"ასე იქცა ერთ კვირაში უცხო გარემო ჩვენს საყვარელ სახლად" - ერთი ახალგაზრდა ოჯახის მყუდრო ბინა

ჟურნალისტმა ლანა ბლიაძემ ორი წლის წინ მეუღლესთან, ლევან ჩუთლაშვილთან ერთად, რომელიც პროფესიით კარდიო-ქირურგი გახლავთ, საბურთალოზე, ახალაშენებულ კორპუსში ნათელი, მყუდრო ბინა შეიძინა და ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი გემოვნებით მოაწყო. წყვილის ძირითადი მიზანი იყო, ოცნების სახლი დაცულ კომპლექსში, ქალაქთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა, მყუდრო გარემოში ყოფილიყო და ასეც მოხდა. დღეს ოჯახში განსაკუთრებული ხალისი და ბედნიერება შვიდი თვის ელენიკოს შემოაქვს, რომელმაც მშობლების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

- რამდენიმე პროფესია მაქვს და ყველა მიმართულებით სიამოვნებით ვმუშაობ. ჩემი ძირითადი პროფესია ჟურნალისტობაა. უკვე 12 წელია პირველ არხზე ვმუშაობ.
გარდა ამისა ვარ პიარ-სპეციალისტი და რამდენიმე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე გახლავართ ორგანიზაციის განვითარების სპეციალისტი, სულ ცოტა ხანში კი ამავე მიმართულებით დოქტორის ხარისხი მომენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის შეთავსება არც ისე მარტივია, მომწონს და სიამოვნებით ვმუშაობ სამივე მიმართულებით.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი?
- ჩემი სახლი, რომელშიც მეორე წელია ვცხოვრობ მეუღლესთან და უკვე პატარა ელენასთან ერთად, ბედნიერებასთან, ჰარმონიასთან და კომფორტთან ასოცირდება. როგორი დაღლილიც არ უნდა მოვიდე, სახლში ახალი ძალა მეძლევა. ყველა ამბობს, რომ ძალიან დადებითი ენერგეტიკაა ჩვენს სახლში და ალბათ ეს ჩემზეც მოქმედებს.

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე შინ?
- ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს და ალბათ ამიტომაცაა საინტერესო. ყოველი დილა ექვს საათზე გაღვიძებით იწყება. ხან ჩემი ხმაური აღვიძებს პატარას, ხან პირიქით - მისი მე. ვემზადები და გავრბივარ ტელევიზიაში, შემდეგ - მეორე სამსახურში, შემდეგ - მესამეში და ისე გადის დრო, რომ ვერ ვიგებ. როდესაც მოსაღამოვდება, მოვდივარ სახლში და ვხვდები, რომ ეს ის ადგილია, საიდანაც, ასე ძალიან რომ არ მიყვარდეს ჩემი სამსახურები, გასვლას არასოდეს მოვინდომებდი.

- არც ისე დიდი ხანია ამ ბინაში გადმოხვედით საცხოვრებლად. რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ შენობა და რა მდგომარეობაში ჩაიბარეთ ბინა?
- მეორე წელი დაიწყო, რაც ამ ბინაში ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული იყო პროცესი, რომელიც ბინის შეძენას უძღოდა წინ. რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი გვქონდა, რომლის გათვალისწინებითაც ვარჩევდით შენობას. პირველი, აუცილებლად ჩვენს სამსახურებთან ახლოს უნდა ყოფილიყო. მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იმაში მდგომარეობდა, რომ ბინა დასრულებული უნდა ყოფილიყო, ამასთან, ავეჯით უზრუნველყოფილი, რადგან მისი კეთილმოწყობის დრო სამწუხაროდ არ გვქონდა. ასევე გვინდოდა კორპუსს დიდი და გამწვანებული ეზო ჰქონოდა და რაც მთავარია, არ უნდა ყოფილიყო ხმაურიანი (მე გარეუბანში გავიზარდე, ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო). საბედნიეროდ ასეთ ბინას მივაგენით.

- როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ. როგორ გაართვით თავი რემონტს და თქვენი მუღლე რამდენად იყო ჩართული ამ პროცესში?
- ლევანი კარდიო-ქირურგია. ზოგადად ექიმობა ძალიან რთულია, მაგრამ ქურურგის რეჟიმი გაცილებით რთულია, ამიტომ ორივეს გრაფიკიდან გამომდინარე ცარიელი და გასარემონტებელი ბინა რომ გვეყიდა, ალბათ ვერასდროს დავქორწინდებოდით, ბინის რემონტს, ალბათ ვერასდროს დავამთავრებდით, ამიტომ ვარჩიეთ დასრულებული ბინის ყიდვა, სადაც ავეჯიც კი დაგვხვდებოდა. მივაგენით ასეთს, თუმცა ბევრი ცვლილება შევიტანეთ, მოვარგეთ ჩვენს ხასიათს და მოთხოვნებს. ხელოსნების დახმარების გარეშე შევღებეთ კედლები, რაშიც მამა დაგვეხმარა, გამოვცვალეთ ავეჯის გარკვეული ნაწილი, რომელიც საკუთარი დიზაინით ისევ მამამ აგვიწყო (არადა სამხედროა და არა ხელოსანი), ჩემი მეუღლე და ჩემი ძმა ეხმარებოდნენ. ასე იქცა ერთ კვირაში უცხო გარემო ჩვენს საყვარელ სახლად.
როდესაც ძალიან დაღლილი და ძალაგამოცლილი ბრუნდები სახლში, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში მოგიწევს დარჩენილი დროის გატარება. ჩემთვის ფერები უმნიშვნელოვანესია. ბინა როდესაც შევიძინეთ, ყავისფერი კედლები ჰქონდა, იმდენად ცუდად მოქმედებდა ეს სიმუქე ჩვენზე, მე და ჩემს მეუღლეს ბევრი არ გვიფიქრია, ერთხმად შევთანხმდით, რომ კედელი ღია ფერებში უნდა ყოფილიყო. გადაწყვეტილებამ გაამართლა, კრემისფერმა კედლებმა სივრცე გაზარდა, გარემოც დაათბო და ბინის ენერგეტიკა შეიცვალა. ამას დაემატა რძისფერი ავეჯი და მივიღეთ ის, რაც გვინდოდა.

- რა სირთულეებს წააწყდით რემონტის დროს? ყველაზე რთული და პრობლემური რა იყო?
- საბედნიეროდ, ჩემთვის ყველაფერი მარტივად მოხდა. ზუსტად ამ პერიოდში დამემთხვა ტრეინინგი და იტალიაში მომიწია წასვლა. როცა დავბრუნდი, თითქმის ყველაფერი გამზადებული დამხვდა. ეს კითხვა ჩემს მეუღლეს და ჩემს ოჯახის წევრებს უნდა დაუსვათ.

- თქვენი და თქვენი მეუღლის გემოვნება რამდენად ემთხვევა ერთმანეთს?
- ძირითადად ემთხვევა, მაგრამ თუ გამოჩნდა ისეთი დეტალი, სადაც იყოფა ჩვენი აზრები, ესეც არ წარმოადგენს პრობლემას, ვცდილობთ ერთმანეთს დავუთმოთ, ან ისეთი გამოსავალი ვნახოთ, რომელიც ორივეს მოგვეწონება.

- დღეს სახლი პატარა ელენას სამფლობელოა. ალბათ მის ინტერესებს და მოთხოვნებს მოარგეთ ყველაფერი. რა შეიცვალა თქვენს სახლში მისი დაბადების შემდეგ?
- ელენას გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა, ყველგან მისი ნივთია, ყველა წერტილში იგრძნობა, რომ ამ სახლში პატარაა. ძალიან მინდოდა მისი საძინებელი გამორჩეულად ლამაზი ყოფილიყო, ამიტომ საგულდაგულოდ შევარჩიეთ საწოლი, ნახატები, რომელიც საწოლის თავზე განვათავსეთ, აქსესუარები, მისი გარდერობი და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ჩვენს სახლში ყველაზე მეტად ელენას კუთხე მომწონს.

- დღევანდელი გადმოსახედიდან რა დეტალს შეცვლიდით თქვენს ინტერიერში?
- ძალიან მიყვარს სიახლეები, ვერ ვეგუები ერთფეროვნებას, ამიტომ დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ბევრ რამეს შევცვლი, ერთ-ერთი უკვე დაგეგმილი მიზანი კი აივნის მოწყობაა, რომელსაც ზაფხულამდე, იმედი მაქვს, მოვახერხებთ.



მერი ბლიაძე

კომენტარები

maka 2021-04-22 12:33
რამე ორიგინალური ინტერიერი მოძებნეთ, გამორჩეული. ძაან სტანადარტულ ინტერიერებს დებთ, ასე 90 % აქვს ახალაშენებყლ ბინებში განლაგებაც და დიზაინიც. უკვე უინტერესო ხდება ეს საიტი

კომენტარის დამატება