როგორ ვუშველოთ გაჭედილ უნიტაზს საკუთარი ძალებით

უნიტაზის გაჭედვა იშვიათი შემთხვევა ნამდვილად არ არის, ეს ყველა ოჯახში შეიძლება მოხდეს. როგორც წესი, პრობლემის მოსაგვარებლად სანტექნიკოსს მივმართავთ ხოლმე, თუმცა არის საშუალებები, რომელთა დახმარებით თავადაც არის შესაძლებელი სირთულის გადალახვა.
არის ექსტრემალური შემთხვევები, მაგალითად, როდესაც უნიტაზიდან წყალი გადმოდის, ამ დროს არც კი ღირს ინიციატივის გამოჩენა და სასწრაფოდ ხელოსანთან უნდა დარეკოთ.
შედარებით მარტივი დაბრკოლების აღმოფხვრა კი საკუთარი ძალებით ნამდვილად არის შესაძლებელი.
უნიტაზის გაჭედვის მიზეზი შესაძლოა ბევრი რამ იყოს. ჩაზნექილ-ამოზნექილი მილები ამის ერთ-ერთი მიზეზია, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რამდენად აკურატულად ხმარობთ მას. აღსანიშნავია
ისიც, რომ პრობლემა ხშირად ჩნდება იმ შემთხვევაში, თუ მილები ძველებურია, თუჯის. თანამედროვე ტიპის მილები შიგნიდან სპეციალურ ფენით არის დაფარული, რომელიც დროთა განმავლობაში ხელს უშლის წყლის გადინებას, თუმცა თანამედროვე ტიპის ქიმიური საშუალებები მარტივად უმკლავდება მსგავსი ტიპის ნადებს.

კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს უნიტაზში უცხო საგნის მოხვედრა, ეს შესაძლოა იყოს პატარა ზომის სათამაშო, საკვების ნარჩენები, ტუალეტის ქაღალდი და ა.შ. ამ შემთხვევაში ქიმიური საშუალება ვერ დაგეხმარებათ და სატუმბის გამოყენება მოგიწევთ. დიდი ზომის ნივთის გაჭედვის შემთხვევაში, მაგალითად იატაკის ტილოს, სატუმბი ნამდვილად ვერ გიშველით და სანტექნიკური ტროსის გამოყენება დაგჭირდებათ.
თუ სახლში კატა გყავთ და იყენებთ სპეციალურ საშუალებას, გრანულებს ყუთში ჩასაყრელად, ძალიან ფრთხილად იყავით მის უტილიზაციასთან დაკავშირებით. საქმე ის გახლავთ, რომ მინერალური გრანულები, რომელიც იწოვს სითხეს, დამზადებულია თიხისგან. კანალიზაციაში მოხვედრის შემდეგ წყლის ზემოქმედების შედეგად, თიხა ცემენტის მსგავს ნაზავად გადაიქცევა და მისი საცობის განეიტრალება არცთუ მარტივი საქმეა.

თუ სახლში უნიტაზი გაიჭედა, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ აბაზანაში და სამზარეულოში ონკანები გახსნათ. თუ წყალი უპრობლემოდ გაედინება, შეგუბების გარეშე, ე.ი. პრობლემა უნიტაზს აქვს. თუ ატყობთ, რომ ნიჟარაში წყალი დაგროვდა, ე.ი. პრობლემა კომუნიკაციას აქვს და არა კონკრეტულად უნიტაზს. ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად მოქმედებას არ გირჩევთ, უბრალოდ უძლური აღმოჩნდებით.
თუ დარწმუნდით, რომ პრობლემა კონკრეტულად უნიტაზს აქვს და არა მთელს ცენტრალურ კომუნიკაციას, სანტექნიკოსის გამოძახებამდე სცადეთ მისი დამოუკიდებლად მოგვარება.
თუ პრობლემა გაჭედვამ წარმოქმნა და გაჭედილია ორგანული ნაზავი მაშინ შესაძლოა მხოლოდ ცხელი წყალი დაგჭირდეთ. ჩაასხით უნიტაზში დიდი რაოდენობით ცხელი წყალი. თუმცა, იყავით ძალიან ფრთხილად, ადუღებულმა წყალმა შესაძლოა გახეთქოს უნიტაზი. წყალი უნდა ყოს ცხელი და არა ადუღებული. ჯერ სულ ცოტა წყალი ჩაასხით, რათა კონსტრუქცია შეთბეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხით დანარჩენი. დაიცადეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ჩარეცხეთ.
გარდა ამისა, კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა სოდა, რომელიც ყველა ოჯახში ყოველთვის მოიძებნება.
დაახლოებით ნახევარი კოლოფი სოდა დაამატეთ ერთ ვედრო ცხელ წყალს და ჩაასხით უნიტაზში. ეს ნაზავი ორგანულ ნარჩენებს დაშლის და წყალი ადვილად გავა.

მეორე ვარიანტია ნახევარი კოლოფი სოდის ჩაყრა უნიტაზში და შემდეგ ძმრის დამატება. ასეთი ნაზავი შედარებით მსხვილ ორგანულ ნარჩენებსაც გაანადგურებს. ძმარი შესაძლოა ჩაანაცვლოს ლიმონის მჟავამ ან ლიმონის წვენმა. შემდეგ ჩარეცხეთ უნიტაზი ნელ-ნელა.
გაჭედვას ასევე ძალიან კარგად უმკლავდება ქიმიური საშუალებები, რომელიც მაღაზიებში იყიდება. მისი შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის მასალა, რაც გაიჭედა. თუ გაჭედილი ნივთი მაგალითად, პოლიეთილენის პარკია, მაშინ ქიმიური საშუალება ვერ დაგეხმარებათ, რადგან ის აქტიური მხოლოდ ორგანული ნაერთების მიმართ არის.
რაც შეეხება მექანიკურ იარაღებს, პირველ რიგში აღსანიშნავია სატუმბი, რომელიც ძალიან ეფექტურია ხოლმე კონკრეტულ შემთხვევებში. თუ ეს ნივთი სახლში არ გაქვთ, გირჩევთ აუცილებლად შეიძინოთ. ამ იარაღის მუშაობის პრინციპი წნევაზეა დამოკიდებული.
შედარებით სერიოზული გაჭედვის შემთხვევაში დაგჭირდებათ სანტექნიკური ტროსის გამოყენება.
დღესდღეობით ინტერნეტში უამრავ რჩევას შეხვდებით უნიტაზის განწმენდასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფრის გათვალისწინება ნამდვილად არ ღირს, მაგალითად ჭურჭლის სარეცხი ჟელე ნამდვილად ვერ დაადნობს ვერანაირ ცხიმს უნიტაზში, ასევე გაზირებული სასმელი ვერ მოგიგვარებთ პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ბევრი ეფექტური ვიდეო შეიძლება შეგხვდეთ ამასთან დაკავშირებით. ვერც ქლორი და მათეთრებელი დაგეხმარებათ.
ყველაზე ეფექტური რჩევა ჩვენგან იქნება ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ ექსპლუატაციის დროს. არ ჩაყაროთ უცხო სხეულები, მათ შორის ტუალეტის ქაღალდი. თუ დაინახეთ, რომ ჩავარდა, ეცადეთ სასწრაფოდ ამოიღოთ.
ნუ ჩაასხამთ უნიტაზში საჭმლის ნარჩენებს. თუ სახლში პატარა ბავშვები არიან, ძალიან ყურადღებით იყავით, რომ რამე არ ჩაყარონ.
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო აბაზანაში რემონტის დროს, რათა სამშენებლო მასალები არ აღმოჩნდეს უნიტაზში, იქნება ეს სამშენებლო მტვერი, ცემენტი თუ სხვა რამ. ეცადეთ უნიტაზი პერიოდულად გაწმინდოთ ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებებით. ყოველდღიურად წმინდეთ უნიტაზი გარედან და შიგნიდან. და ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძველი მილები ნადებს უფრო ადვილად იკეთებს, ვიდრე ახალი, ხშირად პრობლემის მოგვარება მხოლოდ კომუნიკაციების შეცვლით არის ხოლმე შესაძლებელი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები