სვანური ტრადიციები, რომლებზეც ბევრს დამახინჯებული წარმოდგენა აქვს...

სვანი კაცისთვის მისი წინაპრების დატოვებული ადათ-წესების შესრულება უპირველეს ადგილას იყო. ამ ბუნებისგან სიბრძნით დაჯილდოებულმა ადამიანებმა საკუთარი სამართალი შექმენს და მათი ცხოვრების მიზნად გაიხადეს. დღემდე ასეა, სვანეთი უძველესი ტრადიციების მატარებელი კუთხეა და დღემდე იგრძნობა სვანი კაცის პატივისცემა იმ ტრადიციებისა და ადათ-წესებისადმი, რომელიც საამაყო წინაპრებმა შემოუნახეს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ადათებზე ხშირად დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება და ზოგ ტრადიციას მავნეს უწოდებენ. სვანთა გამქრალ დღესასწაულებზე და ადათ-წესებზე პოეტი ერეკლე საღლიანი გვესაუბრა.

- ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, არ შეიძლება იყოს მავნე, მაგრამ არის მეორე მხარე
- ტრადიცია, რომელიც არ ვითარდება და არ პასუხობს დროს, იყინება და მერე რასაკვირველია, კარგავს თავის დანიშნულებას. გამიგონია ხალხისგან, სისხლის აღების ტრადიცია მავნე ტრადიციაა და ა.შ. საზოგადოებამ დამახინჯებულად იცის ამ ტრადიციის შესახებ, საერთოდ რატომ არსებობდა. მე მახსოვს, ბავშვობაში სვანი კაცი ტრადიციებს როგორ სცემდა პატივს, როგორ ვზეიმობდით ერთად მთელი სოფელი ხატობებზე და ეს ჩენთვის მაგალითი იყო კაცობის.




რაც შეეხება სისხლის აღების ტრადიციას, თუ მოხდებოდა და კაცი კაცს მოკლავდა, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ დაზარალებული ოჯახის წევრებს იარაღი ხელში არ აეღოთ. ეს ტრადიციასავითი იყო დაზარალებული მხარე ორი სამი თვის განმავლობაში იარაღს ხელს არ კიდებდა. ისინი დამნაშავის ოჯახის წევრების სინდისსა და ნამუსს მიანდობდნენ ყველაფერს. ამის შემდეგ დამნაშავის ოჯახის წევრებს ევალებოდათ შეკრებილიყვნენ და დაესვათ საკითხი - მოკალი კაცი? არ გაქვს მორალური უფლება, აქ იყო, მოკლულის ძმები ყოველდღე გიყურებდნენ და ხიჭვად ესობოდე მათ. ამიტომ შეგნებული ადამიანი მიდიოდა, ერიდებოდა მათ. იქნებ მათ სულაც არ უნდოდათ სისხლის აღება? ეს საქციელი სიკვდილს უდრიდა. თუ მაინც არ წავიდოდა, დაზარალებული მხარე ამას დაცინვად აღიქვამდა და უკვე აღარ ზოგავდნენ მას. ხოლო ოჯახის წევრებს შორის შერიგება ხდებოდა.



ძველად ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ ამ ტრადიციების არსი. მათ ზუსტად და რაც მთავარია სწორად ჰქონდათ განსაზღვრული, რასაც აკეთებდნენ,
მათ იცოდნენ, რომ უშეცდომო ადამიანი არ არსებობდა. როცა მედიატორს უნდა განესაჯა ორი მოდავის საქმე, ფიცს პირველი ის დებდა - „ღმერთო, თუ ასე მივიჩნევ, რომ ეს არის სიმართლე და ჩემს ადამიანურ ალღოში შევცდები და ვერ განვსჯი სწორად, მაშინ ნუ დამსჯი, მაგრამ შეგნებულად მიკერძოება თუ დავუშვი, მაშინ დამსაჯე“. მიკერძოება არასოდეს ხდებოდა. ისინი ყოველთვის მართალნი იყვნენ უფლის და ადამიანების წინაშე.
მოვესწარი, სხვათა შორის, რამდენიმე მახვშს. ისე უფასურდებოდა ჩვენი კლასიკური განათლება მათი ღვთაებრივი ცოდნის წინაშე, შედარებაც კი არ შეიძლება. იმდენად მაღლა იდგნენ.



- აკვანში ქალის დანიშვნის ტრადიციაზე რას გვეტყვით?
- აკვნიდან ქალის დანიშვნის ტრადიცია ძველად სვანეთში ნამდვილად არსებობდა, მაგრამ არა ისე, როგორც დღეს ფიქრობენ, რომ ვითომ თუ არ მოეწონებოდათ ერთმანეთი ან ერთ რომელიმეს არ მოეწონებოდა, აუცილებლად მაინც უნდა დაქორწინებულიყვნენ. ეს სრული სისულელა. ათასში ერთხელ ხდებოდა და იშვიათად თუ შედგებოდა ხოლმე ეს ქორწინება. იყო შეთხვევები, როცა სადღაც იყვნენ, გადაურჩებოდნენ სიკვდილს და შეუთქვამდნენ ერთმანეთს, რომ დანათესავებოდნენ. იყო ასეთი რამ, მაგრამ თუ ასეთ შემთხვევაში გოგო კატეგორიულ უარს აცხადებდა მის გაყოლაზე, მაშინ აფიცებდნენ ხატზე დაწუნებულ მხარეს, რომ არ გაბრაზდებოდა და აპატიებდა ამგვარ საქციელს. ამას სვანები „ლაგნეში ლიგნეშს“ ვეძახით. ანუ ჩემი თავი დავაყენე იმის ადგილზე და როგორც შენ მომიტევე, ისე მოგიტევებდი მეც, პირიქით რომ ყოფილიყო. იცოდეთ, სვანი ხატს არ გატეხდა, თუ ამისთვის ის მზად არ იყო, ხატზე დასაფიცებლად არ წავიდოდა. ეს არის ჯვრისა და ხატის სამართალი. სვანი კაცი ხატზე რომ იფიცებდა, იცით რას ამბობდა? - დედამიწის ცოდვა მქონდეს, თუ ვტყუოდეო, ანუ ის მზად იყო, მთელი დედამიწის და კაცობრიობის ცოდვა საკუთარ თავზე აეღო.



- დღეს სამწუხაროდ, არსებობს ბევრი ისეთი რელიგიური დღესასწაული, რომელიც გამქრალია სვანეთში. თქვენ თუ გაიხსნებედით რაიმე მსგავს დღსასწაულს, სადაც მონაწილეობა მიგიღიათ?
- დღესასწაულებიდან შეიძლება ვისაუბროთ „სკარ“-ზე. ეს სიტყვა ერთობას ნიშნავს. გვაქვს ასეთი სიტყვა „ლისკარელ“, იყენებენ მაშინ, როცა ყველა ერთად მიირთმევს საჭმელს. მაშინ პატარა ვიყავი, ჩვენს სოფელში რომ ტარდებოდა. ამ დღსასწაულს მეორენაირად უფლისა ეწოდებოდა. რატომ ერქვა ამას ერთობა და მეორენაირად უფლისა? იმიტომ, რომ როცა ადამიანები ერთად არიან, ეს ადამიანსაც უხარია და უფალსაც. დღესასწაულისთვის მზადებას წინასწარ იწყებდა სოფელი, რადგან სხვადასხვა სოფლიდან მოსულ ხალხს უნდა გამასპინძლებოდა. იყო მიწა, რომელსაც „უფლის მიწა“ ერქვა და მას ვერავინ შეეხებოდა, გარდა იმისა, ვინც იმ წელს სკარობის დღესასწაულის მასპინძელი არ იყო. მაგალითად, თუ წელს ჩემი ოჯახი იყო მასპინძელი, იმ მიწას მე ვამუშავებდი, იქ მოყვანილი საკვებით ვაპურებდი საკლავს, რომელიც დღესასწაულზე უნდა დამეკლა.



სოფელში თუ ვინმე უმძრახი იყო, უნდა შეგერიგებინა, რადგან ნასვამ ხალხს შეიძლება გახსენებოდა და უსიამოვნება მომხდარიყო.
იმ დღეს დაუშვებელი იყო შფოთი, ჩხუბი იშვიათად, მაგრამ თუ მაინც მოხდებოდა, სუფრიდან გაუშვებდნენ მას და ხატობაში დარჩენის საშუალებას აღარ აძლევდნენ. ეს დღესასწაული მარტო ქეიფით და დროს ტარებით არ მთავრდებოდა. მეორე დღეს, საღამო ხანს მხოლოდ ამ სოფლის მაცხოვრებლები შეიკრიბებოდნენ და ბჭობდნენ იმ პრობლემებზე რომელიც მათ აწუხებდათ.მაგალითად, შეიძლება გზა გაფუჭებული ან წყალი, საუბრობდნენ როდის გამოვიდოდნენ სამუშაოდ, რამდენი კაცი იყო საჭირო თუ დახმარება იყო საჭირო სხვა სოფლებიდანაც უნდა მოეყვანათ. სამწუხაროდ, კომუნისტების პერიოდში მოისპო ეს დღესასწაული, როგორც „მავნე რელიგიური გადმონაშთი“. რამდენად მავნე დღესასწაულია თქვენ განსაჯეთ. ეს იყო დღესასწაული, სადაც ადამიანები იმის გამო იკრიბებოდნენ, რომ სოფლის საჭირბოროტო საქმეები გადაეწყვიტათ და მოეგვარებინათ.

1

ასევე გამქრალია კაცების მხრიდან დატირება. სვანური ზარი, სვანური დატირება ყველამ იცის როგორი ემოციური და უნუკალურია...კაცების დატირებას კი თავისი ხიბლი ჰქონდა. ნათქვამია - „მამაკაცის ცრემლი მიწას რომ ეცემა, ლოდის სიმძიმეს იძენს და ჩააქვს ის მიწას სიღრმეშიო“. მე მახსოვს, ერთი კარგი ვაჟკაცი დაიღუპა სვანეთში და დაიტირა მისმა თანატოლმა. ასეთი რამ თქვა: - ასე მგონია, თითქოს ვაჟკაცობა მიგაქვს თანო. ანუ ვაჟკაცობის ცნება და შინაარსი ყველაფერი მიდის შენთან ერთადო...
სამწუხაროდ, ბევრი ტრადიცია და დღესასწაული მოისპო კომუნისტების დროს, შემდეგ აღდგენა ვეღარც მოხერხდა. აღარ იყვნენ ხევისკაცები, ის მედიატორები, რომლებიც თავიანთი მსოფლმხედველობით და გამჭრიახობით გამოირჩეოდნენ. აღარ ჰქონდათ საშუალება ოჯახებს, მოსულ სტუმრებს გამასპინძებოდნენ ხატობებზე და გაქრა ნელ-ნელა...
ნინო ჩიქოვანი

კომენტარები

ალექს 2018-05-20 10:08
ზვიადჯან,ერთხელ წადი ბიჯო სვანეთში,წადი..და იქიდანაც თუ მასეთი აზრით ჩამოხვალ მართლა აღარ ყოფილა საშველი მაშინ..
ვანო 2018-05-17 17:54
ამასწინათ ქართლის ორ რაიონში მომიწია სუფრაზე ყოფნა და იქ რომ ზვიად,შენნაირი ქართველი მოხვედრილიყო ალბათ კბილებით დაგლეჯდნენ,შე გადაგვარებულო!
ხვიჩა 2018-05-15 14:07
ბ-მა ერეკლემ კარგად მარტივად აღწერა და გააცოცხლა რამოდენიმე წესი, თვალწინ მიდგას ლისკარელი და დიდი ტრაპეზის მაგიდა, მხიარული თავისუფალი საზოგადოება გასაოცარი ადათ-წესებით
გიორგი 2018-05-15 11:49
ზვიად შენი ოჯახის წევრებს შენს გამზრდელს და განმანათლებელს გავავლე მუსრი ჩემი დიშლით! აი ეს არის შენთვის თანამედროვე და მისაღები და გაირტყი ჯიშის და ჯილაგის ჯანში! შენ და ყველა შენისთანა მოღალატეს!
სოსო 2018-05-11 22:01
ეეჰზვიად,ზვიად.სახელიც კი უცხო ენაზე გიწერია და ეტყობა ნამდვილ ქართულ თვით შეგნებასთანაც(მენტალიტეტს რომ ეძახიან) აღარაფერი გაქვს საერთო.იმ ხალხმა ხშირად წერა კითხვაც კი არ იცოდა,მაგრამ ცხოვრების ცოდნაა ყველაზე დიდი განათლება,ხოლო სინდისი და ღვთის შიში,ყველაზე დიდი სამართლიანობა.სწორედ ეს ჰქონდათ მათ მოჭარბებულად,ჩვენი განათლების რეფორმის გადამკიდეებს კი განათლების ამაღლების იმედი ისედაც არ უნდა გვქონდეს და პატიოსნების თემა რომ ხალხისათვის სასაცილოდ ასაგდები გახდა,არც ეგ უნდა იყოს დაუჯერებელი.ერეკლე საღლიანი არის ერთერთი საუკეთესო ადამიანი და კულტურული მოღვაწე ვისაცავად თუ კარგად ვიცნობ.მადლობას ვუხდი ამ სტატიისათვის და ვთხოვ,გააგრძელოს ამ თემაზე წერა.რაც მან იცის,ისიც უკვე ძალიან ცოტამ იცის საქართველოში,თუ საერთოდ მაინც ვინმემ იცის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები