმცა ამდენი ხეტიალის პარალელურად მხვდებოდა უამრავი შთამბეჭდავი ეზო, ძირითადად ზუგდიდში, ხოლო ნაწილობრივ - სენაკში, ხობსა და სხვა რაიონებში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სტუმრობისას სენაკელი ბებოს ტუიებზე გამოვხატე აღტაცება, რის შემდეგაც მან გულით ამიხსნა, თუ როგორ უვლის ამ მცენარეებს და სად შემიძლია მეც ეს ყველაფერი შევიძინო. პირველი შენაძენის შემდეგ ფაქტობრივად „მოვიწამლე“ ამ საქმით და დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში.


- მცენარეების მოვლაში, გამრავლებაში ვინ გეხმარებათ?
- ადრეულ ეტაპზე ჩემი ოჯახის წევრები ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ამ ამბავს. ახლა კი ვხედავ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში, შებინდებულზე მამაჩემი ყველა მცენარის მორწყვით არის დაკავებული, დედა უფრთხილდება, რომ რამემ არ დააზიანოს ნერგი. ნოემბრიდან კი სიახლეა ჩემს ცხოვრებაში და უკვე მეუღლეც აქტიურადაა ჩართული მათ მოვლაში, რაც ძალიან მახარებს.

- ბაღში ყველაზე რთული რა სახის სამუშაოა?
- ბაღის სამუშაოებიდან, ძირითადად, მიხდება ეზოს გათიბვა, მოსუფთავება, კრეჭვა-ფორმირება, ხეების შეღებვა და სასუქით უზრუნველყოფა. არც ერთი ზემოთ ნახსენები არ წარმოადგენს ჩემთვის სირთულეს. პირიქით, ძალიან სასიამოვნო პროცესია. ყველაზე რთულია, როცა რაიმე ხმება და ვეღარ შველი.


- ნიადაგს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მცენარე ჯანმრთელი იყოს და უხვად იყვავილოს? თქვენ როგორ უვლით ნიადაგს, რა საშუალებებით ანოყივრებთ?
- ნიადაგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის ზრდის პროცესში, ჩემს ლოკაციაზე ძალიან ცუდი ნიადაგია. სახლის აშენებამდე ეზოში იმდენი ქვა-ღორღია მოყრილი, თითოეული მცენარის ჩარგვისას ლომისა და წერაქვის გამოყენება მიწევს. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, უმეტესი მათგანი ნორმალურად ხარობს.
განოყივრებას რაც შეეხება, ძირითადად, რჩევა-დარიგებებს ვიღებ გამოცდილი მებაღეებისგან, როგორც უშუალოდ, ასევე ფეისბუქ ჯგუფ „ყვავილნარიდან“.

- ალბათ ხშირად გახსენებენ თავს სარეველები. როგორ ევრძვით მათ?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმდენად მიყვარს მათი მოვლა და გათიბვა, სარეველა პრაქტიკულად არცაა. ყველაზე დიდი „სარეველა“ ჩემი ქართული ნაგაზი - ბომბორაა, რომლის გამოც ყველა წიწვოვანი მცენარის შემოღობვა მომიწია. ასევე ოპერატიული გადაადგილების დროს მოიყოლა რამდენიმე მცენარე და მნიშვნელოვნად დამიზიანა (იღიმის).

- მიწასთან მუშაობა თქვენთვის დამღლელი პროცესია თუ განტვირთვის საშუალება?
- ძალიან სასიამოვნო პროცესია. რამდენჯერ ადრე გამოვქცეულვარ სამსახურიდან, რომ გამესუფთავებინა, სასუქი მიმეცა და მომეწესრიგებინა დროულად. ვიღაცას ალბათ გაეღიმება ამ ყველაფერზე, მაგრამ უშუალოდ ჩართული თუ არ ხარ, რთულია გაიაზრო, რამდენად დიდი სიამოვნების მომნიჭებელია საკუთარი შრომით შექმნილი ყვავილნარი.


- ბაღში რაიმეს დამატებას, შეცვლას, გამრავალფეროვნებას ხომ არ გეგმავთ?
- აუცილებლად. ამ გაზაფხულზე მე და მეუღლემ ჩავრგეთ კამელიის და ციკასის პალმის ნერგები. ახლახან ჩემმა დამ თბილისიდან ჩამომიტანა ორი ჯიშის ფოტინია. მალე გვინდა ვერცხლისფერი ნაძვის, იასამნის, ილექსის და ზეთისხილის ჩარგვა, ხოლო ახლო პერიოდში ყვავილნარის ფერადი ვარდებით შევსება.
ასე ერთბაშად ცოტა რთულია ყველაფრის გაკეთება, რადგანაც არც ისე მცირე შრომას და ფინანსურ რესურს მოითხოვს. მჯერა, წლების შემდეგ ყველას უდიდეს სიმოვნებას მოგვანიჭებს ერთი ნერგით დაწყებული ამბავი.




მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები