სანსევიერა - რატომ უნდა დავდგათ ის საძინებელში?!

სანსევიერა (მას ხალხში „სიდედრის ენასაც“ უწოდებენ) პოპულარული და უპრეტენზიო მცენარეა, რომელსაც ბევრი სასარგებლო თვისება აქვს.

სანსევიერა ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელი მარადმწვანე მცენარეა, რომელიც გავრცელებულია აფრიკისა და სამხრეთ აზიის ტროპიკების მშრალ ადგილებში. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში მცენარის 60-მდე სახეობა არსებობს, საოთახო მემცენარეობაში მხოლოდ მისი მცირე ნაწილია (დაახლოებით, 1 ათეული ან ცოტა მეტი) გავრცელებული.
სანსევიერას სახეობები ერთმანეთისგან ფორმით, სიმაღლით და შეფერილობით განსხავავდებიან. ახალგაზრდა მცენარე როზეტის ფორმით იზრდება, ანუ მისი ფოთლები ერთი წერტილიდან სპირალურად ამოდის, მოზრდილ მცენარეს კი ეს ცენტრი თითქმის
შეუმჩნეველი უზდება. ფოთლების შეფერილობა შესაძლოა იყოს ღია ან მუქ მწვანე ტონებში და კრემისფერი ან მოყვითალი ზოლები დაჰყვებოდეს.
რაც შეეხება ფოთლების სიგრძეს - არსებობს შედარებით მოკლეფოთლიანი სახეობები და სახეობები - მაღალი და სწორად ამართული, ხანჯლისებური ფოთლებით. სანსივიერას ყვავილედი კი წვრილ და მაღალ საყვავილე ღეროზე გაფანტულ მომწვანო ან თეთრ ვარსკვლავისებრ, უსახურ და სუსტად სასიამოვნო სურნელის ყვავილებს წარმოადგენს. როგორც წესი, ერთ როზეტზე მხოლოდ ერთი საყვავილე ღერო ვითარდება, გადაყვავილების შემდეგ კი ღერო ხმება, როზეტი ზრდას წყვეტს და ახალი ფოთლები აღარ ამოსდის.
სანსევიერა, სამკურნალო თვისებების გარდა (მას ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ), იმითაც გამოირჩევა, რომ ღამით დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოყოფს, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ საძინებელ ოთახში მოათავსებთ.

ადგილი და განათება
სანსევიერა მზიან ადგილზეც და ჩრდილშიც ერთნაირად კარგად იზრდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მზეზე გაზრდილ ჭრელფოთოლა ჯიშებს ფოთლების შეფერილობა უფრო ინტენსიური აქვთ. მცენარე ადვილად ეგუება ცხელ და მშრალ გარემოსაც, ასევე კარგად იზამთრებს გრილ ოთახში, რომელიც მხოლოდ მზით თბება. ზამთრის განმავლობაში ისვენებს და არ იზრდება, ამიტომ ამან არ უნდა შეგაშფოთოთ.
სანსევიერას კიდევ ერთი, ოთახის მცენარისთვის იშვიათი თვისება გააჩნია - მშვენივრად უძლებს ორპირ ქარს. ამიტომ ზაფხულში შეგიძლიათ, გარეთაც გაიტანოთ, თუმცა აუცილებლად მოარიდეთ წვიმას.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მცენარეს ადგილის ხშირი შეცვლა არ მოსწონს.

გადარგვა და მორწყვა
სანსევიერა ვიწრო და ღმა ქოთანში უფრო ლამაზი და ხშირი იზრდება, ვიდრე განიერ ქოთანში. მცენარეს გადარგვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა ქოთანში ვეღარ ეტევა და ახალ ამონაყარს გაზრდა უჭირს.
რაც შეეხება ნიადაგს, მის მიმართ მცენარე მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ - მთავარია, მიწა წყალს კარგად ატარებდეს, რადგან როზეტის ცენტრში წყლის ჩადგომას მცენარე ცუდად იტანს და ზედმეტ სისველეში შეიძლება, ადვილად დალპეს. ამიტომ კარგი იქნება, თუ მიწაში ქვიშას ან წვრილ კენჭებს გადაურევთ.
რაც შეეხება მცენარის მორწყვას, იშვიათად მორწყვა ურჩევნია, ის კი არა - მორწყვა 1-2 კვირაც რომ „დაგავიწყდეთ“, ისე გაძლებს, არაფერი მოუვა. კარგი ზრდისთვის შეგიძლიათ, მცენარე თვეში ერთხელ მინერალური ან ორგანული სასუქის ნახევარი დოზით გამოკვებოთ. თუმცა, აუცილებლობას არც ეს წარმოადგენს.

გამრავლება
სანსივიერა ძირის დაყოფით (გადარგვისას) და ფოთლის კალმებით მრავლდება.
ამისთვის საჭიროა: ზრდასრული ფოთოლი დაჭრათ 5-6 სმ სიგრძის ნაწილებად და 1-2 დღე მშრალ ადგილას მოათავსოთ. შემდეგ შეგიძლიათ, თბილ ადგილზე გადაიტანოთ და ქვიშიან მიწაში ან წყალში დააფესვიანოთ. ყურადღებით იყავით, რომ კალამი მიწაში ან წყალში სწორად მოათავსოთ, რადგან თავდაყირა თუ ჩადებთ - ვერ დაფესვიანდება. რაც შეეხება დაფესვიანების ხანგრძლივობას - წყალში მოთავსებული კალამი 1-3 თვეში ფესვებს გამოიტანს, შემდეგ ახალი როზეტის კვირტსაც განივითარებს. თუმცა, უკეთესი იქნება, თუ მაშინვე არ გადარგავთ და კვირტის წამოზრდასაც დაელოდებით (დაახლოებით, 3-4 სმ სიმაღლის სანამ გახდება). ასე მოძლიერებული ახალი მცენარე უფრო კარგად გაიხარებს და სწრაფადაც გაიზრდება.

ფლორისტი მარინა ვაშაძე

კომენტარის დამატება