როგორ უნდა მოუაროთ მაცივარს, რომ დიდხანს გაძლოს? - რას გვირჩევს გამოცდილი ხელოსანი

ნებისმიერი ტექნიკის არჩევისას დიდი დაფიქრება გვმართებს. ამ დროს საგულდაგულოდ უნდა გავითვალისწინოთ ყველა დეტალი და წვრილმანი. სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მაცივარს. საჭიროა მის შეძენამდე ყურადღება მივაქციოთ მაცივრის სხვადასხვა ტიპებს, რეჟიმებს, თუ მახასიათებლებს. ამ საკითხის სწორად გადაჭრაში ტექნიკის გამოცდილი ხელოსანი არჩილ ნიკოლაიშვილი დაგეხმარებათ.

- მაცივრის შეძენამდე რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოს მყიდველმა?
- თავდაპირველად უნდა გავითვალისწინოთ სულადობა, რამდენი სული ცხოვრობს ოჯახში. მნიშვნელობა აქვს სამზარეულოს ფართობსაც. პატარა სამზარეულოში ოთხკარიან მაცივარს ვერ დავდგამთ. შემდეგ უკვე ვიფიქროთ ხარისხზე და რეჟიმებზე. დღეს ყველაზე აქტუალური და პოპულარულია მშრალი
ყინვის მაცივარი.

- აქვს მნიშვნელობა, რომელ სივრცეში რა სახეობის პროდუქტი უნდა განთავსდეს?
- ყველა მაცივარს მოჰყვება წიგნი, ინსტრუქცია, რათა გავეცნოთ და შესაბამისად განვათავსოთ პროდუქტი, გავწმინდოთ და ა.შ. აუცილებელია ინსტრუქციაში მითითებულ ადგილას ჩაიდოს ბოსტნეული, ხორცეული თუ სხვა პროდუქტი. სამწუხაროდ, ჩვენთან ნაკლებად კითხულობენ ინსტრუქციას. უბრალოდ იციან, რომ მაცივარია, უნდა ჩართოს და ჩაალაგოს პროდუქტი. ეს კი მაცივარზეც ცუდად აისახება და პროდუქტზეც.

- როგორ უნდა მოუაროს დიასახლისმა მაცივარს, რომ დიდხანს გაძლოს?
- კარგი კითხვაა, რადგან ეს ბევრმა არ იცის. ზოგი ჩართულ მაცივარს წმენდს. წარმოიდგინეთ, გაწმენდას რამდენი ხანი სჭირდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩართული მაცივრის კარის დიდი ხნით გაღება. მით უმეტეს მშრალ ყინვაზე. ამ დროს ჰაერი კონდენსირდება, გარდაიქმნება წყლის წვეთებად და იყინება. მაცივარი ტექნიკურად გაუმართავი ხდება. მაცივარი აუცილებლად უნდა გამოვრთოთ დენის წყაროდან და 5-10 წუთში დავიწყოთ წმენდა. გათიშვა და მალევე ჩართვაც არ არის რეკომენდებული. არ უნდა გაიწმინდოს ბევრი წყლით. ნოტიო ტილოთი და სარეცხი საშუალებებით მოაცილეთ ჭუჭყი და ამის შემდეგ აუცილებლად გაამშრალეთ მშრალი ტილოთი. როცა სრულად გაშრება, შეგიძლიათ ჩართოთ.
არ შეიძლება კარის ხშირად გამოხსნა. უნდა ვეცადოთ, რომ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გავაღოთ. ხშირად არ აქცევენ ყურადღებას და მოხმარების დროს ტოვებენ ღიას. ან როცა ალაგებს დიასახლისი, ეზარება კარის რამდენჯერმე გამოღება და ღიას ტოვებს. ნებისმიერი ტიპის მაცივარზე ეს ცუდად მოქმედებს.

- სუნს რა შემთხვევაში იღებს მაცივარი?
- სუნს ძირითადად იღებს მშრალი ყინვის მაცივარი. ეს დაავადებასავით აქვს. ვთქვათ, თუ მაცივარი გაითიშა, ყურადღება არ მივაქციეთ და გალღვა, ამ დროს იცის სუნის აღება. განსაკუთრებით თუ მაცივარში ხორცი ინახება. მშრალი ყინვის მაცივრებს აქვს ფილტრები, რომელიც ამ ცუდ სუნს შთანთქავს. როცა სუნს იღებს, პირველ რიგში ფილტრები უნდა შეიცვალოს და შესაძლოა გამოსწორდეს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში არ სწორდება. იმდენად სწრაფად შთანთქავს სუნს, რომ შემდეგ მისი გაყვანა ძალიან რთულია.

- სავალდებულოა, რომ თავდახურულ ჭურჭელში შევინახოთ პროდუქტი?
- კი, რა თქმა უნდა, ჰერმეტულად უნდა იყოს დაცული. ნებისმიერი პროდუქტი გარკვეული რაოდენობით შეიცავს წყალს. როცა პროდუქტი ღიად არის, ფიზიკური პროცესები მიდის და წყალი კონდენსატში გადადის. ეს არც პროდუქტისთვის არის კარგი და არც მაცივრისთვის.

- ყველაზე გამძლე და მუშა მაცივარი რომელია?
- ხარისხიანი მაცივრის შეძენა თანხებთან არის დაკავშირებული. ევროპული მაცივრები ძალიან კარგი ხარისხისაა. ჩვენთან იშვიათად შემოდის გერმანული ფირმები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესოა.

- მაცივარში რა ტემპერატურაზე უნდა იდგეს ნიშნული?
- ეს მეტად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი საკითხია. ხშირად არის შემთხვევა, როცა მაცივარი აღარ ყინავს და აღარ სათანადოდ აცივებს. მშრალ მაცივრებს პროგრამულად გალღობის რეჟიმი აქვს, ანუ, როცა შიგნიდან იკეთებს ყინულს, მას აქვს გალღობის ფუნქციაც. მაცივარი თავად არეგულირებს და ალღობს ყინულს, შემდეგ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. როცა მაქსიმალურ ტემპერატურას ვაყენებთ, ადგილი, საიდანაც სიცივე უნდა გამოვიდეს, ყინულით ივსება და იბიდნება, ამიტომ ამ სიცივეს ვეღარ ატრიალებს და მაცივარი მწყობრიდან გამოდის. ზამთარში სასურველია, დავაყენოთ მინიმალურ ნიშნულზე. ოჯახისთვის საყინულეში მინუს 15 გრადუსი სრულებით საკმარისია. რა თქმა უნდა, თუ საგანგებოდ რაიმე წამალს ან ისეთ რამეს არ ვინახავთ, რასაც ძალიან მაღალი ტემპერატურა სჭირდება. ზოგს ნიშნული დაყენებული აქვს მინუს 22-23 გრადუსზე. ეს არაეკონომიურიც არის და მაცივარიც დატვირთულ რეჟიმში მუშაობს.

- როგორ შევარჩიოთ მაცივარი, რომელიც ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს?
- არის ახალი მოდელები ინვენტორული ძრავით, რომლებიც უკეთ არეგულირებენ ტემპერატურას და შედარებით ეკონომიურიცაა.

- რა დამატებითი უპირატესობები და რეჟიმები აქვთ მაცივრებს, რაც ბევრმა არ იცის?
- ძალიან ბევრი ისეთი რეჟიმია, რომლის შესახებაც არ იცის მომხმარებელმა. სხვადასხვა მაცივარს სხვადასხვა რეჟიმი აქვს. არის სწრაფი ყინვის რეჟიმი, სასმელების რეჟიმი - ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებისთვის, როცა ამ რეჟიმს მივუთითებთ, ავტომატურად აყენებს შესაბამის ტემპერატურაზე. კიდევ უამრავი ფუნქციაა. როგორც უკვე აღვნიშნე, აუცილებელია, გავეცნოთ წიგნაკს, რომელიც მაცივარს მოყვება და იქ დეტალურადაა ყველაფერი აღწერილი. არსებობს `ჰიტაჩის~ ფირმის მაცივარი, რომელსაც ორივე მხრიდან ეხსნება კარი. ამ მაცივრებს აქვს საყინულე, ჩვეულებრივი განყოფილება პროდუქტისთვის და აქვს კიდევ დამატებით განყოფილება ხილისთვის, რომელშიც ცალკე არეგულირებს ტემპერატურას, რაც ხილს კარგად ინახავს და უნარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას.
მერი ბლიაძე

კომენტარები

ნანაჯაფარაშვილი 2023-08-11 10:47
მაცივარი ბეკო ნახ, მშრალი უკანა კედელზე იყენებს ყინულს, რა პრობლემა აქვს მომწერეთ
ქეთი 2022-07-07 15:27
???? ?????
ქეთი 2022-07-07 00:20
გამარჯობა, სამსუნგის მშრალი ყინვის მაცივარზე მაქვს პრობლემა არ ყინავს საყინულე იქნებ დამეხმაროთ. მადლობა
ნორა 2022-05-05 07:54
გამარჯობა.ორი დღეა მაცივარი არ ირთვება ავტომატურად...,,ტოშიბას,,ფირმის....მადლობა
ლია 2022-05-02 15:32
ჰიუნდაის ტიპის მაცივარი მაქვს, ორი დღეა მუშაობს, არ აცივებს სალონს, საყინულეს კი, ძრავის ახლომახლო ერთერთ მილზე აქვს ყინულის ფენა, რა არის მიზეზი? მადლობა

კომენტარის დამატება