როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი და სხვა დეტალები, რომ ფართი ეფექტურად გათბეს და როგორ მოვუაროთ უკვე დამონტაჟებულ სისტემას - სპეციალისტის რჩევები

გათბობის სისტემის შერჩევა, შეძენა და მონტაჟი არც ისე მარტივი საქმეა და ბევრი დეტალის გათვალისწინებას, ცოდნას მოითხოვს. როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი, რადიატორები, მილები, რომ ფართი ეფექტურად გათბეს და დიდი დანახარჯიც არ გვქონდეს, ან როგორ მოვუაროთ უკვე დამონტაჟებულ სისტემას, ამის შესახებ საცალო პროექტებისა და გაყიდვების ხელმძღვანელი დავით ნავროზაშვილი გვესაუბრა.

- რა დეტალებისგან შედგება გათბობის სისტემა და როგორ უნდა შევარჩიოთ ის?
- გათბობის სისტემა შედგება გათბობის ქვაბის, მილგაყვანილობის და რადიატორებისგან. ძირითად როლს თამაშობს გათბობის ქვაბი. გათბობის ქვაბის შერჩევა უნდა მოხდეს არა კვადრატულობით, არამედ
რადიატორების სიმძლავრითა და მილგაყვანილობის მიხედვით. უფრო დეტალურად გავშიფრავ - მაგალითად, თუ მაქვს ბინა, ბინის სითბოს დანაკარგი რამდენი მაქვს, დათბუნება მაქვს, თუ არ მაქვს, მეზობელი ცხოვრობს, თუ არც ცხოვრობს გვერდით, რა ტიპის მილგაყვანილობა მაქვს, ვაფასებთ ამ ყველაფერს და ამის შემდეგ ხდება რადიატორების შეფარდება კონკრეტულ, არსებულ ბინაზე. თუ ბინაში სითბოს დანაკარგი მეტი მაქვს, ამ შემთხვევაში სხვანაირად უნდა გავთვალო არასტანდარტულად. ჩვენ რომ კვადრატულობით ვსაუბრობთ, ძნელია ესე გამოთვლა. სასურველია სიმძლავრეებით გავითვალისწინოთ, მაგალითად, თუ 10 კვტს-ყოფნის ერთი მეტრი რადიატორი, ე.ი ერთი კილოვატია და ასე უნდა დავითვალოთ, ეს უფრო სწორია. მე თუ მაქვს ოთხი მეტრი რადიატორი, ე.ი. ოთხი კილოვატია. ამ შემთხვევაში უკვე ვიცი, მინიმალური სიმძლავრის ქვაბიც რომ შევიძინო, აუცილებლად ეყოფა.
დღეს ძალიან ბევრი მომმართავს იმ მიმართულებით, რომ უკვე უყენია კონკრეტული სიმძლავრის ქვაბი და რადიატორების არასწორი შერჩევის გამო, პრობლემა „ბრალდება“ ქვაბს. რაც ჩემი აზრით არასწორია, „იძახიან“ რომ ქვაბი არ ათბობს და ა.შ. როცა მიდიან ჩემს მიერ რეკომინდებირებული სპეციალისტები, ნახულობენ, რომ რადიატორები ძალიან ცხელია, მაგრამ ქვაბის ბრალი არ არის. რაშია საქმე? ძირითად შემთხვევაში კონკრეტულ ფართობში რადიატორი სწორად არ არის შერჩეული. ქვაბი ამ შემთხვევაში არის „გამაცხელებელი“.
ქვაბმა გააცხელა წყალი, რადიატორში შედის და რადიატორიც ცხელდება, მაგრამ კონკრეტულ ფართობს ვერ ყოფნის ის კონკრეტული რადიატორის სიმძლავრე. ამ შემთხვევაში ქვაბი დატვირთვით მუშაობს, ხარჯი მეტია და პრობლემებიც აქედან მოდის.

- თუ აქვს მნიშვნელობა, რა ადგილას მონტაჟდება ქვაბი?
- ძირითად შემთხვევაში გათბობის ქვაბის სწორად მონტაჟი რეკომენდებულია ისეთ ადგილას, სადაც ტემპერატურა არის პლუს გრადუსი. ნებისმიერ გათბობის ქვაბს უწერია, რომ პლუს გრადუსი ტემპერატურის რეჟიმში უნდა იყოს ჩართული. მომხმარებლებს ვურჩევ, რომ დახურულ სივრცეში, პირობითად სამზარეულოში დაამონტაჟონ ქვაბი. თუ სამზარეულოში არ აქვთ ადგილი, შეგიძლიათ დაამონტაჟოთ აივანზე, მაგრამ რა თქმა უნდა ჰერმენტულად. ამ დროს აუცილებელია კარგად შეიფუთოს ქვაბიც და მილებიც, რათა არ გვქონდეს დანაკარგი. თუ ქვაბი შეფუთულია და მილები არა, გაცხელებული წყალი როცა გადავა მილებში, გზაში ისევ გაცივდება, ვერ მიაღწევს რადიატორებამდე სასურველ ტემპერატურას. ამ შემთხვევაშიც გადაიღლება ქვაბი და ხარჯიც მეტი იქნება.

- ალბათ მილებიც განსხვავებული ხარისხის შემოდის ბაზარზე. თქვენს როგორ მილებს ურჩევთ მომხმარებლებს?
- ჩვეულებრივი „რადიატორული“ სისტემისთვის არსებობს ორი ტიპის მილები. პირველი, ე.წ კოლექტორული სისტემის, ანუ მეტალოპლასტმასის მილები, რომლის მეშვეობითაც ხდება გამანაწილებელი ქვაბიდან სათითაოდ გადანაწილება რადიატორებთან. მაგალითად, ერთი მილი წავიდა რადიატორთან და ისევ ის მილი დაბრუნდა უკან. ამ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, რომ ეს მილები ე.წ სტიაშკის ქვეშ მოყვეს. ეს არის შეფუთული მილები, რომელიც რულონებად დახვეული იყიდება. მაგ ტიპის მილგაყვანილობით აუცილებელია გაკეთდეს, როცა სტიაშკა არ არის დასხმული. ან, თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ამოვტეხოთ, ამოვჭრათ და ჩავალაგოთ, რა თქმა უნდა, კორექტორული სისტემა ჯობია. თუმცა, დღეს მომხმარებლები ძირითადად ძველი კორპუსებიდან რომ მოგვმართავენ, ამ შემთხვევაში გაყვანილობა კეთდება პოლიპროპილენის მინაბოჭკოვანი მილებით. მინაბოჭკოვანი მილების გათვალისწინება ხდება სხვადასხვა დიამეტრით, რომელიც სპეციალისტმა სწორად უნდა გათვალოს სხვადასხვა სიმძლავრიდან გამომდინარე. ხშირად ეს არ ხდება. ეს რეგულაცია უკვე არის დღევანდელი სტანდარტის მიხედვით და მე ჩემს რეკომენდირებულ სპეციალისტებს ყველას ვურჩევ, რომ დაიწყონ D32-იანით, გადავიდნენ D25-იანზე და დაამთავრონ D20-იანით. ამ დროს ცირკულაცია უფრო კარგად ხდება, გათბობის ქვაბი, ე.წ მოტორი წყალს თანაბრად დაატრიალებს და რადიატორები გათბება ასევე თანაბრად. ამ დროს ხარჯიც შედარებით ნაკლები.

- დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ გათბობის ხშირად ჩართვა-გამორთვა არის ხარჯიანი და წვა მეტია. შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს?
- ხშირად სვამენ ხოლმე ამ კითხვას. ნაწილობრივ გეთანხმებით, რომ პრობლემაა, როცა თიშავ და თავიდან რთავ, მაგრამ მე თუ ქვაბის ტემპერატურულ დიაპაზონს დავიცავ, ასე არ მოხდება. მაგალითად, ქვაბი მაქვს 45 გრადუსზე, სახლში ტემპერატურა 22 გრადუსია, ამ შემთხვევაში მე თუ გამოვრთავ გათბობის ქვაბს და 22 გრადუსიდან 10 გრადუსზე ჩამოვა სახლში ტემპერატურა და მერე ჩავრთავ გათბობის ქვაბს, რა თქმა უნდა, ხარჯი მეტი მექნება. ანუ რას ვგულისხმობ, ქვაბის ტემპერატურის დიაპაზონი უნდა განისაზღვროს დაახლოებით 5-6 გრადუსი ცდომილებით. მაგალითად, მაქვს 22 გრადუსი, გამოვრთე და ჩამოვიდა 18 გრადუსზე, მერე ჩავრთავ - ეს დასაშვებია.

- უკვე დამონტაჟებულ გათბობის სისტემას როგორ უნდა მოვუაროთ?
- რეალურად რეკომენდებულია სისტემის გარეცხვა 3-4 წელში ერთხელ. უნდა მოიხსნას რადიატორი და გაირეცხოს. უბრალოდ გააჩნია სისტემას. თუ ძველი თუჯის სისტემაა, იმას აპარატით და ხსნარით წმენდა სჭირდება.
ყოველ წელს, სანამ გათბობას ჩართავთ, ძირითადად ნებისმიერ სისტემას აქვს ე.წ. გათბობის ფილტრები, რომელიც უნდა გაირეცხოს აუცილებლად და მერე ჩაირთას სისტემა. წარმოიდგინეთ, მთელი ზაფხულის განმავლობაში ხდება წყლის დალექვა, რომელიც იბიდნება ფილტრში. როცა გაწმენდის გარეშე ვრთავთ, იძულებით წინაღობას ვქმნით. ზოგჯერ მირეკავენ და მეუბნებიან, რომ სამი რადიატორიდან ერთი არ თბება. ამ შემთხვევაში წყლის მოცულობა იქ აღარ შედის და არ ყოფნის, ცირკულაციას ვერ ახდენს ქვაბი. ფილტრის გაწმენდა ხდება ყოველ სეზონზე, ხოლო სისტემის გამორეცხვა როგორც გითხარით ხდება 3-4 წელიწადში ერთხელ.

- გათბობის სისტემის მონტაჟის დროს ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ და სხვისი დაშვებულის შეცდომების გამოსწორება თუ გიწევთ ხოლმე?
- ხშირად პრობლემა არის ე.წ. მილების არასწორი დიამეტრის/რადიატორის სიმძლავრის არასწორი გათვლა, ასევე არ ამონტაჟებენ ფილტრებს.
ხშირ შემთხვევაში მომმართავენ ხოლმე, თითქოს გათბობის ქვაბებს აქვს ე.წ. პლასტმასას ნაწილები და უხარისხოა. ეს, რასაც პლასტმასს ეძახიან, ნებისმიერ თანამედროვე ქვაბს, რომელიც მაღალი კლასისაა და ევროპული სტანდარტების აკმაყოფილებს, ყველას აქვს შავი ფერის კომპოზიტური მასალა, რომელსაც ეძახიან პლასტმასას. რეალურად ეს არის სპეციალური მეტალი, რომელიც ნადებს ნაკლებად იკეთებს, გაფართოების კოეფიციენტი უფრო მეტი აქვს და იცავს გათბობის ქვაბს.

- თუ არის საშუალება, უკვე დამონტაჟებულ რადიატორებზე ეკომონიას მიაღწიოს მომხმარებელმა?
- თუ რადიატორები სწორად არის შერჩეული, ამ შემთხვევაში არსებობს გათბობის ქვაბის ე.წ. თერმოსტატი. რადიატორის თერმოსტატებიც არსებობს, მაგრამ რადიატორის თერმოსტატი შესაძლებელია მხოლოდ დახურულ სივრცეებში. მაგალითად, საძინებელში დავხუროთ კარი და იქ დავაყენოთ 20 გრადუსზე და როცა 20 გრადუსს მიაღწევს ოთახში, ე.წ. სარქველი გათიშოს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეკონომიის მიღება. მაგრამ, როცა ერთი სივრცეა, რადიატორის თერმოსტატი არანაირ ეფექტს არ იძლევა. ასეთ დროს სხვა სახის თერმოსტატებზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მე პირადად სახლში მაქვს თერმოსტატები, რომლის საშუალებითაც ვახდენ სახლში ხელოვნურად ამინდის შექმნას, შესაბამისად ეკონომიასაც ვაკეთებ. გეტყვით როგორც... მაქვს ერთი კვირის კალენდარი გაწერილი და ვუთითებ, რომ საღამოს 12 საათზე გაითიშოს, დილით ექვს საათამდე არ ჩაირთოს. ხოლო, თუ ჩამოცდება 19 გრადუსს, ჩაირთოს. ანუ ჩათვალეთ, რომ ხელოვნურად მაქვს დაპროგრამებული და ვიღებ კონკრეტულ ტემპერატურასაც და ეკონომიას.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები