15 წლის ბიჭი, რომელმაც მეთუნეობა ისწავლა და წინაპართა ტრადიციებს აგრძელებს

სოფელ ბოსლევში 15 წლის ლაშა მახათაძე ერთადერთი მოზარდია, ვინც წინაპრების მიერ დანატოვარი ტრადიციის გაგრძელება ისურვა. შვიდი წლის ასაკში ბაბუამ კრამიტის მოჭრა და გამოწვა ასწავლა. 13 წლის იყო, როცა დამოუკიდებლად მოჭრა კრამიტი. ოცნებობს, რომ ეს ძველი ტრადიცია არასოდეს გაქრეს და მის სოფელში სახლები კვლავ ლამაზი, წითელი კრამიტით გადაიხუროს. ლაშა ბაბუას დაჰპირდა, რომ მის საქმიანობას სიცოცხლის ბოლომდე გააგრძელებს.

- მეათე კლასის მოსწავლე ვარ. სოფელ ბოსლევის საჯარო სკოლაში ვსწავლობ. მეთუნეობა ბაბუისგან ვისწავლე. როცა პატარა ვიყავი სულ უკან დავსდევდი, ისიც ისეთ საქმეს მავალებდა, რაც
ჩემთვის ადვილი შესასრულებელი იყო. როცა წამოვიზარდე უკვე სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს. 13 წლის ვიყავი, როცა პირველად დამოუკიდებლად მოვჭერი კრამიტი. თავიდან ისე არ გამომდიოდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ გული არ ამიცრუებია. დროთა განმავლობაში კარგად დავეუფლე ხელობას. ბაბუა ამით ბედნიერი იყო. უნდოდა, რომ ეს პროფესია არასოდეს გამქრალიყო. სანამ გარდაიცვლებოდა შევპირდი, რომ მის საქმიანობას სიცოცხლის ბოლომდე გავაგრძელები და ჩემს შვილებსაც ვასწავლიდი.

- რთულია მეთუნეობა?
- თავიდან რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა საერთოდ არ მიჭირს.

- ვინმე გეხმარება ამ საქმეში?
- მამაჩემი და ჩემი ძმა. მე და ჩემი ძმა მივდივართ და თიხას ჩვენ თვითონ მოვიპოვებთ. აუცილებელია კრამიტისთვის საჭირო მიწა იპოვო. არ შეიძლება კრამიტს ცუდი მიწა, რომ შეერიოს. მე უკვე ზუსტად ვიცი სად უნდა ამოვიღო მიწა. ეს მიწა შემდეგ თიხის საზელ კალოში იზილება. თიხა, რომ მოითელება ამის მერე ყალიბით უნდა მოვჭრათ. შემოდგომის და ზამთრის პერიოდში კრამიტს არ ვჭრით, რაგდან ცივა, ცუდი ამინდებია და გაშრობას ვერ ახერხებს. ძირითადად ზაფხულში ვმუშაობ. მოჭრილი კრამიტი 3-4 დღეში უკვე მშრალია. კრამიტს ბაბუის აშენებულ სახელოსნოში ვჭრით.

- დღის განმავლობაში რამდენი ხანი მუშაობ?
- დილით ადრე ვიწყებ მუშაობას. შუადღისით, როცა დაცხება ვისვენებ და საღამოს ისევ ვაგრძელებ. იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ დაღლას ვერ ვგრძნობ. დღეში საშუალოდ 150-200 კრამიტს ვჭრი.

- სად ყიდი კრამიტს?
- ვისაც სურვილი აქვთ, მოდიან და სახლიდან მიაქვთ. ძირითადად ეკლესიებისთვის და რესტორნებისთვის ყიდულობენ. სახლისთვის არ მიაქვთ. გული მწყდება, რომ სახლებს კრამიტით აღარ ხურავენ. ბაბუასგან ვიცი, რომ ადრე ჩვნს სოფელში სახლები კრამიტით ყოფილა დახურული. ახლა მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს.

- კრამიტით გადახურვაც იცი?
- მიუხედავად იმისა, რომ არ არის მარტივი საქმე, კრამიტით გადახურვაც ვისწავლე.

- რით არის გამორჩეული კრამიტი?
- ჯერ ერთი, ეკოლოგიურად სუფთაა და სუნთქავს, ამავე დროს ძალიან ლამაზია. ზამთარში სითბოს ინარჩუნებს და ზაფხულში სიგრილეს. კრამიტი ისე იწყობა, რომ ქარი და წვიმა ვერაფერს აკლებს. ერთი კრამიტი დაახლოებით ორ კილომდე იწონის და საკმაოდ მყარია.

- ეს საქმიანობა სწავლაში ხელს არ გიშლის?
- როგორც უკვე გითხარით ზაფხულობით ვმუშაობ, როცა უკვე სკოლიდან დამითხოვენ აქტიურად ვიწყებ მუშაობას. ჩემი სოფლელი ბიჭებიც დაინტერესდნენ ამ საქმიანობით, ხშირად მეხმარებიან და თან ვასწავლი. მე ჩემს დადებულ პირობას აუცილებლად შევასრულებ, ამ ტრადიციას არ დავივიწყებ, პირიქით ვეცდები რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მოვაწონო და დავაინტერესო. თუ ეს საქმიანობა აღდგება ჩვენ სოფელში, ოჯახებს შემოსავალიც გაუჩნდება და სოფელი წინ წავა.
მერი ბლიაძე

კომენტარები

ირაკლი 2022-06-05 12:53
ტელ:თუ შეიძლება რომ მოიწეროთ
lika guliashvili 2020-04-27 23:33
rogori sasiamovnoa amas axalgazrda rom getyvis maladec daglocos upalma unda gaavrcelot ikneb da msurveli bevria da surs kramitis shedena carmatebebi
თამარი 2019-09-08 14:37
ლაშა ძალიან გამახარა შენმა წამოწყებამ.ისწავლე კიდევაც და ეს ხელობა დამატებითი შემოსავლის წყაროდ აქციე ,მთელი სოფლის ახალგაზრდებისათვის ტრადიციულ ხელობაში მაგალითი იყავი და გახსოვდეს ძირძველი პროფესიების შესწავლა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საფუძველია.წარმატებები....ძალიან გამახარე
ნინო 2018-08-16 10:13
საკონტაქტო ინფორმაციაც დაწერეთ ხოლმე
mixeil janelidze 2018-04-27 13:28
karg saqmes aketeb,da imedia shemosavalsac solidurs moqcems es saqmianoba da kidev upro daxvewav tanamedrove doneze,ratom unda vikidot ucxouri to iqneba adgilobrivi tanamedrove standartebis da gaamdle.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები