ვარდების გასაზრდელად და გასახარებლად ეს მეთოდიც გამოიყენეთ - ამაზე ადვილი არაფერია


ცნობილი თეატრალი ავთანდილ დანელია იგონებდა: როდესაც მსოფლიოს უდიდეს პიანისტს და მხატვარს - სვიატოსლავ რიხტერს ცისფერი ვარდები მივართვი, ყოველ დილით ექვს საათზე საგანგებოდ დგებოდა, ვარდებისთვის ბახის ნაწარმოებს უკრავდა და ვარდები ორმოცი დღე აცოცხლა.

ვინც ყვავილებს კარგად იცნობს და მათი მოვლა ცხოვრების წესად აქვს ქცეული, ამ ლამაზ არსებებს ბევრ საოცარ თვისებას ამჩნევს. იცოდით რომ, ვარდებს კლასიკური მუსიკა უყვართ, რომ ჭორაობის ეშინიათ და ორპირი ქარი ღუპავთ? რაც არ უნდა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, ამაზე მეცნიერებს უმუშავიათ და ძალიან საინტრესო დასკვნებამდეც მივიდნენ. ცნობილმა ჟურნალისტმა ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანმა წიგნში  " ყვავილებით შთაგონებული" ყვავილების სწორედ ასეთ დაუჯერებლ თვისებებზე მოგვითხრო.

ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანი:
" ცენარე ჟანგბადის წყაროა.
ამასთან სილამაზით გვატკბობს და ამშვენებს ჩვენს ცხოვრებას. ადამიანის ამ მუნჯ მეგობარს ბევრი საიდუმლო აქვს. 1979 წელს ამერიკელებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. ფერმერმა დანა კარლდონმა სახლის პირობებში გაზარდა ყველაზე დიდი მცენარე, რის გამოც გინესის წიგნში შეტანის პატივი ხვდა წილად. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას გადასცემდნენ მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები. დანა კარლსონი მცენარეს ყოველდღიურად ასმენინებდა კლასიკურ ნაწარმოებებს. ბახის, ვივალდის, ასევე - ჩიტების ჟღურტულსაც. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა მცენარის კვებას და ყოველივე ამის შედეგად " ვნების ყვავილი", რომელიც ჩვეულებრივ 54 სანტიმეტრზე მეტი არ იზრდება, 180 მეტრამდე გაზარდა. უპირატესობას ანიჭებდა ანტონიო ლ. ვივალდის "წელიწადის დროებს", ბახის სონატებს.. მცენარეებმა ძალიან სწრაფად დაიწყეს ზრდა ( 60 სმ-დან 60 მმ-დე) და წელიწადში ორჯერ ჰყვაოდნენ.

კარლსონს მრავალი მიმდევარი გაუჩნდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: იაპონიაში, ტეხასში, კალიფორნიაში და სხვა.. იქ ათასობით ცდა ჩაატარეს სხვადასხვა მცენარეებზე და შედეგებით ყოველთვის აღტაცებული რჩებოდნენ.მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მუსიკა დადებითად მოქმედებს არა მარტო ადამიანზე, არამედ მცენარეებსა და ცხოველებზე.


- საინტერესოა, როგორ ესმის მცენარეს მუსიკალური მელოდია, რითმი, ნაწარმოების ტემბრი, მისი ტონალობა, მას ხომ არ აქვს გრძნობათა ორგანოები.

- მცენარე ცოცხალი არსებაა, ის რეაგირებს სინათლეზე, ჟანგბადისა და ტემპერატურული რეჟიმის ცვლაზე. მას აქვს აკლიმატიზაციისა და ადაპტაციის უნარი და ა.შ. ამიტომაც მსოფლიოს გამოჩენილმა ბოტანიკოსებმა, ფიზიკოსებმა, მათემატიკოსებმა დაასკვნეს, რომ მცენარე რეაგირებს ბგერაზეც. იტალიელმა გამომგონებელმა ვალერიო სანფომ შექმნა იმ ხმების ჩამწერი ელექტრო ხელსაწყო, რომელსაც მცენარე გამოსცემს.
მილანის უნივერსიტეტის ცნობილმა ბოტანიკოსმა კლაუდიო ლ ანგომ ეს ჩაწერილი ხმები თანამედროვე ელექტროტექნიკის მეშვეობით გარდაქმნა სიტყვებად. ალბათ ახლოვდება დრო, როცა ადამიანი კომპიუტერის საშუალებით მცენარესთან გასაუბრებას შეძლებს.
პარიზში ჩემი ყოფნის დროს გავრცელდა ინფორმაცია ახალი ფირფიტების ალბომის "მუსიკა და მცენარეთა ცხოვრება " გამოსვლის შესახებ. მისი შემდგენელები აფრთხილებდნენ მყიდველებს არ ეყიდათ ცოცხალი ყვავილები, თუ ცუდ განწყობაზე იყვნენ. ისინი ვერ გადაიტანენ ამას და სწრაფად დაჭკნებიან, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ხელოვნური ყვავილი იყიდოთო.

ამერიკაში მოგზაურობის დროს ხელში ჩამივარდა 1973 წელს ბიოლოგ ქრისტეფორ ბერდისა და ისტორიკოს პიტერ ტომპსინსონის მიერ გამოცემული საინტერესო წიგნი "მცენარეთა ცხოვრების საიდუმლო". ამ წიგნმა, რომელიც ათ ენაზე ითარგმნა და დიდი ტირაჟით დაიბეჭდა, დიდი პოპულარობა მოიპოვა და იგი წლის საუკეთესო წიგნად აღიარეს. ავტორები მცენარეთა შესახებ საოცარ ამბებს მოგვითხრობდნენ. განსაკუთრებით დამაინტერესა მცენარეზე ადამიანის სიტყვისა და მოქმედების, ბგერების, სიმღერებისა და მუსიკის ზეგავლენამ. ეს გამოკვლევა იმდენად საინტერესოა, რომ მოკლედ თქვენც გიამბობთ: ბერდი და ტომპინსონი პირველად 1950 წელს დააკვირდნენ , თუ როგორ მოქმედებდა მუსიკა ყვავილზე.
მეყვავილე არტურ დოკერმა ცდა ჩაატარა ვისკონსიის შტატის ქალაქ მიულოკში. მუსიკის მოსმენის შემდეგ ყვავილი მაღალი, სწორი და ლამაზღეროვანი გაიზარდა.
კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები გამოიყენეს კანადელმა, ინდოელმა და სხვა ბოტანიკოსებმაც.


ორღანზე შესრულებული ბახის ნაწარმოებების მოსმენისას მცენარეები მუსიკის წყაროს მხარეს 35 გრადუსით იხრებოდნენ, ხოლო როცა ლუი არმსტრონგისა და დიუკ ელინგტონის მიერ შესრულებულ ნაწარმოებებს ისმენდნენ, დახრის კუთხე 15-20 სანტიმეტრი იყო.


უძველესი გამოცდილება:
  • ღმერთი კრიშნა მუსიკალური ნაწარმოებების დაკვრით აჯადოვებდა არა მარტო ადამიანს არამედ მის გარშენმო მცენრეებსაც _ ბალახები, ხეები, ბუჩქები, მუსიკალური ჰანგების გავლენით სწრაფად იზრდებოდნენ. 
  • ძველ რომში ყურადღებას აქცევდნენ რა სწრაფად იფურჩქნებოდა მუსიკის (არფის, ვიოლონჩელისა და ვიოლინოს) ჰანგებზე ვარდი.
  • სოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობილია, რომ თესვის დროს სიმღერების შესრულება კარგად მოქმედებს მოსავალზე.
  • ბევრ ხალხში დღემდეა შემორჩენილი რიტუალური ცეკვები და სიმღერები, რომლებსაც ასრულებდნენ არა მარტო თესვის დროს, არამედ ნადირობის დაწყებამდეც. ასეთი რიტუალები საქართველოშიც სულდებოდა. ჩვენს წინაპრებს ბევრი სიმღერა ჰქონდათ, რომლებსაც დღესაც ასრულებენ.
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება