ბედნიერების ძიებაში არსენ გვენეტაძესთან ერთად - ცნობილი ექიმის ნახატებითა და ბევრი პოზიტივით სავსე ბინა

„დრო სიცოცხლეა...
გვახსოვდეს, დრო შეზღუდულია,
მცირდება, როგორც
„შაგრენის ტყავი“...
ეს არის პირველი, რასაც სახლის მასპინძელი თავისივე ნახატზე გაღვიძებისთანავე ხედავს. დილის აუცილებელი რიტუალია სარკეში ჩახედვა და გაღიმებაც. ამის შემდეგ შეუძლებელია, დღე კარგად არ გაგრძელდეს.
სახლი საკუთარი ხელით ააშენა, ყოველი დეტალი დიდი მონდომებითა და სიყვარულით არის შერჩეული. ხის ავეჯის ნაწილი წინაპრების სახლიდან არის, მაგალითად, მისაღები ოთახის წაბლის მაგიდა. სახლის ყველა ოთახში მასპინძლის ნახატებს შეხვდებით (აბაზანაშიც კი). თითოეული გარკვეული კონცეფციის გამომხატველია, ყველა ერთად კი ერთი აბსტრაქციის - ბედნიერების - ქვეშ ერთიანდება.

ეს მედიცინის
მეცნიერებათა დოქტორის, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის, პოეტის, მხატვრის, ფოტოგრაფის არსენ გვენეტაძის სახლია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!


რა არის ბედნიერება?

ბედნიერების მრავალგვარი განმარტება არსებობს. თავისი „განმარტებები“ არსენ გვენეტაძესაც აქვს. ბედნიერება - ეს არის თემა, რომელმაც ჩვენი მასპინძელი ისე შთააგონა, რომ მის არაერთ პოეტურ თუ მხატვრულ ნამუშევარში აისახა.

„ბედნიერების 85% ადამიანურ ურთიერთობებშია, 15% - პროფესიულ წარმატებაში. სწორედ ეს უკანასკნელია ხერხემალი - მთავარი ღერძი ბედნიერებისა. დავხატე ეს და ზემოდან ჩემი თვალი დავადე, რომ საკუთარ ცხოვრებას ვუყურებდე“, - გვეუბნება ბატონი არსენი.

ბედნიერების ერთ-ერთი განმარტება ასე ჟღერს: „Self Respect is Happiness“ (საკუთარი თავის პატივისცემა არის ბედნიერება). ასე დაარქვა მხატვარმა 3-ნაწილიან ნახატს, რომელსაც ამავე დროს თავისი „ცხოვრების CV-ის“ უწოდებს: სამივე ნაწილის სიმაღლე ჩემს სიმაღლეს შეესაბამება - 176 სმ გახლავთო. თქვენ წინაშეა Self, Respect and Happiness, როგორც არსენ გვენეტაძის ცხოვრების სამი საფეხური.


Self

ტილოს პირველი ნაწილი 17 სმ სიგანის არის. 17 წლის ასაკში სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, ამ დროს შევიგრძენი საკუთარი თავი, როგორც ადამიანი, რომელსაც წარმატების მიღწევა შეუძლია. ტყიბულში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს და დღემდე მჭიდრო კავშირი მაქვს მასთან, მშობლიურ სკოლასთან.

აქტიური ბავშვი არ ვიყავი, თავის გამოჩენა არ მიყვარდა. დედ-მამა მუშაობდა, დილით გასულები საღამოს ბრუნდებოდნენ. მე და ჩემს დას ბებია გვზრდიდა - მარიამ მაღლაფერიძე, არაჩვეულებრივი ქალი იყო. სხვათა შორის, ჩემს ქალიშვილსაც მარიამი ჰქვია, მეუღლემ სიურპრიზი გამიკეთა და ჩემი საყვარელი ბებიის სახელი დაარქვა.

მარიამი 17 წლის არის, ლუკა - 25-ის. 18 წლის რომ გახდა, ვუთხარი: „არ ვიცი, რა უნდა გაჩუქო, გჩუქნი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას; მიიღე გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლობა აიღე მათზე“. ვფიქრობ, ლუკას სახით დედამიწას ჰყავს ერთი საინტერესო, დადებითი, მოტივირებული, ენერგიული და კეთილად განწყობილი ადამიანი.


Respect

ნახატის მეორე ნაწილი 24 სმ სიგანის არის. 24 წლის ასაკში წითელ დიპლომზე დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი. ამან საკუთარი თავის პატივისცემა მაგრძნობინა.

ადამიანებს ხშირად ეშინიათ, რამე სისულელე არ თქვან, მაგალითად, რომელიმე ციტატის ავტორი არ შეეშალოთ. მე ხშირად ვიყენებ ციტატებს საჯარო გამოსვლებისას, მაგრამ ყოველთვის როდი ვასახელებ მათ ავტორებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თქვა; მთავარია, მე ის ფრაზა როგორ გავიგე, როგორ გავითავისე და ცხოვრებაში დავნერგე.

ჩემს ერთ ლექსში ვწერ: „იყავ „შიშველი“, იყავ „სულელი“, თუნდაც „მშიერი“... აქედან ორი - „მშიერი“ და „სულელი“ - სტივ ჯობსის ცნობილი მიმართვიდან არის, „შიშველი“ მე დავამატე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს საკუთარ თავთან დამეგობრებას, საკუთარი თავის პატივისცემასა და სიყვარულს, მათ შორის, რომ შიშველი დადგე სარკის წინ და საკუთარი თავი არ განსაჯო, თუ ფიზიკურად არ მოგეწონება. პირიქით - მოიწონე იგი ისეთი, როგორიც არის და არ ეჩხუბო! მართლაც, მე თუ არ მომწონს საკუთარი თავი და პატივს არ ვცემ, ვის შეიძლება მოვთხოვო პატივისცემა ჩემი პიროვნებისა?!



საკუთარი თავის პატივისცემას თან ახლავს თავისუფლების განცდა. თავისუფალი მოქალაქე არის ის, ვინც თვლის, რომ არავისზე არც ნაკლებია და არც მეტი - ეს იქნება ზესახელმწიფოს პრეზიდენტი, თუ ყველაზე გაჭირვებული ქვეყნის ბოგანო. თავისუფლება თუ წილნაყარია ღირსებასთან, ბედნიერებას პოულობს ადამიანი. როდის გავიაზრე ეს?

2005 წელს რომში ევროპის კონგრესზე გახლდით გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტის სტატუსით. იქ ძალიან მაღალი რანგის ადამიანებს შევხვდი. ამაღლებულ განწყობაზე ვბრუნდებოდი საქართველოში. ფიუმიჩინოს აეროპორტში ხალხს ვაკვირდებოდი და მაშინ გამიჩნდა ასეთი გრძნობა: მე ერთ-ერთი მათგანი ვარ – არც ერთზე ნაკლები, არც ერთზე მეტი. მაშინ ვიგრძენი თავისუფალი მოქალაქის სული. რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად საინიციატივო ჯგუფი ჩამოვაყალიბე და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დავიწყეთ თავისუფალი მოქალაქის კონცეფციის პოპულარიზაცია. ამჟამად თავისუფალი მოქალაქის 10 მონუმენტია დამზადებული, რამდენიმე მათგანი საქართველოშია, რამდენიმემ კი უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიკავა ადგილი.



Happiness

ნახატის მესამე ნაწილი 55 სმ სიგანის გახლავთ. 55 წლის რომ ვიყავი, სტუდენტების ფარული გამოკითხვის საფუძველზე წლის საუკეთესო ლექტორად დამასახელეს. როგორც შემდეგ გავიგე, უნივერსიტეტში ყოველ წელს სტუდენტები 2 საუკეთესო ლექტორს ირჩევენ, ერთს თეორიული საგნების ლექტორებიდან, მეორეს - პრაქტიკულიდან. იმ წელს ამ უკანასკნელში მე ამირჩიეს.

აეროპორტში ვიყავი, მსოფლიო კონგრესზე მივფრინავდი, რეგისტრაციაც გავლილი მქონდა, როცა დამირეკეს და დაჯილდოების შესახებ მითხრეს. ჩემი განრიგის მიხედვით ვერ ვახერხებდი დაჯილდოებაზე დასწრებას, მაგრამ თან ვაცნობიერებდი იმ პასუხისმგებლობასაც, რასაც სტუდენტების მიერ გამოჩენილი სიყვარული, პატივისცემა და აღიარება მაკისრებდა. ამიტომ კონგრესის პრეზიდენტს, რომელიც ამავე დროს ჩემი მეგობარია, დავურეკე. ვუთხარი, როგორც შენ მეტყვი, ისე მოვიქცევი-მეთქი. მან კი მითხრა: მესმის, რომ ეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დარჩი და ლექცია „სკაიპით“ წაიკითხეო. ამგვარად, 9 საათზე დაჯილდოებას დავესწარი, 10-ზე კი „სკაიპით“ ლექცია წავიკითხე.

სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა ამ ნახატის შექმნის იდეა. შევუკვეთე 3 სხვადასხვა ზომის ტილო და 6-8 თვის განმავლობაში ვხატავდი. ყველა ნახატში ვდებ იდეას, კონცეფციას. ხშირად საკუთარი ლექსები შთამაგონებს. მაგალითად, ნახატი „სიცოცხლის შტორმი“, ამ ლექსის მიხედვით შეიქმნა:


„მე ეს სიცოცხლე ლექსად ვაქციე,
ლექსიც და ყოფაც ზღაპრად ვაფრქვიე
და იდეები სიყვარულისა
სიცოცხლის შტორმად გადავაქციე“.

იყო დრო, როცა ვფიქრობდი, რომ დღე-ღამეში 24 საათი საკმარისი არ იყო. ახლა კი ვფიქრობ, რომ რაც არის მოცემული, იმ დროში უნდა ჩავატიო და თუ რამეს ვერ ჩავატევ, ამის გამო არ უნდა ვშფოთავდე. თუ მე დღეს გუშინდელ დღეზე ვინერვიულე, დღევანდელი დღე ხომ უკვალოდ დაიკარგება?! ასე გავა მთელი ცხოვრება და ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება... ამიტომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცხოვრება არის აქ და ახლა!



ასევე, იცით, რაზე დავფიქრდი? აუცილებლად დადგება დრო, როცა იმ 24 საათის გაყვანა გამიჭირდება. როცა დრო ცეცხლივით მიქრის, ისაა ცხოვრება, მაშინ ხარ ცოცხალი, მაშინ ხარ ბედნიერი. ამაზე ბოლო დროს დავფიქრდი, როცა შიმონ პერესის (პოლიტიკოსი, ისრაელის პრეზიდენტი 2007-14 წლებში) სიტყვები წავიკითხე: „როდესაც ჩემი გაკეთებული საქმეების რაოდენობა იქნება მეტი იმ იდეების რაოდენობაზე, რომლებიც ახლა მაქვს, ე.ი. დავბერდი“.

ახლა ჩემი ცხოვრება სავსეა ბედნიერებით. ან როგორ შეიძლება არ ვიყო ბედნიერი, როცა ჩემი პროფესიის დამსახურებით ასეულობით სიცოცხლის მოვლინებაში მაქვს წვლილი შეტანილი!


ბოლოს, გეტყოდით:

„გვახსოვდეს, დრო შეზღუდულია,
მცირდება, როგორც „შაგრენის ტყავი“!
მაშ, ნუ გაფლანგავ დროს უნიათოდ
და ნუ იცხოვრებ სხვისი ცხოვრებით,
ნუ გაებმები დოგმის მახეში,
იგრძენი სული თავისუფალი,
პატივი ეცი გულისთქმას შენსას
და ნუ იცხოვრებ სხვისი აზრებით.
იყავ „შიშველი“, იყავ „სულელი“,
თუნდაც „მშიერი“,
თავისუფალი, ღირსეული და ბედნიერი“.

მარიამ ტურძილაძე

კომენტარები

შორენა 2021-05-04 14:47
არაჩვეულებრივი ადამიანი,ვიტყოდი, ჩვენი დროის გმირი

კომენტარის დამატება