მოგზაურობა გიორგი მახარაძის სახლში - 3 საუკუნის როიალი და სტრადივარის ვიოლინო

ამ სახლში შესვლისთანავე თვალში გხვდება ძველი შავი როიალი, რომლის თავზეც ძველებური მექანიკური საათი დგას, იქვე ახლოს ფერადკანიანი ბიჭის ქანდაკებაა, რომლის გვერდითაც თავს ქალები „იწონებენ“. ამ და კიდევ ბევრ საინტერესო ნივთზე გვესაუბრებიან ჩვენი მასპინძლები: მსახიობი გიორგი მახარაძე, გიორგის დედა - თეო ჩივაძე და ბებია - ქალბატონი ნათელა ჩივაძე.




ნათელა ჩივაძე:
- ეს როიალი კომპოზიტორსა და პედაგოგს ანდრია ყარაშვილს ეკუთვნოდა, ის ჩემი სიძის, ჩემი მეორე ქალიშვილის მეუღლის ბაბუა იყო. როიალის ზუსტი ასაკი არ ვიცი, ძალიან ძველია, დაახლოებით XVII საუკუნის. კლავიშები კარგად არ
მუშაობს, რესტავრაციას საჭიროებს.

- იმ პერიოდში ოჯახებში როიალი იშვიათობა იყო, როგორ და სად შეიძინა, ისტორია იცით?

- ანდრია ყარაშვილს პოლონელი დედა ჰყავდა, გერმანულ-პოლონური სისხლი ჰქონდა. მისი ბაბუა ერეკლე მეფის ექიმი იყო, რომლისთვისაც მეფეს წავკისში დიდძალი მიწის ნაკვეთები უბოძებია. მაშინ ოჯახი სოლოლაკში, ახლანდელი ტაბიძის ქუჩაზე ცხოვრობდა. ეს როიალიც იქ იყო, შემდეგ მემკვიდრეობით ჩემს სიძეს, ირაკლი ქაცარავას ერგო და აქ მოიტანა.

როიალის გარდა, ოჯახს მემკვიდრეობით სტრადივარიუსის ვიოლინოც ჰქონდა, მისი ანალოგი მსოფლიოში მხოლოდ 4 ეგზემპლარი არსებობს. ჩემი სიძე მევიოლინეა. ის ტელევიზიაში მუშაობდა, ორკესტრში უკრავდა. ქალაქში არეულობის პერიოდი რომ იყო, ერთ საღამოს შინ ძალიან გვიან დაბრუნდა, უფიქრია, ახლა ვინღა ამოიღებსო და ვიოლინო მანქანაში დაუტოვებია. იმ ღამეს მოპარეს.



- მოძებნა არ გიცდიათ? ვიოლინოს საბუთი ხომ აქვს, მის გარეშე საზღვარზე ვერ გაიტანდნენ...

- ყველა საბუთი ჩემს სიძესთან არის. ერთხელ ირაკლის შვილი მარიკა ქაცარავა გასტროლზე გერმანიაში მიდიოდა. ჩემი მეუღლე პატარკაციშვილთან წავიდა, რომ დაფინანსების საკითხი მოეგვარებინა. იქ ლოდინი მოუხდა, ჟურნალი შესთავაზეს, მერე ეს ჟურნალი შინ რომ მოიტანა, ჩემმა სიძემ მასში თავისი ვიოლინოს ფოტო ნახა. ამ ჟურნალში ეწერა, ბადრის რამდენი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული. სწორედ მისი ჩადენილი სიკეთის წყალობით მოხვდა ჟურნალში ჩვენი ვიოლინოც, რომელიც თურმე ბადრის კონსერვატორიისთვის შეუძენია.

- ისე შეიძინეს, რომ საბუთი არ მოითხოვეს?

- მაშინ მსგავს რამეს ყურადღებას ვინ აქცევდა. ჩვენი გათვლით, ვიოლინო ახლა კონსერვატორიაშია, მაგრამ ვინ გამოგვიჩენს. წლების წინ, ჩემმა სიძემ მსგავსი ვიოლინო გერმანიაში მუზეუმში ნახა და უთქვამს, ასეთი ვიოლინო მეც მაქვსო, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკარგული. დიდძალი თანხა შეაძლიეს, მაგრამ ვერ გაიმეტა.

როიალის თავზე დგას უძველესი მექანიკური საათი, რომელიც ათეული წლების წინ, ოჯახის უფროსისთვის - ქორეოგრაფ გრიგოლ ჩივაძისთვის, თანამშრომლებს უჩუქებიათ.

ნათელა ჩივაძე:
- დაქოქვის დროს, ზედმეტად ერთხელ მაინც რომ გადაატრიალო, ფუჭდება. ახლაც ხელოსანთან გვაქვს მისატანი, მერე ჩვეულებრივად იმუშავებს.


ოთახის ერთ მხარეს სალოცავი კუთხე აქვთ მოწყობილი. უამრავ ხატთაგან რამდენიმე პატრიარქის ნაჩუქარია.

ნათელა ჩივაძე:
- წლებია სკოლაში ვმუშაობ, წარსულში ხშირად ვაწყობდი ლიტერატურულ საღამოებს, წარმოდგენები სხვადასხვა თეატრში იმართებოდა. საღამოებს ყოველთვის ესწრებოდა პატრიარქი და საჩუქრის გარეშე არასდროს მოდიოდა. წლებია მისგან ნაჩუქარ ჯვარს ვატარებ.დიდი ხანია ვიცნობ, სიონში ხშირად დავდიოდი. მიქაელ მთავარანგელოზის ხატი ძალიან ძველია, XVII საუკუნის, მისი მსგავსი შეიძლება ერთი ან ორი არსებობდეს.


- თქვენს ოჯახში როგორ მოხვდა?
- ჩემი დედამთილი ამბობდა, ბებიაჩემისგან მაქვს სახსოვრადო.

- მაცხოვრის ხატი, ყაზანის ღვთისმშობელი - ეს ხატები გაკვამლული და დაზიანებულია, რას გვეტყვით მათზე?

- ეს ხატები რუსეთიდანაა ჩამობრძანებული, ასეთ მდგომარეობაში შევიძინე. კომუნისტების დროს, როცა ეკლესია-მონასტრებს წვავდნენ, არაერთი ხატი ნადგურდებოდა. ბევრი ეკლესია გააუქმეს. ზურა წერეთლის და ჩემი ნათლიდედაა. იქ ხატებს იღებდნენ და ერთ ბოთლ არაყში ცვლიდნენ. ასეთი სულ სამი ხატი მაქვს. მაცხოვრის, ყაზანის ღვთისმშობლის და წმინდა სამების.

განსხვავებული დიზაინის მაგიდა და სკამები, რომელიც მისაღებ ოთახს ამშვენებს, დუბაიდან დაახლოებით 50 წლის წინ ჩამოუტანიათ. ყველაზე დიდ ყურადღებას ფერადკანიანი ბიჭის ქანდაკება იქცევს.

თეო ჩივაძე:
- ეს ფერადკანიანი ბიჭი აფრიკული შავი ხისგან არის დამზადებული. 13 წლის მონა ბიჭია, ქანდაკება ბაბუის, გრიგოლ ჩივაძის, მამას რუსეთში შეუძენია, მას თავდაპირველად თავზე აკვარიუმი ედგა. ჩვენი საგვარეულო რელიკვიაა.

გადმოცემით ვიცი, რომ ამ ბიჭის მეწყვილე გოგოც არსებობს. იმ გოგოს პატრონი რუსეთში ცხოვრობდა, ბაბუას სთხოვდა, მოგვყიდეო, მაგრამ ჩემებმა ვერ გაიმეტეს. ის გოგო არც მას დაუთმია და ასე ცალ-ცალკე დარჩნენ. მე და ჩემი და-ძმა, სამივე ამ ბიჭთან ერთად გავიზარდეთ, მაგრამ მათგან განსხვავებით, მე შევაბერდი.

- ახლა პირვანდელი სახით რატომ არ გაქვთ, დაგიზიანდათ?
- აკვარიუმი დაგვიზიანდა და მის ნაცვლად ეს სანათი გავუკეთეთ. ბიჭს ხელებზე სამაჯურები უკეთია, მსგავსი რგოლები აქვს ფეხებზეც, საყურეებიც ჰქონდა, მაგრამ 90-იან წლებში დაიკარგა, გაქრა.


თეო ჩივაძე


გიორგი მახარაძე:
- არის ხოლმე პერიოდები, როცა სახლში ყოფნა ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ამ სახლში გავიზარდე, ეს ფერადკანიანი ბიჭი ჩემთვის ძალიან შინაურია. პატარა რომ ვიყავი, სულ ვფიქრობდი, ამსიმაღლე როდის გავიზრდები-მეთქი.

- გიორგი, სუვენირების შეძენა გჩვევია?
- ნაკლებად.



- სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის რა არის?
- გარემო, სიმშვიდე. ძალიან გახარებულს, მოწყენილს ან ძალიან დაღლილსაც შეიძლება მომინდეს შინ ყოფნა. როცა ჩემი შვილი მოდის, აქაურობას თავზე ვიმხობთ, ეს სივრცე არ გვყოფნის.

გამორჩეულად მიყვარს ბუხარი, პერიოდულად ვანთებთ, სასიამოვნო პროცესია.

თეო:
- ბუხარი გაცილებით ახალი გაკეთებულია, ალბათ 30 წლის წინანდელი. ამ სახლშიც დაახლოებით ამ პერიოდიდან ვცხოვრობთ. ჩემი მშობლების შეძენილია, გიორგი აქ დაიბადა და გაიზარდა.

- ფერადკანიანი ბიჭის გარდა ქალის ორ ქანდაკებას ინახავთ, მათზე რას გვეტყვით?
- გასული საუკუნის 50-იან წლებში, როცა მამა და დედა სტუდენტები იყვნენ, ქალების ქანდაკებები პეტერბურგში „საკომისიო“ მაღაზიაში უნახავთ და ძალიან მოსწონებიათ. თურმე საკმაოდ ძვირი ღირდა, სოლიდური თანხა გადაუხდიათ და მას შემდეგ ამ ფერადკანიან ბიჭთან ერთად გვყავს ეს ქალებიც.



ფერწერული ტილოების უმრავლესობის ავტორი ოჯახის ახლობელი გულო მაჩაიძეა. ამ ოჯახში ინახება არაერთი დეკორატიული თეფში და ძველი სარკე, რომელიც წინაპრებისგან მემკვიდრობით ერგოთ.

თეო:
- რემონტი რომ გვქონდა, სარკე გადმოგვიყვირავდა და გატყდა, მინა შევუცვალეთ. ეს რელიკვიაც ბაბუის მამისგან გვაქვს.

- ორი ნახატი არა ტილოზე, არამედ ხეზეა შესრულებული, მათზე რას გვეტყვი?
- ესენიც დიდი ხნის წინანდელია, ფერადკანიანი ბიჭის დროისაა. ბებიისთვის დედამისს უჩუქებია.

მამას ძალიან უყვარდა სიძველეები, ხელოვნების ნიმუშები, მათ შესაძენად თანხა არასდროს ენანებოდა. ერთხელ თავის დაბადების დღეს შინ გახარებული მოვიდა, ჩემს თავს საჩუქარი გავუკეთეო და ულამაზესი ნახატი მოიტანა... საგულდაგულოდ ვინახავ მის მიერ გაკეთებულ მეტალის ჭიქას, რომელსაც ჩვენი, შვილების სახელები დააწერა: თეო, რუსუდანი, მერაბი.

თამუნა კვინიკაძე

კომენტარები

ვა რა დონეა 2020-07-28 14:31
მოპარული ნივთის ყიდვას, მითუმეტეს ძალიან ძვირფასის მთელ მსოფლიოში კრიმინალი ქვია მხოლოდ საქართველოში შეიძლება სიკეთე დაერქვას მითუმეტეს დაზარალებულისგან
ნანა 2020-07-20 18:06
ნეტარება
status quo 2020-07-17 10:20
სტრადივარიუსი...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები