"ზუსტად ის გარემო შევქმენით, რომელში ყოფნაც სიამოვნებას გვანიჭებს" - გემოვნებიანი ბინა, რომელიც ცოლ-ქმარმა თავად მოაწყო

სოსო ნებიერიძე მოგზაური და ინსტაგრამბლოგერია. ჩვენი ყურადღება კი მისმა ახალგარემონტებულმა ბინამ მიიპყრო, რომელშიც მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს და თავისი გემოვნებით მოაწყო. ბინის ფოტოებმა ინტერნეტსივრცეში დიდი მოწონება დაიმსახურა. სოსო ჩვენც გვიზიარებს გამოცდილებას.

ნებიერიძეების ოჯახი

- ეს ბინა 62 კვადრატული მეტრია, ორი საძინებელი და ერთი საერთო ოთახი აქვს. სანამ მას გავარემონტებდი, მქონდა პატარა გამოცდილება, წლების წინ 4-5 ბინა გავაკეთე ასე, ანუ ვარემონტებდი ჩემი გემოვნებით და შემდეგ ვახდენდი ბინის რეალიზაციას, ძალიან მოსწონდათ მყიდველებს ჩემი გარემონტებული ბინები. ეს გამოცდილება ამჯერად ჩემს ბინაში გამომადგა.

-
რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს რემონტს, რა უნდა გაითვალისწინონ, რა სირთულეებია და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?

- მნიშვნელოვანია კარგად განისაზღვროს თავიდანვე ავეჯის განლაგების გეგმა და ამის მიხედვით დაიწყოთ რემონტის კეთება, თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, სად რა დაიდება, რათა მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ ის ფართი, რაც ბინას აქვს.
რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული გუნდი, თუ კარგი გუნდი არ გეყოლება, ძალიან გართულდება კარგი შედეგის მიღება. ხელოსნებში გამიმართლა და მიხარია, ყველამ იცოდა თავისი საქმე და დასრულებულ ბინასაც დაეტყო ეს, თუმცა მქონია სხვა ბინებზე შემთხვევები, როცა ხელოსნებმა ძალიან გამაწბილეს.
სირთულე პრინციპში ბევრი არაფერი, ყველაზე რთული კარგი ხელოსნის მოძებნაა ხოლმე, თუმცა როგორღაც ამასაც გავართვი თავი. პირველ რიგში არ უნდა დაგენანოს ხელოსნისთვის იმ თანხის მიცემა, რასაც ითხოვს, ფასზე არ უნდა ევაჭრო. რაც უფრო იაფად აკეთებინებ, მით უფრო უგულოდ გაგიკეთებს საქმეს. ასევე გამიჭირდა იმ ავეჯის მოტანა, რომელიც ძალიან მომწონდა, ამისთვის თურქეთში მომიწია ჩასვლა და ავეჯის იქიდან წამოღება, თუმცა საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო.

- რა სტილზე შეაჩერეთ არჩევანი, როგორ მოაწყვეთ ბინა, ვისი გემოვნებით დაიგეგმა ინტერიერი - იქნებ ამ პროცესზეც გვიამბოთ და თუ მიაღწიეთ სასურველ შედეგს, რაც გქონდათ თავდაპირველად ჩაფიქრებული?

- ყველაფერი მე და ჩემმა მეუღლემ დავგეგმეთ ერთობლივად, არჩევანი შევაჩერეთ ღია ფერებზე, დომინანტი ფერია თეთრი, ავეჯიც ღია ფერი გადავწყვიტეთ, ასევე ფიგურირებს შავი და ხისფერი დეტალები, ფერადი სკამები და ბალიშებიც, რაც კიდევ უფრო ალამაზებს ბინას და ხიბლს მატებს სახლს. როცა ბინა პატარაა, ყველას ვურჩევ, რომ ღია ფერებზე შეაჩერონ არჩევანი.
ეს ზუსტად ისაა, რაც მინდოდა 100 პროცენტით, ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა სახლში შევდივარ. ვფიქრობ, ზუსტად ის გარემო შევქმენით, რომელში ყოფნაც სიამოვნებას მანიჭებს.





კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები