სახლი, რომელიც გია ხუხაშვილმა საკუთარი დიზაინით და გემოვნებით მოაწყო


გია ხუხაშვილი ქალაქისგან მოშორებით, მყუდრო და კომფორტულ ბინაში მეუღლესთან, შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობს. სახლი, რომელიც ბატონმა გიამ საკუთარი დიზაინითა და გემოვნებით მოაწყო, პატარა ხუხაშვილის მოლოდინშია. ცნობილმა ექსპერტმა შინ გულთბილი მეგზურობა გაგვიწია.

- ამ სახლის გვერდზე ნაგავსაყრელი იყო, გრიშა ონიანს ვთხოვე, ეს ნაგავი მაწუხებს და იქნებ გაწმინდოთ-მეთქი. მითხრა, მე მეზარება და თუ გინდა, მოგცემ და შენ გაწმინდეო (იღიმის). ავდექი და მეც გავწმინდე. ეზო რომ გავაკეთე, ვიფიქრე, ფანჩატურს მოვაწყობ, რადგან ხშირი სტუმრიანობაა ჩვენს ოჯახში და აქ იქნება სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილი-მეთქი. შევუდექი
საქმეს და საბოლოოდ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ხედავთ. ჩემი ძმა არქიტექტორია, მისი დახმარებით, ჩემი გემოვნებითა და დიზაინით გავაკეთეთ ყველაფერი. ზაფხულში სულ გახსნილია მინები, აივანს უერთდება ოთახი და საოცარ გარემოს ქმნის. უკანა მხარეს მეორე ეზო გვაქვს. ეს სახლი ,,თაუნჰაუსია“, ექვსი მეზობელი ვართ და თითოს სამი სართული გვიკავია. ეზო გაერთიანებულია და ყველას თავისი შესასვლელი აქვს. მეზობლები კი გვქვია, მაგრამ უახლოესი ნათესავები ვართ.



- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ეს დასახლება?

- ძალიან მყუდრო ადგილია. ერთი მხრივ ქალაქში ვართ, მეორე მხრივ კი ქალაქის ხმაურიანი გარემოსგან მოშორებით ვცხოვრობთ. არაჩვეულებრივი მიკროკლიმატია. ჩემთვის სახლი სიმყუდროვესა და სიმშვიდესთან ასოცირდება. ბოლო პერიოდში სახლშიც მიწევს მუშაობა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, მშვიდ გარემოში მეცხოვრა.

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე, როცა არ გიწევთ სადმე გასვლა და მთელ დღეს შინ, ოჯახთან ერთად ატარებთ?

- როცა ვიღვიძებ, პირველ რიგში ინფორმაციას ვიგებ, რამე საშინელება ხომ არ მოხდა. ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, როგორც წესი, კარგს არაფერს ველოდები. ამის შემდეგ გამოვდივარ ეზოში, ვრწყავ - ეს დილის ვარჯიშივითაა. მერე აივანზე ვისვენებ. ამის შემდეგ ვუყურებ ტელევიზორში. თუ რაიმე საგანგებოდ არ მაინტერესებს, ქართულ არხებს არ ვრთავ. ძველი ცხენოსანი ვარ და ძალიან მიყვარს დოღის ყურება, ადრე თავადაც ვმონაწილეობდი. მერე ვიწყებ მუშაობას, რაღაცებს ვწერ, ვგეგმავ სამუშაო კვირას. ჩემს მეუღლესთან, შვილსა და რძალთან ერთად ვცხოვრობ, ბუნებრივია, მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე დიდი ბედნიერებაა. ახლა შვილიშვილს ველოდებით, დიდ მოლოდინსა და სიხარულში ვართ.



გარდა ამისა, ჩვენთან სულ სტუმარია. ხან ჩემთან, ხან - ჩემს შვილთან. როცა ვისვენებ, სულ ვიღაც გვყავს. საზღვარგარეთიდანაც ხშირად მყავს სტუმრები. სასტუმროში წაყვანას მირჩევნია, ჩემთან ვუმასპინძლო და აქ მოვასვენო. ამიტომ სპეციალურად გავაკეთე საძინებელიც და სველი წერტილიც. აქვეა ბუხარი, ბიბლიოთეკა. უფრო დიდი ბიბლიოთეკა ჩემს სახლში მაქვს.

- სახლის რომელ ნაწილში ატარებთ დროს ყველაზე ხშირად და სად გრძნობთ თავს კომფორტულად?

- ტელევიზორთან, დივანზე მოკალათებული ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. პატარა ძაღლი გვყავს და ზამთარში პლედში რომ გავეხვევი, ისიც მომიწვება ხოლმე და ჩემთან ერთად ნებივრობს. პირველ სართულზე მისაღები ოთახი და სამზარეულოა, ზემოთ საძინებლებია. მაღლა ასასვლელ კიბეს რომ ვაშენებდით, არ გვქონდა იმის საშუალება, მოაჯირი გაგვეკეთებინა, რადგან ძვირი ჯდებოდა, ვიყიდე თოკები და გავჭიმე, შემდეგ ისე მოგვეწონა, დავტოვეთ ასე.



- რემონტის პროცესს ვინ ხელმძღვანელობდა?

- რემონტი მთლიანად ჩემს თავზე ავიღე და ახლა ვნანობ. თუ რაიმე ხარვეზს პოულობს ჩემი მეუღლე, ყველაფერზე მე მსაყვედურობს (იღიმის).

- ეზოში მცენარეები ვისი შერჩეული და დარგულია?



- ჩემი მეუღლის, მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მცენარეებთან. ეზოში გვაქვს ჩარგული ნაძვის ხე, რომელსაც საახალწლოდ ვრთავთ, ძალიან ბუნებრივი და ლამაზია, თუ დაათოვა - მით უმეტეს. რაც შეეხება მცენარეების მოვლას - მორწყვა, ბალახის გაკრეჭა ჩემი საქმეა, დანარჩენ პროცედურებს ჩემი მეუღლე უტარებს.

- არის სახლი, რომელზეც ოცნებობთ?

- არა, ასეთი სახლი არ არის. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ბინა გვაქვს სოლოლაკში. ორივე სახლი სრულიად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

kio 2018-06-17 16:53
მეც კი გამიჭირდებოდა პიქელის შენობაში მცირე დროით ჯდომით ესეთი სახლის აშენება
nino 2018-06-17 13:41
უიქნებ მასწავლოთ, ნაგავსაყრელს როგორ წმენდთ. იქ ხომ მარტო ის ადგილი არ იქნება გასაწმენდი, სადაც აშენებთ. დანარჩენი ნაგვის სუნი ხომ შეგაწუხებთ. და კიდევ, სად მდებარეობს ეს ბინა, თან ქალაქში და თან მორს.
ნაირა 2018-06-17 12:16
ძალიან ჭკვიანი ხართ , ბატონო გია, საოცრად გამჭრიახი გონება გაქვთ.
ილონა 2018-06-17 11:30
მეც სახლი ნაგავსაყრელზე ავაშენე ქალაქ გარეთ, მაქვს პატარა ეზო და ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს მე და ჩემი ოჯახის წევრები. წარმატებები ბატონო გია
marina 2018-06-17 10:49
გაიხარეთ ,იმრავლეთ და იბედნიერეთ.ბატონ გიას დიდ პატივს ვცემ,არავის არ უძვრება ერთ ადგილას და ობიექტური ანალიზი აქვს,გაიხარეთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები