ქალაქიდან სოფლად გადასახლებული მასწავლებლის მეურნეობა, ლამაზი ბაღი და ბიოპროდუქტები

„მიწის მაგიურ ძალას ვერ გავექეცი“ - ამბობს ქუთაისიდან სოფელ მაღლაკში გადასახლებული მასწავლებელი, ნინო ღურჭუმელიძე. ქალბატონმა ნინომ ადვილად დათმო ქალაქის მჩქეფარე ცხოვრება და სოფელში მეუღლესთან ერთად მეურნეობას მიჰყო ხელი. ხშირად სიამაყით გადაჰყურებს საკუთარი შრომის შედეგს, შვრიის ყანაში მხნედ მიაბიჯებს მეუღლესთან ერთად, ტკბება საკუთარი ხელით გახარებული ათასფერი ყვავილების სილამაზით, საღამოს კი შვილებს შინ მოყვანილი ბიო პროდუქტებით უმასპინძლდება.

- უკვე 30 წელია დაწყებითი კლასის პედაგოგი ვარ. ვმუშაობ ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლაში. უსაზღვროდ მიყვარს ჩემი პროფესია და ბავშვები. ყველაზე კარგად
თავს მათთან ურთიერთობაში ვგრძნობ და მივიჩნევ, რომ ნამდვილი ადამიანები ბავშვები არიან. ხშირად ვამბობ და მართლა ასე მგონია, რომ ამ ხნის მანძილზე მათთან ურთიერთობამ იმაზე ბევრად უკეთეს ადამიანად მაქცია, ვიდრე ვიყავი. ჩემს მოსწავლეებზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო... ამჟამად ვცხოვრობ უმცროს ქალიშვილთან, მეუღლესთან და მეუღლის მშობლებთან ერთად. ჩემი გატაცება, უკვე რამდენიმე ათეული წელია, ეზოს და ქოთნის მცენარეების მოშენება-გამრავლებაა. ადრე სულაც არ მიყვარდა მცენარეები. პირველი მცენარე, რომელიც გავახარე, ეზოს აგავა იყო, სულ რაღაც ხუთ სანტიმეტრიანი. ეს აგავა დღესაც საპატიო ადგილზე ყვავის ჩემს ეზოში და უკვე 25 წლისაა.

- ქუთაისიდან მაღლაკში გადახვედით საცხოვრებლად. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- მოკლედ ასე შემიძლია ვთქვა, მიწის მაგიურ ძალას ვერ გავექეცი. ასე მგონია, თუ მიწას არ შევეხე, ცუდად ვარ. ვრცლად კი ამის მიზეზი ჩემი ბავშვობაა. გავიზარდე ქუთაისის უძველეს უბანში პატარა, ეზოიან სახლში, მთელ ზაფხულს ლეჩხუმში, ჩემს უსაყვარლეს და ულამაზეს სოფელში ვატარებდი. იქ ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული სასოფლო-სამურნეო საქმიანობაში. დედას თავისი აღზრდის მეთოდები ჰქონდა. თითქმის არასოდეს არ გვაჩერებდა უსაქმოდ, თან ჯამაგირს გვიხდიდა საქმიანობაში და ამით მოტივაციას გვიმაღლებდა. აქედან მოდის ჩემი შრომისმოყვარეობა და დღესაც სულ ვცდილობ რაიმე საქმე ვაკეთო. ამინდის მიუხედავად ყოველთვის ვნახულობ გასაკეთებელ საქმეს. ამიტომაც სულ მიზიდავდა სოფელი და როცა ნახევარ საუკუნეს მივუახლოვდი, გადავწყვიტე, უფრო მყარად დავკავშირებოდი მიწას. მინდა აქ, სოფელში ავაწყო პატარა მეურნეობა, რომლითაც საკუთარი ოჯახის ჯანსაღი საკვები პროდუქტით უზრუნველყოფას შევძლებ. თან ეს საქმიანობა სიამოვნებას მანიჭებს, სოფელში უფრო ბუნებრივი, ხალასი, უბრალო ყოფა, სილამაზეა და ესეც ძალიან მომწონს.
წელს პირველად, შემოდგომაზე შვრია დავთესეთ. შიშველი აკაციის ხეებში, პატარა, დაქნილ ბილიკებში რომ მიდიხარ და უცებ შემოგანათებს ხასხასა მწვანე, მობიბინე შვრიის ყანა, ისე ლამაზი სანახავია, რომ პაემანზე დაბარებულივით დავდივართ ხოლმე მე და ჩემი მეუღლე ყანის დასახედად... და რამდენი რამ კიდევ ასეთი, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოს ხდის აქ ყოფნას.

- თქვენი შვილები სტუდენტები არიან. მათ რა რეაქცია ჰქონდათ, როცა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს?
- ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ სოფელი, აქტიურად ვიყენებდი ხოლმე დედაჩემის აღზრდის მეთოდებს და ასე ,,შევყარე“ სოფლის სიყვარული მათაც.

- რით განსხვავდება სოფლად ცხოვრება ქალაქური ცხოვრებისგან? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს?
- მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი მშვიდი, პატარა და ჩემი უსაყვარლესი ქალაქია, მაინც ხმაურიანია. მე კიდევ სიწყნარე და სიმშვიდე ძალიან მიყვარს. ქალაქში ცხოვრებისას მეტი თავისუფალი დრო მქონდა, რაც სიმართლე გითხრათ, მენანებოდა, ტყუილად რომ იხარჯებოდა, აქ კი პირიქით, დრო არ მყოფნის ხოლმე. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ქალაქში საკვების ნარჩენები რომ უსარგებლოდ იყრებოდა, ისიც კი მენანებოდა, აქ კი რაც შეიძლება შინაურმა ცხოველებმა მიირთვან, მათ საკვებად ვიყენებ და დანარჩენით კომპოსტს ვამზადებ. ჩემთვის არანაირი უარყოფითი არა აქვს სოფლად ცხოვრებას, თან ჩემი სოფელი ქალაქთან ძალიან ახლოსაა, გზის პრობლემა არაა, ასე რომ, არანაირი დისკომფორტი არ მექმნება აქ ცხოვრების გამო. ახლა იმასაც ვფიქრობ, ჯერჯერობით იდეის დონეზე, რაიმე ისეთი გავაკეთო, რომლითაც მოვახერხებ ქალაქელი ბავშვები სოფლის სიკეთეებს ვაზიარო და პატარაობიდანვე გავუღვიძო მიწასთან, შინაურ ცხოველებთან, ფრინველებთან ურთიერთობის სურვილი.

- მეუღლესთან ერთად მცირე მეურნეობა წამოიწყეთ. მოგვიყევით, რას საქმიანობთ ამ ეტაპზე სოფელში?
- ო, საკმაოდ სასიამოვნო ეტაპზე ვარ ახლა. მალე გაზაფხული მოდის და ვამზადებ საყანე ადგილებს, ერთი ჰექტარი ყამირი გავტეხეთ, მინდა სიმინდი დავთესო და ჩემი მცირე მეურნეობისთვის საკმარისი საკვები თვითონ ვაწარმოო. ველოდებით ხბოებს. აი, მარტიდან დაიწყებენ ჩვენი "გოგოები“ ( ასე ვეძახით მე და ჩემი მეუღლე), ისე საყვარლად დააქვთ დიდი მუცლები ჩემს ძროხებს. მარტში ველოდებით პირველ გოჭებსაც, დიუროკის ჯიშის ღორები ვიყიდეთ სანაშენედ და ერთი სული გვაქვს, როდის "ჩავგოჭიანდებით“, გამოიჩეკებიან წიწილები, ინდაურის ჭუკები, იხვის და ბატის ჭუჭულები (ამათზე ხომ ვგიჟდები ისე მიყვარს, ბავშვობის ოცნება ავისრულე მათი მოშენებით, გასულ გაზაფხულზე მოვიყვანეთ პატარა ბატის ჭუჭულები და გავზარდეთ). თუმცა, შეიძლება მეზობლებმა "გაგვასახლონ“, ისე ხმამაღლა ყიყინებენ ჩვენი ბატები. ვამზადებ საჩითილეებს, თვითონ გამომყავს კიტრის, პომიდვრის, სხვადასხვა წიწაკის, ბადრიჯნის და სხვა ბოსტნეულის ნერგები. საქმე ბლომადაა ჩვენთან. კიდევ ვენახი გავაახლეთ და სარებია შესაცვლელი.

- რამდენად სასიამოვნოა თქვენთვის მიწაზე მუშაობა, რას გრძნობთ, როცა თქვენი შრომის შედეგს ხედავთ?
- მგონი შედეგზე მეტად პროცესი მომწონს, თუმცა შედეგი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს ეზოს რომ გადავხედავ, ჩემს ვარდებს, ტიტებს, ფურუსულებს, ნარცისებს და რა ვიცი კიდევ რამდენ ფერად გოგოს, კარგი ხელოვნების ნიმუშს რომ დააკვირდები, ოდნავ მოჭუტული თვალებით, აი,ზუსტად ასე ვუყურებ ჩემს "შედევრებს“. მიწაზე მუშაობაც ძალიან სასიამოვნოა. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ხშირად წავიძრობ ხოლმე ხელთათმანებს ნიადაგზე მუშაობის დროს, უფრო კარგად რომ შევიგრძნო მიწა.

- როგორ ფიქრობთ, მომავალში თქვენი შვილებიც დაბრუნდებიან სოფელში?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მათი გადასაწყვეტია, მათ ასაკში ნამდვილად არ ვფიქრობდ,ი რომ ოდესმე ასე მეყვარებოდა სოფელი.

- როგორც ვიცი, უფროსი გოგონა შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ენერგოეფექტურ მშენებლობაზე სწავლობს. სამომავლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით რაიმე გეგმები ხომ არ აქვს?
- როგორც კი რაიმე ახალს ისწავლის, სულ პარალელს ავლებს საქართველოსთან - ეს აქ ასე გაკეთდებოდა, ეს ისეო... ეს სპეციალობაც ამიტომ აირჩია, თვლის, რომ ეს მომავლის პროფესიაა და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით. თუმცა, სამწუხაროდ, არა მგონია ვინმეს საქართველოში ჯერჯერობით ამ სფეროს განვითარება აინტერესებდეს და მარტო მარიამის სურვილები არ იქნება საკმარისი.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- რაიმე გრანდიოზული გეგმები არ მაქვს. მინდა ისე გავმართო ჩემი საოჯახო მეურნეობა, რომ მთლიანად უზრუნველვყო ოჯახი და ჯანსაღი პროდუქცია გავყიდო კიდეც. აქტიურად ვმუშაობ ჩემი დიდი ხნის ოცნების განსახორციელებლად - მინდა გავაკეთო საკვირაო სკოლა, სადაც ქალაქელ ბავშვებს გავაცნობ სოფლის ცხოვრებას, მივაღებინებ მონაწილეობას სასოფლო სამურნეო საქმიანობაში (ყველის ამოყვანა, სულგუნის გადაზელა, შინაური ცხოველების და ფრინველების გამოკვება, ყვავილების, ბოსტნეულის დარგვა-დათესვა-გამრავლება). რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს მათ ასაკის შესამაბისი აქტივობებით და შემეცნებითი თამაშების სახით უნდა შევთავაზო. ვფიქრობ, როცა პანდემია გადაივლის და იმედია ეს მალე მოხდება, ჩემს ოცნებასაც ავისრულებ.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ნინო 2021-08-16 15:03
ძალიან მინდა დაგიმეგობრდეტ, შორიდან გიცნობთ, ჩემმა შვილებმაც 42-ე დაამთავრეს.მაღლაკში ვასწავლი და ძალიან შემიყვარდა ეს მხარე. იქნებ ერთად უფრო მეტი შევძლოთ მომავალი თაობისთვის. ყოჩაღ, რომ იდეა საქმედ აქციეთ. მე ჯერ კიდევ ვოცნებობ.... რა სილამაზები დაგიტრიალებიათ.
მაია 2021-02-21 19:02
ჩემი საყვარელი ნინო...ყველა საუკეტესო თვისებით შემკული...
ნინო გუბელაძე 2021-02-19 21:22
ულამაზესი ეზოკარი ! მეამაყება, რომ ამ ოჯახის მეგობარი ვარ!
ინგა 2021-02-17 23:50
წარმატებები,ნინო????????????
თბილი,საყვარელი და მისაბაძი ოჯახი ხართ.
????????????????????

კომენტარის დამატება