სალომე გოგიაშვილის სამსართულიანი სახლი აუზითა და კინოთეატრით შუაგულ თბილისში

სალომე გოგიაშვილი მეუღლესთან - ვახო ნიკოლაიშვილთან და ოთხ შვილთან ერთად ვაკეში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. კეთილმოწყობილი ეზო, აუზი, კინოთეატრი, ულამაზესი ხედები - ისაა, რაც ერთი თვალის შევლებითაც კი იქცევს ყურადღებას. ინტერიერსა და სახლის განლაგება-მოწყობაზე სალომე თავად გვესაუბრა და კარგი გიდობაც გაგვიწია.

- უკვე 10 წელია, ამ სახლში ვცხოვრობთ. აშენების პროცესში მე არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან მაშინ ვახოს ცოლი არ ვიყავი. თუმცა ჩემი გემოვნებით შეირჩა ფერები. უპირატესობას ღია, ნათელ ტონებს ვანიჭებ, მართალია, მუქი ფერები მოდაშია, მაგრამ მე ძალიან მღლის და არ მაყენებს
კარგ ხასიათზე, შესაბამისად, ინტერიერი უფრო ღია ტონალობაშია გადაწყვეტილი. რადგანაც ძალიან სულსწრაფი ვარ ყველაფერში და არ შემიძლია ლოდინი, სასწრაფოდ შევარჩიეთ ავეჯი, მერე რაღაცები აღარ მოგვეწონა და გამოცვლა მოგვიწია. ამიტომაც სულ კამათია იმაზე, რომ ჯობს დაველოდოთ და ჩამოვიდეს ის, რაც გვინდა, ვიდრე აქ ვიყიდოთ. მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ ხოლმე და ხანდახან გაუთვალისწინებლად გვიხდება რაღაცების შეცვლა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ სახლში პერიოდულად ცვლილებები უნდა შეიტანო, რადგან ერთი და იგივეს ყურება მთელი ცხოვრება მოსაბეზრებელია. მაგრამ ჩვენი სახლი ძალიან დიდია და მარტივი ცვლილებებიც კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თანაც მირჩევნია, ფინანსები უფრო სწავლა-განათლებას მოხმარდეს, ვიდრე უბრალოდ მობეზრებული ნივთი შევცვალო. თუ ფუჭდება და გამოსაცვლელია, ეს სხვა საქმეა.


სახლი სამსართულიანია. პირველ სართულზე აუზი, ბავშვების სათამაშო კუთხე და კინოთეატრია განთავსებული, მეორე სართულზე - დიდი მისაღები და სამზარეულო, მესამეზე კი - საძინებლები და კაბინეტი. სართულები ერთმანეთს დიდი მრგვალი კიბით უკავშირდება.

- ვერ ვიტყვი, რომ სახლი კლასიკურ სტილშია მოწყობილი. არ მიყვარს ანტიკვარიატი, შეიძლება ასაკთან ერთად დავიწყო მისი სიდიადის აღქმა, მაგრამ ახლა არ მიზიდავს. დედაჩემი გიჟდება ასეთ ნივთებზე და სულ მეუბნება, შენ ვერ ხვდები ამის ფასსო. მამძიმებს და არ მიყვარს სხვისი გამონაცვალი ნივთი, მძიმე აურა აქვს, ამიტომ მირჩევნია, ვიყიდო რამე მარტივი, რომელსაც დაუნანებლად შევცვლი, როცა მომბეზრდება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი სახლი არც კლასიკურ სტილშია და არც სრულიად თანამედროვეა, უფრო ამ ორი სტილის მიქსია.

დიდ მისაღებში როიალს ერთი კუთხე უკავია, ოთახის შუა ნაწილში ბუხარია, რომელსაც თურმე თითქმის არასდროს იყენებენ. მესამე სივრცეში კი რბილი სამეული დგას ტელევიზორთან ერთად. კედლებზე სხვადასხვა ავტორის ნამუშევრებია წარმოდგენილი.

- ნახატები შეიძლება ძალიან ძვირად ღირებული არ არის, მაგრამ ორიგინალებია და კარგი მხატვრების შესრულებულია. ეს ნახატი დათუნა სირბილაძემ მაჩუქა, როიალის თავზე რომ კიდია, ის თვითნასწავლის მხატვრის რუსუდან ხანთაძე-ანდრონიკაშვილის ნამუშევარია, რომელიც ბებიაჩემის ახლო მეგობარი იყო. როცა სხვა სახლში ვცხოვრობდით, ეს ქალბატონი ხშირად გვსტუმრობდა და შეიძლება ითქვას, რომ ხატვა ჩვენთან დაიწყო. თურქული ყავის ნალექი გადმოჰქონდა ფურცელზე და თითით აძლევდა ფორმას გამოსახულებებს. ასე დაიწყო ხატვა ქალბატონმა, ერთადერთმა ქართველმა ავტორმა, რომლის ნამუშევარიც თეთრ სახლს ამშვენებს. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ზურა გომელაური და მისი ნამუშევრები.

ყოველთვის პატივს ვცემდი ამ ადამიანს, მაგრამ პანდემიის პერიოდში ტიკტოკერობა რომ დავიწყე და გავაქტიურდი, თურმე ზურა თვალს მადევნებდა და ისე მოსწონებია ჩემი ვიდეოები, მისი მუზა გავმხდარვარ. ერთ დღეს დამირეკა და მისვლა მთხოვა, რას ვიფიქრებდი, თუ ჩემთვის მოძღვნილი ნახატები უნდა ეჩუქებინა. მითხრა, ბავშვმა მაჩვენა პირველად შენი ვიდეოები და ისე მომეწონა, ისე გავერთე, მომინდა, დამეხატეო, ასეთი ხარ ჩემს თვალში, ასეთად გხედავ ამ ვიდეოების შემდეგო და ეს 2 ნახატი გადმომცა. ეს გოგო, თურმე მე ვარ მისი ხედვით.


მისი უდიდებულესობა როიალი.

- როიალი და ინსტრუმენტი ჩემს ოჯახში რომ არ იყოს, სირცხვილია, რადგან ყველა მღერის. დედასაც კარგი სმენა და ხმა აქვს, უბრალოდ, საჯაროდ არ ამჟღავნებს. აი, მამაჩემის გამო კი როიალი აუცილებლად უნდა გვქონოდა. ვიყიდეთ, მაგრამ კაციშვილი არ უკრავს.



მისაღებიდან ამავე სართულზე მდებარე სამზარეულოში გადავინაცვლეთ, რომელიც სალომეს სულ ცოტა ხნის წინ გაუახლებია და დიზაინი სრულიად შეუცვლია. სამზარეულოდან შესაძლებელია გასვლა აივანსა და ეზოში.

- რამდენიმე თვის წინ სამზარეულოს შეცვლა მომინდა. ჩაფიქრებული მქონდა, მხოლოდ კარადები შემეცვალა, მაგრამ ამას მოჰყვა კედლის მონგრევა, ოთახების გაერთიანება, იატაკის აყრა, ჭერის შეცვლა, შედეგად მივიღეთ სრულიად სხვა დიზაინის სამზარეულო. იმ პერიოდში ჩემი მეუღლე არ იმყოფებოდა საქართველოში, ვუთხარი, შენ რომ ჩამოხვალ, ყველაფერი მზად იქნება, მარტივ რამეს ვაკეთებ-თქო. ვადაში მართლა ჩავეტიე, მაგრამ სახლში რომ შემოვიდა, ცოტა ხანს ვერ მიხვდა, სად იყო... მთავარი ისაა, რომ ჩემმა იდეამ და დიზაინმა გაამართლა, რადგან მთელი ოჯახი დილიდან ღამემდე სამზარეულოში ვართ, მეგობრებიც რომ მოდიან, ყველას აქ უნდა ყოფნა, იმდენად კომფორტულია.

სამზარეულოს შემდეგ კიბით მესამე სართულზე ავედით, სადაც 4 საძინებელი და კაბინეტია განლაგებული. სალომეს საძინებელი კრემისფერ-რუხ ტონალობაშია, აივანი ეზოს გადაჰყურებს და წინ ქალაქის ხედი იშლება.

ეზო

- საძინებელს თან ახლავს გარდერობის ოთახი, რომლის გადაღებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ (იღიმის). საძინებელში ძირითად დასაძინებლად ამოვდივარ, აბა, ისე ვინ მაცდის დასვენებას. თუ მოხდა სასწაული და დასასვენებლად წამოვედი, 5 წუთში ყველა ჩემს ოთახში ჩნდება შეკითხვებით, ცუდად ხომ არ ხარ, წყალი რომ არ გინდა, რამე ხომ არ გჭირდება (იღიმის). ჰგონიათ, აუცილებლად ცუდად უნდა ვიყო, რომ წამოვწვე ან დავისვენო.

ამავე სართულზეა ბრიტანულ სტილში გაკეთებული ორდონიანი კაბინეტი. აღებ თუ არა კაბინეტის კარს, როგორც მოსალოდნელია, სამუშაო მაგიდა გხვდება, ზედა ნაწილში სულ წიგნების თაროებია განლაგებული და იქ კიბით შეიძლება მოხვედრა.

- ვახო გარკვეული პერიოდი ლონდონში ცხოვრობდა და ეს კაბინეტიც იმდროინდელი ინსპირაციით, ბრიტანულ სტილშია აქვს გაკეთებული, მართალია, მე გადაკეთება მინდოდა, მაგრამ მთხოვა, ეს ოთახი დამეტოვებინა ისე, როგორც იყო, მას ძალიან მოსწონს.

ბოლოს 0 სათულს და ეზოს ვეწვიეთ. 0 სართულზე განლაგებულია აუზი, სალომეს უფროსი გოგონას სავარჯიშო ინვენტარი, ბავშვების სათამაშო სივრცე და კინოთეატრი. ეს სართული ლოფტის სტილშია გაკეთებული, ბუხარი აქაცაა, თუმცა ისევე როგორც ზევით, აქაც უფუნქციოდაა დატოვებული, გამართულია, მაგრამ ნაკლებად იყენებენ. აქედან პირდაპირ ეზოშია გასასვლელი, სადაც ნაყოფით დახუნძლული ულამაზესი ბროწეულის ხეები დგას და როგორც სალომემ გვითხრა, ყვავილობის დროს მათ ნახვას არაფერი სჯობს.

- მართალია, სახლი დიდია, მაგრამ ფართი არასწორადაა გადანაწილებული, ზოგიერთი სივრცე უმიზნოდაა დახარჯული. ცოტა ხნის წინ, ჩვენს მეზობლად მდებარე სახლი ვიყიდეთ და იმას თავიდან ბოლომდე ჩემი იდეით გავაკეთებ, იქ ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება და მერე სიამოვნებით იქაც გიმასპინძლებთ.

ციცი ომანიძე

კომენტარები

Enn 2021-01-11 09:14
Salome kargi gogo xar ubralo da lamazi mshvidobashi yvelaferi.
mari 2021-01-08 20:10
Zlivs momewona saxli. momewona da shemshurda
giorgi 2021-01-05 19:32
კი ვახო ნობელის პრემიის ლაურეატიოა თან მრავალგზის და რემონტებსაც მაგ ფულით აკეთებს
ვაიმე? 2020-12-29 14:16
გუშინდელი გამოქვეყნებული კომენტარი დამეკარგა. შემთხვევით სალომე ხომ არ შეურაცხვყავი? არ მახსენდება. სულ კაბინეტის მოწონება-ქება დავწერე...
keti 2020-12-29 12:31
axali nakidi akvs etkoba aveji bolo modis stilia skamebidan dackebuli divan kresloebitac sadzinebelshis samadgiliani savardzeli loginad akvs gemovnebaze ar daoben magram araperi iseti ar akvs mnishvnelovani gmertma sul bednierebashi moaxmarot da sixaruli miscet ojaxshi koveltvis

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები