სვანები "სირცხვილის წიგნს" ადგენენ - როგორ აპირებენ ჰესების წინააღმდეგ ბრძოლას?

ბოლო პერიოდში არაერთხელ დაიწერა იმ სიტუაციაზე, რომელიც შეიქმნა სვანეთში. ადგილობრივები აპროტესტებენ ერთდროულად რამდენიმე არც ისე პატარა ჰესის მშენებლობას უძველესი კუთხის ტერიტორიაზე, რაც მათი აზრით, ამ ულამაზეს ადგილს ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება.
რამდენჯერმე გაიმართა მესტიაში საპროტესტო აქციები ადგილობრივ მკვიდრთა მონაწილეობით, ახლა კი სვანები დიდი ყრილობის ჩატარებას აპირებენ. 4 მარტს მესტიის ცენტრში მესტიის თემთა საბჭო, სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სვანეთის განვითარების ფონდი" იწვევენ სასვანეთო "ლალხორს" - შეიქმნება "სირცხვილის წიგნი", რომელშიც ჩაიწერება იმ პირთა გვარ-სახელები, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული პროექტების განხორციელებას.
თუ
რა მოთხოვნები გაჟღერდება ყრილობაზე და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ „ლალხორის" მონაწილეები, ამის შესახებ გვესაუბრებიან ყრილობის აქტივისტები, ქალბატონები მანანა საღლიანი და ნარგიზა ნიგურიანი: 

მანანა საღლიანი:
- ეს იქნება პირველი ასეთი დიდი მასშტაბის შეკრება. 17 თემისგან შედგება სვანეთი და თითოეული თემისგან არჩეული 3-4 ადამიანი ჩაიბარებს მართვის სადავეებს, განა იმიტომ, რომ ხელისუფლება უნდა გადავაყენოთ, არამედ უფლებამოსილება უნდა შევუკვეცოთ ასეთი უკანონო გადაწყვეტილებების მიღების გამო. ვგულისხმობთ ჰესების მშენებლობას სვანეთში. 45 ჰესის მშენებლობაა სვანეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი. ამჟამად წინა პლანზეა წამოწეული მესტია-ჭალაჰესი პირველი და მესტია ჭალაჰესი ორი, ასევე ნენსკრა-ჰესის მშენებლობის პრობლემა. ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილი არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს ასეთ გადაწყვეტილებებს, ერთ ჰანგზე მღერიან და ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ყოფილა ხალხი ჩართული. არ მომხდარა სახალხო განხილვა. ხალხმა მაშინ გაიგო, რა საშინელებასთან გვქონდა საქმე, სექტემბერში ღვარცოფი რომ იყო და მადლობა უფალს, მესტია გადარჩა. იმ დროს დაზიანდა სახლები, საძოვრები.
აქვე მინდა ვთქვა, რომ მესტიის ცენტრში იყო უნიკალური მინერალური წყლები, რომლითაც არა მხოლოდ ადგილობრივები სარგებლობდნენ, არამედ ჩამოსული სტუმრებიც. ეს წყლებიც დაშრა. აი, ასეთი მავნებლური ქმედებები რომ აღარ განხორციელდეს სვანეთში და ეს ულამაზესი ძირძველი კუთხე არ შეეწიროს კონკრეტული ადამიანების ნება-სურვილებს, ამიტომ ვეწინააღმდეგებით ჰესების მშენებლობას და ოქროს მოპოვებას სვანეთში. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები, პირველ რიგში დადგება ადგილობრივი ხელისუფლების იმპიჩმენტის საკითხი და გაიზრდება აქციის მასშტაბები, იმიტომ, რომ ხალხი უკვე ისე არის ინფორმირებული და დაძრული, მათი შეჩერება იქნება ძალიან ძნელი.  

ნარგიზ ნიგურიანი:
- სასვანეთო ყრილობა, რომელსაც სვანურად ჰქვია „ლალხორი“, არასასურველ პროექტებთან დაკავშირებით იკრიბება. ჩვენ ვთვლით, რომ სვანეთის ბუნებაში უხეშად ჩარევა და მით უმეტეს გარემოზე ზემოქმედება შესწავლის და სათანადო დასკვნების დადების გარეშე არ უნდა ხდებოდეს. სხვადასხვა პროექტის განხორციელება მოსახლეობის გვერდის ავლით და მით უმეტეს ისეთი პროექტების, რომლებიც საზიანოა, განსაკუთრებით ჰესების, მეგაჰესებისა და ოქროს წარმოების... საზოგადოება ამას აუცილებლად გააპროტესტებს. თავყრილობაზე სვანეთის ყველა სოფლიდან იქნებიან წარმოდგენილი ადამიანები. ჩვენ გავაპროტესტებთ საშუალო ჰესის მშენებლობას მესტია-ჭალაზე, რომელიც ვთვლით, რომ საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს ბუნებას, კომპანია კი საპირისპიროს გვიმტკიცებს, მაგრამ ბუნებამ თავისი ძალა უკვე დაგვანახა, როცა სექტემბერში ყწალმოვარდნა მოხდა და მოსახლეობა კინაღამ წალეკა. მდინარე ენგური, მესტია-ჭალა, ღვარცოფული მდინარეებია, რომლებსაც გაკეთებული არ ჰქონდათ ნაპირსამაგრები და ისე დაიწყეს მშენებლობა, მოსახლეობა კი დატოვეს ღვთის ანაბარა. უფალმა დაგვიფარა, თორემ წვიმა დიდხანს რომ გაგრძელებულიყო, სულ წალეკავდა ყველაფერს.
კომპანიაში როგორც გვიმტკიცებენ, საზოგადოებას შეხვდნენ ამ საკითხებზე, მაგრამ ვის შეხვდნენ, ჩვენთვის უცნობია. ისინი ორიენტირებულნი არიან საშუალო და მცირე ჰესების, ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავებაზე.
მეგაჰესების, საშუალო ჰესებისა და მცირე ჰესების მშენებლობის გარდა, ჩვენ ვაპროტესტებთ ოქროს უკანონოდ მოპოვებას. წარმოგიდგენიათ, რამდენი ღელეც მოდის და რამდენი ნაკადულიც, ყველგან ჰესის უნდა ჩაიდგას? დაიწყეს ჩინელებმა სოფელ იელიში ოქროს მოსაპოვებელი სამუშაოები და სვანეთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ განდევნა ისინი იქიდან. ციანიდის კასრები ჰქონდათ შემოტანილი და გადამალეს. მათი ქმედება არის შენიღბული და ეს ყველაფერი ემსახურება ოქროს წარმოებასა და მოპოვებას. ვერაფერი აღუდგება წინ მოსახლეობის ნებას. ჩვენ შეზრდილი ვართ ბუნებასთან და ვიცით, რა საფრთხეები გველოდება ჰესების მშენებლობით.

- თუ მოგაწოდეს ექსპერტებიი დასკვნა, რომ ჰესის მშენებლობა საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას?
- თვითონ კომპანიები ყოველთვის ასე შემოდიან, მაგრამ როგორ გაიცემა საქართველოში ნებართვები, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ყველაფრის ყიდვა შეიძლება ფულით. 


კომენტარი ვთხოვეთ მესტიის გამგებელ კახა ჟორჟოლიანს:

- თქვენი პოზიცია როგორია სვანეთში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით?
- ჰესების წინააღმდეგ არის აქცია და მე ნებართვა გაცემული მაქვს მაგ თემაზე. სამუშაოების 60% შესრულებულია. მესტიაჰესის მშენებლობაზეა საუბარი, თანახმა ვიყავით და გავეცით ნებართვა.
აქცია არის მიმართული მესტიაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, რომლის 65% აშენებულია და უნდა დასრულდეს. ამაში ვერანაირ პროლემას ვერ ვხედავ, ეს საკითხი განხილული იყო თავის დროზე. არანაირი წინააღმდეგობა მაშინ არ ყოფილა და ახლა გამოჩდნენ მოწინააღმდეგეები.

რუსკა კილასონია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები