ნანა ცინცაძის ხელოვნებით გაჟღენთილი სახლი და მისთვის ძვირფასი ნივთები

საზოგადოება მის ლექსებს ძალიან კარგად იცნობს, მის ტექსტებზე შექმნილი სიმღერებით ბევრმა მომღერალმა გაგვაცნო და შეგვაყვარა თავი. თავადაც ისეთი ქარიზმატული და ცეცხლოვანია, როგორიც მისი პოეზია.
პროფესიით ექიმია, თერაპევტი, თუმცა ფსიქოლოგიაც არანაკლებ კარგად ესმის, სწვდება ადამიანის შინაგან სამყაროს და შემდეგ ლექსად გადმოსცემს. საუბარი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ადამიანზე ნანა ცინცაძეზეა. ქალბატონ ნანას შინ ვესტუმრეთ და ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი გიდობა გაგვიწია. ბუნებრივია, ინტერვიუ იმ სახლის ისტორიით დავიწყეთ, სადაც ქალბატონი ნანა შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

- ძირძველი თბილისელი ვარ, ჩემთვის თბილისს ძალიან
დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ არა მარტო მშობლები, ბებია-ბაბუაც კი ამ ქალაქში ცხოვრობდნენ. დავიბადე ფალიაშვილზე, მამას მხარე ცხოვრობდა დიდუბის ეკლესიასთან, დედა იყო პლეხანოველი, 23-ე სკოლელი, მეც სკოლა პლეხანოვზე დავამთავრე. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ამ ქალაქთან - თბილისთან. მამა უპატიოსნესი ადამიანი, უმაღლეს სასამართლოში დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო, ბინა იურისტების სახლში, „ელექტრონიკასთან“ აიშენა და ჩვენც საბურთალოზე გადმოვედით. როგორც ხედავთ, ახლა სხვა მისამართზე ვართ, გავყიდეთ ბინა და დაახლოებით 4 წლის წინ შევიძინე ეს სახლი. საბურთალოს ეს მონაკვეთი ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ეს ადგილები ჩემი ცხოვრების ლამაზ წლებს უკავშირდება. მიყვარს ეს გარემო და რომ შემოვდივარ სახლში, ზუსტადაც რომ ვარ შინ, რადან თავს დაცულად ვგრძნობ.


ქალბატონ ნანასთან მისულებს, დიასახლისი გარეთ გამოგვეგება და ჰოლის გავლით დიდ მისაღებში შეგვიპატიჟა. ერთი თვალის მოვლებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მივმხვდარიყავით, ამ სახლის ბინადრებისთვის ხელოვნება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.

- ძალიან მიყვარს ხელოვნება, ინტელიგენტების ოჯახში გავიზარდე, არა მარტო მშობლები, ბებია-ბაბუებიც ინტელიგენტები იყვნენ. პაპაჩემს პეტერბურგში ჰქონდა დამთავრებული უმაღლესი და 9 ენაზე ჩვეულებრივად ლაპარაკობდა. დედის ოჯახს ყველაფერი წაართვეს კომუნისტებმა და შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ისტორიული ნივთები შემოგვრჩა. საგვარეულო ნივთებზე მხოლოდ მოგონებებიღა გვაქვს. ჩემს ოჯახში მთავარი სიმდიდრე წიგნები იყო, ჩვენთან საუბრები იმართებოდა ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე და ა.შ. ალბათ მხატვრობის, მუსიკის, ხელოვნების სიყვარული აქედან ჩამენერგა.



მისაღებში წარმოდგენილი ნახატების უმეტესობა ავტორების ნაჩუქარია. განსაკუთრებულად საყვარელია ჩუბჩიკას (თენგიზ მირზაშვილის - ავტ.) ნახატი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ჩემს „კოლექციაში“. ვგიჟდები ილო პატაშურის შემოქმედებაზე, გენიალურია. ჩემი პორტრეტიც მისი შესრულებულია, ზუსტად არის აღებული ჩემი სახე და ხასიათი. ამ ნამუშევარზე სპეციალისტები ამბობენ, ნახატი მოძრაობს და ემოციას გადმოსცემსო. მის გვერდით წარმოდგენილია სამი ნახატი, რომელიც სპეციალურად ჩემი წიგნისთვის შექმნა არაჩვეულებრივმა მხატვარმა კახა ჩხატარაიშვილმა, ასევე მაქვს კახას ულამაზესი ფერადი და მრავლისმთქმელი ნახატი. დავით მაღრაძის ორი ნამუშევარი ერთად ჩამოვკიდე, ძალიან მომწონს. ეს კი შოთიკო მაღლაკელიძის შემოქმედებაა. მოგიყვებით ჩვენი პირველი შეხვედრის ამბავს. ერთ-ერთ საღამოზე სიტყვით გამოვედი, დავასრულე და ვხედავ, ჩემთან მოდის ახალგაზრდა ბიჭი, ვფიქრობ, ახლა უნდა შემაქოს და მითხრას, როგორი მაგარი ვარ და ა.შ. მომიახლოვდა, მაგრამ ამის თქმას აშკარად არ აპირებს. მოვიდა და მეუბნება, თქვენ ერთხელ სადაც მიგიწვევენ, მეორედ იქ აღარ დაგპატიჟებენო. რატომ-მეთქი? როდესაც გამოდიხართ სიტყვით, იქ ყველაფერი ფერმკრთალდება და მთავრდება, მეორედ კი ასეთი ადამიანების მიპატიჟებას ერიდებიანო. სხვათა შორის, შემდგომში შოთიკოს სიტყვები ამიხდა.

ტელევიზორთან მოთავსებულია რამდენიმე სუვენირი, მათ შორისაა ლოდზე გართხმული ვეფხვი.

- ეს ვეფხვი ნიჭიერმა ქეთი მელქაძემ გამიკეთა, რომელმაც სრულიად მოულოდნელად დაიწყო ასეთი საოცარი რაღაცების შექმნა. ეს ნამუშევარი კი მე მომიძღვნა, მითხრა, შენი ხასიათიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ შენი უნდა იყოსო.

ჩემთვის ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთ-ერთ ხატს, ეს არის ტურინის უფლის ხელთუქმნელი ხატი, სულ მინდა, უფრო დიდი ვიყიდო, მაგრამ ვერ მოვაბი თავი. ეს გახლავთ ხატი, რომელსაც ადამიანივით ველაპარაკები.

არ მინდა სახლში ის ნივთი, რომელიც ჩემს მხედველობას დაწვავს და უარყოფით ემოციებს უკავშირდება. კიდევ მაქვს უამრავი ნახატი, ჩარჩოშია ჩასასმელი, მოსაწესრიგებელი და აუცილებლად დავკიდებ.

ამათ გარდა, ასევე ძალიან მიყვარს ეს ორი ძველებური ლარნაკი, რომელიც ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს. როცა სტუდენტი ვიყავი, წარჩინებულებს სოციალისტურ ქვეყნებში სამოგზაუროდ უშვებდნენ და მეც წავედი პოლონეთში, წიგნებთან ერთად იქ ვიყიდე ჩაის სერვიზი.



წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, დაიმტვრა ბევრი რამ, მაგრამ ეს შემომრჩა მხოლოდ, თავსახურიც კი გატყდა, თუმცა მაინც არ ვაგდებ, მიყვარს და კარგ პერიოდს მახსენებს, თან ეს იყო ნივთი, რომელიც პირველად ჩამოვიტანე საზღვარგარეთიდან.

ჩემთვის ნივთებს რიტუალური დატვირთვა აქვს და არა ღირებულებითი, რადგანაც მნიშვნელოვანია არა ფული, არამედ ადამიანები. ის ნივთები, რაც მე განახვეთ, შეიძლება, ვიღაცისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, შესაძლოა ერთი ფოთოლიც კი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი გახდეს ჩემთვის.

წიგნებით სავსე კედლები, ჯილდოებითა და პრიზებით მოწყობილი წარმატების კუთხე და საკუთარი ავტორობით შექმნილი წიგნების თარო - ასე გამოიყურება ქალბატონი ნანას კაბინეტი.

- ძალიან ცელქი ბავშვი ვყოფილვარ, აუღებელი ციხესიმაგრე, მაგრამ სანამ ლაპარაკს ვისწავლიდი, მაშინაც კი მხოლოდ წიგნის კითხვა მაწყნარებდა, სხვანაირად ვერ მაჩერებდნენ. აქ ჩემი წიგნების ნაწილია წარმოდგენილი. ცალკე თარო ეთმობა ჩემს საავტორო წიგნებს, როგორც პროზას, ასევე პოეზიას. მოგეხსენებათ, მე სამედიცინო თემაზეც მაქვს დაწერილი წიგნები, ვმუშაობ პროზაზე, პოეზიაზე და აქვეა დისკები, სადაც ჩემს ტექსტებზე შექმნილი სიმღერებია ჩაწერილი.


- ალბათ სიამაყის გრძნობა გეუფლებათ, როცა ამ თაროს ხედავთ...

- როგორც კი სიამაყის გრძნობა გაგიჩნდება, კვდები, მაგრამ არ იცოდე შენი თავის ფასი, უნდა იყო სულელი. ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში, თუ არ იცი შენი თავის ფასი და რა შეგიძლია მოსთხოვო საკუთარ თავს. ახალგაზრდებს ხშირად ვეუბნები, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი უნდა მოითხოვონ და მიიღონ, რადგან დროის უქმად დაკარგვა არ შეიძლება.

კიბით სამზარეულოსკენ დავეშვით, ქალბატონ ნანას იქაც კი ხელოვნების ნიმუშები აქვს წარმოდგენილი, მათ შორის - თექის ნამუშევრები.

- სამზარეულო ქვემოთ მე ჩავიტანე, ვფიქრობ, ასე უფრო კომფორტულია. რაც შეეხება ნამუშევრებს, ყველა ნაჩუქარია, ერთ-ერთი მათგანი ციხეში მაჩუქეს პატიმრებმა. სამზარეულოში ყველაფერს ვაკეთებ, მიყვარს სტუმარი და ჩემს სახლში ყოველთვის უხარიათ მოსვლა. კეთებაც შემიძლია და მერე გამოპრანჭულს სუფრასთან მოლხენაც.


მარტივი ცხოვრება არ მქონია, მაგრამ ასი ათასჯერ რომ დავიწყო ცხოვრება, ყოველთვის ვემსახურები იმ საქმეს, რომელიც ყველაზე დიადი და ღირებულია. რთული პერიოდისა და ტკივილის გარეშე არ ხდება ადამიანის ზრდა, თუმცა ადგომა ნებისმიერ შემთხვევაში ძნელია. „ბევრჯერ დამცხრილეს ფენიქსივით, მაინც ავდექი და კვლავ სიცოცხლეს მივუძღვენი, რაც დამრჩენია“, - ეს ფრაზა მაქვს გამოყენებული ერთ ლექსში და მართლაც ასეა. დიდი ბედნიერებაა აკეთო საქმე, რომელიც სხვას ანიჭებს სიამოვნებას. ხალხის სიყვარული ფასდაუდებელი და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ერთ-ერთ წელს რამდენიმე პარტიამ შემომთავაზა მაჟორიტარობა და ყველას ერთი და იმავეს ვპასუხობდი - იმ სიყვარულს, რომელსაც მე ხალხისგან ვგრძნობ, ვერაფერში გავცვლი-თქო. რაში შეიძლება გავცვალო ის სითბო, როცა სამარშრუტო ტაქსიში სრულიად უცხო ადამიანი მოდის და მოულოდნელად ხელზე მკოცნის და ასეთი რამ დღეში მილიონჯერ ხდება, როცა ქუჩაში გავდივარ. ნამდვილად ფასდაუდებელია ხალხის სიყვარული, რასაც მე დიდი დოზით ვგრძნობ და ვაფასებ.

ციცი ომანიძე

კომენტარები

ჟანეტ 2021-02-25 15:56
გაიხარეთ ქალბატონო ნანა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები