"ვოცნებობ, ჩემი შვილი ფეხზე დადგეს..." - ახალგაზრდა დედა, რომელიც მეფუტკრე გახდა

24 წლის თეონა ნატროშვილი ორი შვილის დედაა. ჰყავს ბიჭი და გოგონა. ბიჭუნა ცერემბრალური დამბლით არის ავად. თეონა დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად ატარებს. სურდა, შემოსავლის წყაროც ჰქონოდა, თუმცა შვილის მოვლას ვერანაირ სამსახურს ვერ უთავსებდა. ამიტომ გადაწყვიტა, ფუტკარი გაეჩინა და მეფუტკრეობისთვის მიეყო ხელი. ჯერ იმდენი სკა არ აქვს, რომ რეალიზება მოახდინოს, მაგრამ სამომავლოდ გეგმავს გაზარდოს სკების რაოდენობა და შემოსავლის წყაროდ აქციოს.

- ჩემს ბიჭს ფეხზე სიარული არ შეუძლია, გონებრივი პრობლემები არ აქვს, ასაკის შესაბამისად არის განვითარებული. უკვე შვიდი წელია ამ ავადმყოფობას
ერთად ვებრძვით, სჭირდება ოპერაცია, რომელიც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და სახელმწიფო ამ თანხის ნახევარსაც არ ფარავს, რის გამოც ჯერჯერობით ვერ ვუკეთებ ოპერაციას. მეორე გოგონა მყავს - სამი წლის. ღმერთის წყალობით ჯანმრთელია და თავის ძამიკოს ისე უვლის, დიდი ადამიანი გეგონებათ. თელავის რაიონში სოფელ ჩალაურში ვცხოვრობთ. დიდი ეზო მაქვს, რომელსაც გარს კარგი ბუნება აკრავს.
მისი ავადმყოფობის გამო სულ სახლში მიწევს ყოფნა, მას მარტო ვერ დავტოვებ, მოვლა სჭირდება. მომვლელის აყვანა კი ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ისეთი საქმიანობის წამომეწყო, რომ გარეთ ხშირად გასვლა არ დამჭირვებოდა და ჩემს შვილს ერთი წუთითაც არ დავტოვებდი. „ვორლდ ვისიონის“ წყალობით გავიარე უფასო ტრენინგები, დავწერე ბიზნეს გეგმა, ჩავაბარე გამოცდები და გადმომეცა ფუტკრის ხუთი ოჯახი. ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ჩემი შვილებისთვის დამატებითი მცირე, მაგრამ მაინც შემოსავლის წყარო იქნებოდა. ფუტკარი 2017 წლის შემოდგომაზე გადმომეცა, ზუსტად იმ დროს ერთი სკა გავამრავლე და გავხადე ექვსი. ამ გაზაფხულზეც გავამრავლებ და ვფიქრობ, რომ მალე სერიოზული საქმიანობა მექნება.

- ვინმე გეხმარებათ?
- რა თქმა უნდა, ყოველთვის ვკითხულობ რჩევას გამოცდილი მეფუტკრეებისგან. არ მინდა, რამე შეცდომა დავუშვა და ამით ჩემი პატარა მწერები დავაზარალო. სამწუხაროდ, ჯერ ბევრის გამრავლება ვერ მოვახერხე, რადგან დედის შოვნა გამიჭირდა ახალი ოჯახისათვის, უდედოთ კი თქვენც იცით, რომ ოჯახი ვერ იცოცხლებს.

- როგორ იწყება ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენთვის?
- ყოველდღე ადრე უნდა ავდგე. ბავშვი მოვაწესრიგო, საუზმე გავუმზადო, სკოლაში წავიყვანო. რადგან სიარული არ შეუძლია, დიდი დრო და ძალისხმევა მჭირდება ამისთვის. მიმყავს სკოლაში, გვერდით ვუზივარ და სამი გაკვეთილის შემდეგ სახლში ვბრუნდებით, რადგან დიდი ხანი ჯდომაც არ შეუძლია, იღლება. შემდეგ ვარჯიშზე მიმყავს, ოღონდ ეს ყოველთვის არ ხდება. როდესაც კურსი უმთავრდება, ვისვენებთ. შემდეგ სახლის საქმეებს ვუბრუნდები, სადილს ვუმზადებ, ვურეცხავ და ასე შემდეგ. თუ ფუტკართან მაქვს სამუშაო, ვიცვამ კომბინეზონს და ვიწყებ მუშაობას. შემდეგ საღამოც მოდის და ასე გრძელდება ისევ და ისევ.

- ფუტკარს სეზონურად სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება?
- კი, რა თქმა უნდა, ფუტკარს სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება, დავიწყოთ გაზაფხულიდან. თავდაპირველად უნდა დავიწყოთ ბუდის გაფართოვება. ბუდის გაფართოვება თანდათან უნდა მოხდეს, ერთნაირად არა. ბუდის დროული გაფართოვება ფუტკრის ოჯახის გაძლიერებას იწვევს, მაგრამ გაფართოვების დაგვიანება იწვევს დედის კვერცხისდების შემცირებას და ოჯახის განვითარების შეფერხებას, შემდეგ იწყება გალიანობა. ამ დროსაც რა თქმა უნდა დიდი ყურადღება მართებს მეფუტკრეს. მაგალითად ის, რომ ფუტკარს მისცეს გასაქანი იმუშაოს და ჰქონდეს საკმარისი სივრცე, რათა მოახერხოს თაფლის შეგროვებაც და გამრავლებაც. აქ რომ მოვყვე იმდენი რამის თქმა მომიწევს, რომ ალბათ წაკითხვაც კი ძნელი იქნება. ძალიან ბევრი რამ უნდა ფუტკარს, რათა გამრავლდეს და პროდუქცია მოგცეს. მას აუცილებლად სჭირდება საკვები სტიმულაციისთვისაც და საკვებად გამოსაყენებლადა. ასევე სჭირდება მკურნალობა, შეწამვლა სეზონურად, რათა თავიდან ავიცილოთ ესა თუ ის ავადმყოფობა და ზამთრისთვის კი დგება მომენტი, როდესაც უნდა დავათბუნოთ სკები, რათა არ გაიყინოს ფუტკარი. თავი რომ გაართვა, ძალიან უნდა გიყვარდეს ეს საქმე. მეკი ეს პაწაწინა არსებები სიგიჟემდე მიყვარს და მსიამოვნებს მათთან მუშაობა, მათი ყურება, როგორ ფუსფუსებენ და შრომობენ. მაქვს სპეციალური ლიტერატურა და სულ ვკითხულობ რაიმე არ გამომეპაროს. ვცდილობ კარგი მეფუტკრე ვიყო.

- როდის და როგორ ხდება თაფლის ამოღება? რამდენად რთული და ხანგრძლივი პროცესია ეს?
- შემოდგომით თაფლის ამოღებას შევუდგებით ხოლმე. ეს არც ისე რთული პროცესია, პირიქით სასიამოვნოცაა, მაგრამ საწურის დატრიალება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ვალაგებთ თაფლიან ჩარჩოებს და მიგვაქვს დახურულ ოთახში, რათა არ მოხდეს ფუტკრის დაცემა. შემდეგ ავათლით სპეციალური დანით ანათალს და ვალაგებთ საწურში. ვატრიალებთ ჯერ ნელა, შემდეგ კი სწრაფად, რათა თაფლი კარგად გამოიწუროს. ეს ისეთი სასიამოვნო პროცესია, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. გამოწურვის შემდეგ ვამუშავებთ, ანუ რამდენჯერმე ვწამლავთ ფუტკარს ტკიპაზე.

- სად ახდენთ თაფლის რეალიზებას?
- ამჟამად თაფლი მცირე რაოდენობით მაქვს, რასაც ბავშვებისთვის ვიყენებ საკვებად. მაგრამ ბევრი როცა მექნება, ჩავაბარებ ხოლმე.

- რაზე ოცნებობთ, რა გეგმები გაქვთ?
- ჩემი ოცნება პირველ რიგში ჩემი შვილის ფეხზე დადგომაა. მინდა, რომ სხვა ბავშვებივით შეეძლოს სიარული. ღმერთს ვთხოვ, ეს დღე მალე დადგეს, ძალიან მალე... მინდა წარმატებული მეფუტკრე ვიყო და იმდენი შესაძლებლობა მქონდეს, რომ მცირედით მაინც დავეხმარო ჩემი შვილივით დაჩაგრულ პატარებს.
მერი ბლიაძე

კომენტარები

სალომე 2020-06-05 15:13
წარმატებული და ბედნიერი დედა გამყოფოს უფალმა თეონა
თეონა 2020-06-05 08:46
მადლობა ყველას მიყვარხართ
შორენა 2020-06-04 21:44
თეო უსაყვარლესი გოგო ხარ, შენი პატარა მალე გაგახარებს...მე ამის იმედი მაქვს.უფალმა დაგლოცოთ!
თეონა ნატროშვილი 2018-08-14 22:10
დიდი მადლობა ყველას მიყვარხართ
თეონა 2018-04-28 07:04
ყველას დიდი მადლობა ასეთი

სითბოსთვის და სიყვარულისთვის,,, გაიხარეთ უფალმა დაგლოცოთ

კომენტარის დამატება