ძველი ნივთებისა და ძვირფასი ქვების კოლექცია გია ჯაჯანიძის სახლში და რატომ ოცნებობს სირაქლემაზე ცნობილი წამყვანი?

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ყოველთვის ექსტრავაგანტურობითა და არაორდინარულობით გამოირჩევა. ტრადიციას არც ამჯერად უღალატა. ჩვენთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ორი თვე მაღალსართულიან კორპუსში მელასთან ერთად ცხოვრობდა, იქ კარტოფილი, გოგრა, კიტრი, ლიმონი და ლობიო მოჰყავს, ახლო მომავალში კი სირაქლემას შეძენას გეგმავს.


- სახლი ჩემთან ასოცირდება სავარძელთან. სახლში არასოდეს ვარ მარტო. ფიზიკურად ადამიანების ყოფნას არ ვგულისხმობ. ვზივარ სავარძელში, ვკითხულობ ან ტელევიზორს ვუყურებ, შევდივარ ფეისბუქში მხოლოდ იმიტომ, რომ შევიტყო სიახლეების შესახებ. თუ ვინმეს რამე პოლემიკა უნდა, იმ წუთას ტელეფონის ნომერს ვაძლევ, რადგან ბევრი წერის დრო

არ მაქვს. მარტოობის შეგრძნება არასოდეს მქონია. ფიქრში ჩემთან არიან ადამიანები, მაქვს დიალოგი, ვაწყობ გეგმებს, ვწერ პროექტებს, სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ მარტო არასოდეს ვრჩები.

- მეგობრები ხშირად გსტუმრობენ?
- არ მიყვარს სტუმრები. არ იფიქროთ, რომ სტუმართმოყვარე არ ვარ. თუ გაქვს საქმე, უნდა მოხვიდე. თუ მომენატრე, მოგენატრე და დავთქვით, რომ უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ, ეს უნდა დავაწყო წინასწარ, დავგეგმო. დაუგეგმავი სტუმრობებისთვის დრო არ მაქვს.

- რემონტის საკითხში რამდენად ერკვევით?
- არ მიყვარს ეგ პროცესი. ვერ ვიტან რემონტს, არეულობას. ჩემს სახლში მაშინ კეთდება რემოტი, როცა უცხოეთში ვარ. ჩამოვდივარ და გამზადებული მხვდება ყველაფერი.


ბატონი გიას სახლში უამრავ უცნაურ, თუმცა მრავლის მთქმელ ნივთს შეხვდებით.

გარყვნილი მზე.
- ყველა ნახატი, რაც ჩემს სახლში ნახეთ, ჩემი შექმნილია და ყველას ერთი სახელი ჰქვია - "ბედნიერება“. ეს ფოტოები არის ადამიანის პორტრეტები. იცით, რატომ ჰქვია ამ სურათს "გარყვნილი მზე"? არსებობენ ადამიანები, რომელიც ძალიან საყვარლები, თბილები, კეთილები არიან, გარკვეული ოპერიოდის შემდეგ ხვდები, რომ ეს ადამიანი არის გარყვნილი, გათახსირებული, მაგრამ მზეა, ის უყვარს დედას, მამას, მეგობრებს, მიყვარდა მეც.

აღარ მიყვარხარ.
ამ ნახატთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. ჩემთან სტუმრად იყო ცოლ-ქმარი. ვისაუბრეთ, ბევრი კითხვა დავსვით, გავეცით პასუხები. მოულოდნელად ცოლმა აღმოაჩინა, რომ ქმარი აღარ უყვარს და უთხრა, "მე შენ აღარ მიყვარხარ". გარკვეული პერიოდის შემდეგ მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ქმარიც იგივე დასკვნამდე მივიდა და უთხრა, იცი, არც მე აღარ მიყვარხარო და ასე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. ამ ამბის შემდეგ დავხატე ეს ნახატი.


ქვასანაყი.
მაქვს როგორც ხის, ისე ქვის სანაყები. ყველა ნივთს ჩემთვის რაღაც დატვირთვა აქვს. უცბად მომეწონა ეს ნივთი, შევიძინე, ვამბობდი, რომ ძალიან მომწონს. ამის მერე ბევრმა ადამიანმა მაჩუქა და ასე შემიგროვდა. მაქვს ასი წლის წინანდელი სასწორები, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. ჭიათურიდან წამოვიღე ძველი უთო. ასევე მაქვს ძველი ტელეფონები. დაბადების დღეზე მაჩუქა ერთი ჩემმა ძმამ, ორი მეგობარმა. ის ორი დეკორატიულია.

ქვით ნახატი კაცის პორტრეტი.
ზღვიდან ჩამოვიტანე ქვები და ამ ქვებით ჩემი პორტრეტი გავაცოცხლე. დაფაზე ქვებით გამოსახული კაცი მე ვარ. ამით ჩემს განწყობას გამოვხატავ, ეს ჩემი ნაწილია. ხომ ხედავ, რამდენი პორტრეტია, თითოეული მათგანი ჩემს განსხვავებულ ხასიათს და განწყობას გამოხატავს.

ბუნებრივი, ფერადი ქვები.

გეტყვით ერთ პატარა საიდუმლოს. ეს არის ჩემთვის ძალიან პირადული, ჩემი სულის ნაწილი. ვფიქრობ, ყველა ბუნებრივ ქვას სძინავს. როცა ქვას ვპოულობ, ვხვდები, როგორ ვაცოცხლებ, ვაღვიძებ მას. მთელი ცხოვრება ვაგროვებდი, ვყიდულობდი, უცხოეთიდან მომქონდა, ქუჩაშიც ვკრეფდი. წარმოიდგინეთ, ბავშვობიდან კიდეც ველაპარაკებოდი. მიჭირს ვიყო გულწრფელი, რადგან იმდენად დაუჯერებელი რაღაცები მჭირს, არ მინდა ეგონოს ხალხს, რომ ვიტყუები. ბევრ რაღაცას ვერ ვამბობ. ყველაფერი რაც ღვთისგან არის შექმნილი, მაოცებს. ვოცდები, როცა ვხედავ ქვას, რომელიც მილიონი წლისაა, წარმოიდგინეთ რამდენი რამ გამოიარა. ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევს, როგორ ამოდის ყვავილი, იშლება, როგორ არის შიგნით სხვა ფურცლები, გული, როგორ ჰგავს ზოგიერთი მათგანი ადამიანის ორგანოებს. ეს დიდი სასწაულია.

 

 აზიური შუშები.

აზიურ შუშებში უნდა ჩაასხა სურნელოვანი ვარდის, იასამნის, მაგნოლიის, ტიტას ნატურალური ზეთები. ვიზუალურად ძალიან მომწონდა, ამიტომ შევაგროვე.

 

სამკაულები.

მინდა ძალიან უცნაური რამ გითხრა სამკაულებთან დაკავშირებით. შევდივარ მაღაზიაში და ვყიდულობ სამკაულს, ჩავდივარ უცხოეთში და მომაქვს სამკაული. სახლში მაქვს ხე, რომელზეც ვინახავ ამ სამკაულებს. ისინი თავის პატრონს ელოდებიან. პატრონმა არ იცის, რომ სამკაული აქვს. შემდეგ ნელ-ნელა ვაჩუქებ და მის ადგილს ახლით ვანაცვლებ. სამკაულებს ვინახავ ჭაღებზეც. მომწონს, როცა ვუყურებ, როგორ ელოდება პატრონს. ამას დადებითი მუხტი და აურა შემოაქვს ჩემს სახლში.

ფარდა მზის გამოსახულებით.
ეს ფარდები მაჩუქეს. ძალიან მომეწონადა დავკიდე, ასეთი ფარდა სხვაგან არსად მინახავს. იქვე შეამჩნევდით ჭრელ ფარდას, ეს ფარდა ჩემი შეკერილია.

 

- როგორ სახლზე იოცნებებდით?
- ალბათ ისეთზე, როგორიც მაქვს. ჩემთან ყველაფერი თავისით მოდის. არასოდეს არ ვოცნებობ იმაზე, რისი შესრულებაც შეუძლებელია. თუ ვიოცნებებ დიდ ეზოიან, აუზებით და სხვადასხვა დეკორაციით დამშვენებულ სახლზე, დამიჯერეთ, აუცილებლად მექნება. არ მიყვარს დიდი სახლები, მირჩევნია საშუალო ზომის, მყუდრო, კომფორტული სახლი. რაიონში გავიზარდე და ეზოიანი სახლი ძალიან მიყვარს. სასიამოვნო დამოკიდებულება მაქვს მიწასთან, მცენარეებთან. კორპუსის სახლში მოვიყვანე გოგრა, კიტრი, ლიმონი, ლობიო. ერთხელ ე.წ ლახანკის ტაშტზე დავთესე კარტოფილი და სამი კილო მოსავალი მივიღე.


- ცხოველებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ძალიან მიყვარს ცხოველები. სახლში მყავდა მელა, რომელიც ჩემთან ერთად კორპუსის ბინაში ორი თვე ცხოვრობდა. ძალიან გაიზარდა, ამიტომ ჩემს დასთან წავიყვანე. სულ მყავს ძაღლი. მინდა ჩემი ოცნება გაგიმხილოთ. ძალიან მინდა მყავდეს სირაქლემა და დარწმუნებული ვარ, მეყოლება კიდეც.

 

- ვინც პირადად გიცნობთ, დამეთანხმება, რომ განსაკუთრებული მიმტევებლობით გამოირჩევით. თითქმის არავის ეკამათებით და იმ შემთხვევეშიც კი, როცა მართალი ხართ, შეგიძლიათ ბოდიში მოიხადოთ.
- შეიძლება ამან მკითხველი გააღიზიანოს, მაგრამ გეტყვი, რომ მაქვს სწორად აღქმის და ფიქრის უნარი. გეტყვი, როგორც მივედი აქამდე. მოვყევი საცობში, ყველა ნერვიულობს, ყვირიან მძღოლები, ილანძღებიან, ასიგნალებენ, მივხვდი, რომ მე არ ვნერვიულობ, მშვიდად ვდგავარ საცობში, არ მეშლება ნერვები, დიდი მოთმინებით ველოდები გზის გახსნას. ნერვიულობით და ყვირილით რამეს ეშველება? რომ ასიგნალებ, გაფრინდება მანქანა? მაშინ მივხვდი, რომ საჭიროა ყველა სიტუაციაში შეინარჩუნო სიმშვიდე. ბუნებრივად მაქვს მოთმინების უნარი. ასეთი დავიბადე, ველოდები უსასრულოდ. შეიძლება არ დამიჯეროთ, მიყვარს ლოდინი. არ მაღიზიანებს, როცა აგვიანებს. დააგვიანდა, მერე რა მოხდა? არ მაღიზიანებს, როცა მატყუებენ. უნდა და მატყუებს. მეც მითქვამს ტყუილი. ერთადერთი არ უნდა მოიტყუო ფულში და დამოკიდებულებაში. ჩემს მეხსიერებაში არ არსებობს ფაქტი, აგრესიაზე აგრესიითვე მეპასუხოს. ვუხსნი, ვეუბნები, გაიგებს - ძალიან კარგი, არ გაიგებს და სიტყვა "ბოდიში" ძალიან თავისუფლად შემიძლია ვთქვა და ამით ყველაფერს ვაგვარებ. არ ვკამათობ, თუ ვიცი, რომ კამათს შედეგი არ მოჰყვება. მე არ ვიბრძვი ბრძოლისთვის, ვიბრძვი წარმატებითვის. თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ გავიმარჯვებ, არ ვიბრძვი. ვინაიდან ლოდინის უნარი მაქვს ყოველთვის ვიმარჯვებ. 

სახლის და ნივთების კიდევ მეტი ფოტო იხილეთ ფოტოგალერეაში

მერი ბლიაძე

კომენტარები

Ir ine 2017-05-01 23:10
Es dzveli binaa,exla megobris nachuqar sakutar saxlshi tsxovrobs,ara mgonia iqats eseti qaosi iyos.
ნათელა 2017-03-02 12:37
ძალიან გვიყვარს ყველას ოჯახში იმიტომ რომ გიასგან ძალიან დადებითი მუხტი მოდის გვიყვარხართ
Ruska 2016-09-04 17:39
dzalian kargi adamiani brzandebit...tkvengan dadebiti aura modis...gmertma xeli mogimartos, kvela sakmeshi....
დუდუ 2016-08-30 13:52
ჯაჯანიძე ძალიან საყვარელია, მისგან დადებითი მოდის მხლოდ!
GD 2016-08-29 22:50
გილოცავთ ახალ სახლს! ვინც გაჩუქათ ,გაიხაროს! ოღონდ გთხოვთ----გაფილტრეთ თქვენი შოუს სტუმრები,ბო--ბი და სილიკონიანი ვაი ლამაზმანები არ გვინდა რა!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები