უსახო, მაგრამ ძალიან მეტყველი პაწაწინა თოჯინები, რომლებსაც ხელოვანი ექიმი ქმნის

ნანა ბეიტრიშვილი პროფესიით ექიმია. ბავშვობიდან ხელოვნებით არის გატაცებული და ბოლო წლებში ამას სერიოზული სახეც მისცა - მშვენიერ, პაწაწინა თოჯინებს ქმნის, რომლებიც დეკორატიულ ან გულსაბნევების ფუნქციას ითავსებენ და ბევრ ადამიანს უხარებენ გულს.

- ბავშვობიდან მიტაცებდა ხატვა, ძერწვა, კერვა მაგრამ მშობლების თხოვნით სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე და მხოლოდ 3 წელი ვიმუშავე ექიმად...
მყავს მეუღლე, სამი შვილი და 5 შვილიშვილი...


ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თავიდან კერვით ვიყავი გატაცებული, შემდეგ დავიწყე სამკაულების კეთება, პარალელურად გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებსაც ვქმნიდი, ფოთლებით, ყვავილებით ქვებით და სხვა ბუნებრივი
მასალებით.
შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა თოჯინის თემა! ვნახე მეტალისგან ჩამოსხმული გულსაკიდი თოჯინა და გადავწყვიტე, მძივების და ქსოვილების ერთობლიობით შემექმნა თოჯინები, არ ველოდი, თუ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდნენ.

- რა ეტაპებს გადის ნამუშევარი?
- თოჯინა იქმნება ჯერ გონებაში, შემდეგ ხორციელდება. მასალად ვიყენებ ტყავს, სხვადასხვა ქსოვილს, მეტალს, შუშის მძივებს. მასალა ჩემთვის იგივეა, რაც მხატვრისთვის საღებავები!

- არ გიჭირთ უკვე შექმნილ ნამუშევართან განშორება?
- თვითონ თოჯინის თემა საოცარია, საინტერესო და სადღაც მისტიურიც, ჩემს თოჯინებს სახე არ აქვთ, ისინი პლასტიკით და ფერთა შეხამებით ხიბლავენ ადამიანებს. ზოგჯერ მიჭირს ხოლმე მათთან განშორება... მიყვარს, როცა ვჩუქნი ადამიანებს და ის სიხარული, რასაც განიცდიან, მეც მავსებს და მახარებს.

- ამის გარდა რით ხართ დაკავებული? თავისუფალ დროს რას საქმიანობთ კიდევ?
- უკვე ვთქვი, რომ ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მიყვარს მხატვრობა და ხელნაკეთი გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები, მოწონებული მაქვს ძალიან ბევრი არტ-გვერდი და დამეგობრებული მყავს ბევრი მხატვარი. მათი ნამუშევრების ფოტოები დავალაგე ალბომების მიხედვით, რის შედეგადაც ჩემი ფეისბუქგვერდი გახდა ხალხისთვის საინტერესო და მოსაწონი.

დღეს საქართველო ნამდვილად იამაყებს ბევრი ნიჭიერი მხატვრით და ზოგადად ხელოვანით, საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედებით. დღეს, როგორც ყოველთვის, ქართული ხედვა, ფერთა შეხამება თუ იმპროვიზაცია ტოლს არ უდებს მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს. როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა არტ-ჯგუფში ვაწყდები ქართველი მხატვრების ნახატების ფოტოებს, მიხარია და მეამაყება.






კომენტარები

maia 2018-12-19 12:06
რა ლამაზია.სად შეიძლება შეძენა?
ანანო 2018-12-02 00:34
ძალიან ლამაზებია. სად შემიხლია შეძენა?წარმატებები
მია 2018-11-25 12:08
ულამაზესი სუვენირები
სად შეიშლება შეძენა?
eka 2018-11-19 17:30
ძალიან ლამაზია ყველა, წარმატებები
Teo 2018-11-11 15:48
ძალიან ლამაზებია
შესანიშნავი დეკორი
გაყიდეთ

კომენტარის დამატება