რომელი ხის პარკეტის დაგება ჯობს სახლში და როგორ უნდა მოუაროთ - ექსკლუზიური ინტერვიუ "პარკეტის მოცარტად" წოდებულ ხელოსანთან

იატაკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია სახლში. მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს ინტერიერი. როცა იატაკის საფარს ირჩევთ, ამ საკითხს დიდი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ და გარწმუნებთ, თქვენ მიიღებთ შესანიშნავ შედეგს: დახვეწილ, მყუდრო და ჰარმონიულ ინტერიერს. ბოლო პერიოდში აქტუალურია მხატვრული პარკეტი. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ელიტარულ პროდუქტად ითვლება, ვინაიდან მზადდება ხის ძვირფასი, ძვირად ღირებული ჯიშებისგან და მათი დამუშავება სპეციალური ტექნოლოგიით ხდება. მხატვრული პარკეტის შექმნა საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. მხატვრული პარკეტის შესახებ გრიშა გედენიძე გვესაუბრება, რომელსაც ხშირად პარკეტის მოცარტსაც კი უწოდებენ.
იგი 29 წლის გახლავთ და
პარკეტზე მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. მხატვრული პარკეტის დაგება რუსეთში ისწავლა. წლების განმავლობაში თავისი ხელობით მუშაობდა კრემლის დარბაზებში, მინისტრების კაბინეტებში, ფეშენებელურ ვილებში, სავაჭრო ცენტრებში, პარკეტი დაგებული აქვს რუსული ესტრადის არაერთ ვარსკვლავთან. გრიშა დაახლოებით 6 თვის წინ დაბრუნდა საქართველოში და სურს, მხატვრული პარკეტი აქაც ისეთი აქტუალური და მოთხოვნადი გახადოს, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია.

- განსხვავებული მეთოდით აგებთ პარკეტს. რა ჰქვია ამ მეთოდს?
- ეს არის მხატვრული პარკეტი. მოსკოვში ვისწავლე მსგავსი მეთოდით პარკეტის დაგება. ორი წელი ერთ-ერთ წამყვან ფირმაში ვმუშაობდი, შემდეგ მე თვითონ გავაკეთე მცირე საწარმო და კერძოდ დავიწყე მუშაობა. ბრიგადაში 5-6 კაცი მყავდა და ერთობლივად ვმუშაობდით.

- ქაღალდზეც ისე არაჩვეულებრივად ხატავთ, როგორც პარკეტზე?
- არა, რეალურად ხატვის ნიჭი არ მაქვს. ქაღალდზე ხატვა არ შემიძლია. პარკეტზე პირდაპირ ნახატიდან გადამაქვს გამოსახულება. ჩვენთან რაც მოაქვთ ნახატი, გვაქვს სპეციალური პროგრამა და იმაზე ვჭრით ნახატს, შემდეგ კი გადაგვაქვს პარკეტზე.

- მოსკოვში მუშაობის პერიოდს როგორ გაიხსენებდით? ძირითადად რა ტიპის ობიექტებზე გიწევდათ მუშაობა?
- კერძო შეკვეთებიც იყო, მაგრამ ძირითადად სამთავრობო სტრუქტურებში ვმუშაობდი. ნამუშევარი მაქვს კრემლში. რვა თვის წინ რუსეთის სატრანსპორტოს მინისტრის კაბინეტი გავაკეთეთ. მიმუშავია რუსული ესტრადის წარმომადგენლებთან, მომღერლებთან. პარკეტი დავაგე გრიგორი ლეპსის სახლში, ვალერი მელაძესთან და სხვებთან.

- როგორ დაკვეთებს იღებდით ამ ადამიანებისგან? რა იყო მათთან აქტუალური, მოდური?
- მხატვრული პარკეტი იქ ძალიან ცნობილი და მოდურია. საქართველოში იმდენი მოთხოვნა არ არის, რაც იქ იყო. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამის საშუალება საქართველოში ცოტას თუ აქვს. რუსეთში დიდი მოთხოვნაა კაკლის ხის მასალაზე, მაჰაგონზე, აფრიკულ ხეებზე და სხვა ძვირად ღირებულ მასალაზე, რომელთა კვ.მ-ის ფასი მინიმუმ 200-300 დოლარიდან იწყება. ძირითადად იმ მასალებზე ვმუშაობდით, რომლებიც ძვირად ღირებული, ეგზოტიკური და ეკოლოგიურად სუფთაა.

- ყველაზე რთული ნამუშევარი ვის სახლში შეასრულეთ?
- ოთხი თვის განმავლობაში ვმუშაობდით რუსეთის სატრანსპორტო მინისტრის კაბინეტში, რომელიც 700 კვადრატული მეტრი იყო. თვითონ დიზაინი რთული შესასრულებელი არ იყო, მაგრამ იატაკში ბევრი დეტალი იყო ჩამონტაჟებული, რომლის დემონტაჟიც მოხდა. ძალიან რთული მხატვრობა გამიკეთებია ბიზნესმენებთან. იყო ისეთი სირთულის სამუშაო, რომ დღეში 3-4 კვადრატზე მეტი ვერ გამოგვიჭრია.

- საქართველოში რამდენად არის მოთხოვნა მსგავსი მეთოდით დაგებულ პარკეტზე?
- აქაც ძალიან მოსწონთ, უბრალოდ ძალიან ძვირია და საშუალო ფენას უჭირს ამის დაგება. კრწანისში ვაკეთებთ ხუთსართულიან აგარაკს, რომელიც 560 კვ.მ-ია. მეპატრონე ქართველია და მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის პროკურორი გახლავთ. ძალიან ძვირი დაუჯდა მხატვრული პარკეტი. ვინც ნახა ჩვენი ნამუშევარი, ყველა აღფრთოვანებულია, მაგრამ ამხელა თანხას ვერ იმეტებენ. შესაძლოა მხატვრული პარკეტი 2-3 თვეში ერთხელ გავაკეთოთ, მაგრამ ჩვეულებრივი პარკეტი, მარტივი წყობა, ციკლოვკა, ასეთ ობიექტებს ყოველდღიურად ვაკეთებთ.

- კვადრატულის ფასი საშუალოდ საიდან სადამდე მერყეობს?
- ფასი ხის მასალაზეა დამოკიდებული. საქართველოში ყველაზე იაფიანი მასალა წიფელია. სხვა ქვეყნებში ამ მასალის პარკეტს არ აგებენ. კვ.მ ღირს 30 ლარი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ასევე მოთხოვნადია კაკლის მასალა, რომელსაც მე თვითონ ვამზადებ და ვაგზავნი მოსკოვში. ქართული კაკლის მასალა ჯდება 150 ლარი. ქართული მუხა 60-80 ლარი, ესეც ხარისხის მიხედვითაა. თუ მთის მუხაა, 60 ლარი ჯდება, თუ ბარისაა, ხიჭვები არ აქვს და უფრო ლამაზია, ფასიც შედარებით ძვირია. სხვა საუკეთესო ხეები ჩვენ არ გვაქვს. როცა უფრო ხარისხიანი მასალა გვინდა, იმ შემთხვევაში უნდა შემოვიტანოთ კანადიდან, აფრიკიდან. მათი ფასები კი 300-400 ლარიდან იწყება.

- მხატვრული პარკეტი საიდან იღებს სათავეს?
- კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრა ჩემი აზრით ეს კულტურა ძირითადად კანადიდან იღებს სათავეს. პარკეტის დამამზადებელი ყველანაირი დაზგა, კანადაშია დამზადებული. დღეს ჩინელებიც კი აკეთებენ, მაგრამ სამშობლოდ მაინც კანადა ითვლება. დღესდღეობით ყველაზე ძლიერი და საუკეთესო დაზგები კანადიდან შემოდის. მასალებს შორის, რომელიც უცხო ქვეყნებიდან შემოდის, საუკეთესო და ძვირად ღირებული ასევე კანადაში დამუშავებული მასალა.

- საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია ლამინატი. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რომელი იატაკის დაგებას ურჩევთ მომხმარებლებს?
- ლამინატი ისეთი სისტემაა, ფაქტიურად არის ერთჯერადი. ლამინატი როგორც წესი, იგება ოფისებში. სახლში დაგებული ლამინატი არანაირ სიამოვნებას არ განიჭებს, პირიქით, აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. როგორი ძვირად ღირებულიც არ უნდა იყოს, არანაირი ხის შემცველობა არ გააჩნია. არ ინარჩუნებს სითბოს. მე არავის არ ვურჩევს სახლში ლამინატის დაგებას. სადაც გძინავთ, ბავშვები გყავთ, იქ დაუშვებელია ლამინატის დაგება.

- რა უპირატესობა აქვს ხის პარკეტს?
- ხის პარკეტი პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, ოთახში ინარჩუნებს სითბოს, ძლებს დიდხანს. თუ კარგი მასალაა და კარგად არის დაგებული, 40-50 წელი უნდა გაძლოს. მაქსიმალურ დატვირთვას უძლებს, რომლის მეათედსაც ვერ უძლებს ლამინატი.

- პარკეტისთვის რომელი მასალაა საუკეთესო?
- საქართველოში საუკეთესო მასალაა მუხა. იგი გამძლე მასალაა და ვიზუალურადაც ლამაზია. თუმცა თუ სახლში პარკეტი, კარ-ფანჯარა, კარები, ავეჯიც მუხისაა, ძალიან დიდი დატვირთვაა. ამ დროს სახლში და შეიძლება ადამიანმა ვერც დაიძინოს, რადგან თავისებური სუნი და სიმძიმე აქვს ამ მასალას.

- რას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, როცა ხის პარკეტს ყიდულობს?
- არ აქვს მნიშვნელობა, რა მასალას ყიდულობს, ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს, რომ მასლა იყოს 90-100 გრადუსზე მოხარშული. ორთქლში თუ არ არის გატარებული, 3-4 წელიწადში მატლი და ჭია უჩნდება და ადვილად ფუჭდება. და კიდევ, აუცილებელია მასალა იყოს მშრალი. დანარჩენი ფერი და დიზაინი გემოვნების საკითხია.

- როცა უკვე დაგებულია პარკეტი, მას სჭირდება შესაბამისი მოვლა. ყველაზე რთულად მოსავლელი რომელი მასალის პარკეტია?
- რთულად მოსავლელია კაკლის ხე, რადგან რბილია და ადვილად ზიანდება. მძიმე ავჯი რომ შეიტანო ოთახში, ადვილად აჩნდება კვალი. ცხიმიანი საკვები რომ დავარდეს, ტომატიანი, ადვილად აჩნდება ლაქად და ძნელია მისი ამოყვანა. სტრუქტურით თითქმის იგივენაირია წიფელი, უბრალოდ ფერშია სხვაობა.

- როცა სახლში ძველი პარკეტია და გვინდა განახლება, როგორ უნდა მოვიქცეთ?
- ძველი პარკეტი კარგად უნდა გასუფთავდეს, ”დაიშპაკლოს”, ”დაციკლოვკდეს” და თავიდან გაილაქოს. თუ პარკეტი ისეთი ძველია, რომ მოძრაობს, ის არ ექვემდებარება რესტავრაციას. რა თანხა და ენერგიაც არ უნდა დაიხარჯოს, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებთ. ასეთ დროს არც შპაკლს შეინარჩუნებს და არც ლაქს. როცა იატაკი მყარია და არ მოძრაობს, იმ შემთხვევაში ყველანაირი რესტავრაციაა შესაძლებელი. გერმანული აპარატებით კეთდება ”ციკლოვკა”, ძალიან კარგი აპარატებია. ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს შემდეგ 15-20 წელი უნდა გაძლოს. რა თქმა უნდა, იმასაც აქვს მნიშვნელობა, როგორ მოუვლიან იატაკს.

- როგორ უნდა მოვუაროთ პარკეტს, რომ დიდხანს გაძლოს და პირვანდელი სახე შეინარჩუნოს?
- პარკეტის და ზოგადად ხის მოვლა ხდება კარგად გაწურული, ნოტიო ტილოთი. ყოველდღე რომ სველი ტილოთი ასუფთავო პარკეტი, რამდენიმე დღის შემდეგ სინესტეს შეიწოვს. არსებობს ასევე სპეცილური მასტიკები, რომელიც შეგიძლიათ ყოველ წელს გადაუსვათ ციკლოვკის გარეშე. პარკეტის ზედაპირს აძლევს სიმაგრეს და მატებს ბზინვარებას. დღეს უკვე გამოსულია დამცავი საშუალება, მაგალითად როგორც ტელეფონს ვაკრავთ ეკრანზე, დაახლოებით მაგის მსგავსი, რომელიც დერეფნებში, ან ისეთ ოთახებში იგება, სადაც დიდი დატვირთვა აქვს პარკეტს. ეკვრება ზედაპირზე, რის შემდეგაც არ ატარებს წყალს და იატაკს იცავს დაზიანებისგან. დროთა განმავლობაში შეგიძლია აიღო ეს დამცავი და თავიდან გადააკრა.

- რა საშუალებები არსებობს პარკეტის დასაცავად, მოსავლელად და რომელია უფრო გამოცდილი და ეფექტური?
- ”ციკლოვკის” შემდეგ იატაკი ან უნდა დაილაქოს, ან დაიზეთოს. ლაქებში გამოცდილია გერმანული მასალები, ორკომპონენტიანი. საერთოდ, საუკეთესო ხარისხის ლაქები დიდი გამძლეობით გამოირჩევა, განსაკუთრებით თუ სპირტის ბაზაზეა დამზადებული. ყოფილა შემთხვევა, მიცდია ახლად წასმული ლაქის აცლა იატაკიდან. ტრიოთი ვერ ამიცლია და მძიმე არტილერიის, ჰუმელის გამოყენება გამხდარა საჭირო. ევროპაში ბოლო დროს ძალიან ტრენდული და პოპულარულია ზეთი მყარი ცვილით. ბუნებრივი კომპონენტებით იქმნება, ხეს სუნთქვის საშუალებას აძლევს და ლაქისაგან განსხვავებულ ოპტიკას იძლევა. თანაც შეიძლება არაპროფესიონალმაც წაუსვას. თუ ხარისხიან გერმანული ზეთს იშოვით, მყარი ცვილით, მდგრადობით საუკეთესო ლაქებს უახლოვდება. არსებობს ასევე სპეციალური მოვლის საშუალებები, რომელთა მცირე რაოდენობით დამატებაა საჭირო საწმენდ წყალში და საფარი პირველად სახეს იღებს.

- ოთახში არსებული ჰაერის ტემპერატურას რამდენად მნიშნელოვანია პარკეტისთვის? რა ტემპერატურაა ოპტიმალური?
- ოთახში ჰაერის ტემპერატურას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 5 გრადუსიდან 30 გრადუსამდე დასაშვებია. როცა უკვე 30-35 გრადუსს სცილდება ჰაერის ტემპერატურა, ამ შემთხვევაში პარკეტი იწყებს შრობას და პარკეტს შორის ჩნდება დაშორებები.

- არის შემთხვევები, რომ პარკეტს უჩნდება ჭია და საგრძნობლად აზიანებს იატაკს. ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი?
- ამის წინააღმდეგ საბრძოლველად არანაირი საშუალება არ არსებობს. უბრალოდ შესაძლებელია შეაჩერო გარკვეული პერიოდი. ჭიის მოსპობა მთლიანად გამორიცხულია. ჯერ არ გამოსულა ისეთი საშუალება, რომ პარკეტის ჭია მოსპოს. არის საშუალება, რომ ზედაპირულად შეწამლო, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 1-2 წლის განმავლობაში მიატოვოს ჭიამ ხე, მაგრამ ამ პერიოდის შემდეგ ის აუცილებლად აღიდგენს თავის ფუნქციას.

- პარკეტის რა ფერი და სტილია დღეს მოდური და აქტუალური?
- დიდი მოთხოვნაა მუქ პარკეტზე, კონიაკის ფერზე, ნაცრისფერზე. ყველა მეკითხება, როგორ შეიძლება გამოვიყვანოთ, კონიაკის ფერი, კაკლის ფერი და ა.შ. ამის გაკეთება შეიძლება სპეციალური ზეთებით. პარკეტს შეგვიძლია მივცეთ სხვადასხვა შეფერილობა, ვაქციოთ ეგზოტიკურ ხედ. 

- რა შემთხვევაში იბერება და იყრება პარკეტი?
- ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანდა წყლისგან. სხვა შემთხვევაში დაუშვებელია აიბეროს პარკეტი. თუ დროულად მიხვდებით, რომ წყალი ჟონავს, შესაძლოა საშველი იყოს. ამ დროს იჭრება დაზიანებული ადგილი და შეიცვლება ახალი პარკეტით. არის შემთხვევა, რომ გათბობის მილები გადის იატაკის ქვეშ და რაღაც ზიანდება, დროთა განმავლობაში წვეთავს წყალი, ამას ერთ დღეში ვერ შევამჩნევთ. იწოვს ამ წყალს პარკეტი და დაახლოებით 20 დღის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ სანამ იატაკი მთლიანად არ გაივსება წყლით, პარკეტი არ აიბერება. მერე ერთიანად იყრება და უკვე მისი რესტავრაცია შეუძლებელია.

მერი ბლიაძე

კომენტარები

პარკეტის მოცარტი 2017-11-30 14:16
მარიამ დაგვიკავშირდით ფეისბუკზე "პარკეტის მოცარტი"
Mariam 2017-11-27 23:38
Rogor davukavshirde grisha Gedenidzes Parketts dagebis shesaxeb
vano 2017-11-25 16:57
ბუკინგემში,ლუვრში და გინდაც ერმიტაჟში რომ პარკეტი ეგო სად იყო კანადა!
პარკეტის მოცარტი 2017-11-18 00:50
ხვიჩა ფეისბუკზე დაგვიმეგობრდით. არ გვინდა აქ რეკლამა გამოგვივიდეს. ქართული შრიფტით პარკეტის მოცარტი
xvicha 2017-11-17 23:18
teleponis nomeri momteret

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები