კაცი, რომელმაც საკუთარი სახლი ხელოვნების მუზეუმად აქცია - საოცარი სახლი ნახალოვკიდან და ინტერვიუ ხელოვანთან

ეს ფოტოსესია არმენ პეტროსიანმა გადაიღო, სოციალურ ქსელში ჯგუფ "ნახალოვკის" ადმინისტრატორმა. მისივე ნებართვით ვაქვეყნებთ ამ საოცარი ადგილის და ხელოვანი ადამიანის - გიორგი მერებაშვილის მიერ შექმნილი ნამუშევრების ფოტოებს.

ჩვენ დავუკავშირდით ქვის ოსტატს, მოქანდაკე გიორგი მერებაშვილს, რომელმაც საკუთარი ხელით გამოაქანდაკა და ხელოვნების ნიმუშად აქცია ეს ეზო და გალავანი. ქანდაკებების თითოეულ დეტალში ხელოვნების და სამშობლოს დიდი სიყვარული იგრძნობა, რაც ნამუშევარს განსაკუთრებულს ხდის. ბატონი გიორგი ბევრს მუშაობს, ფაქტობრივად დღის უმთავრეს ნაწილს სამსახურში ატარებს. როგორც კი დროს გამონახავს ეზოს მოპირკეთებით არის დაკავებული და იქ ფუსფუსებს. 

- აქ
დავიბადე და გავიზარდე. უკვე 60 წელი შემისრულდა. ორი შვილი მყავს, ორივეს უმაღლესი აქვს დამთავრებული. 17 წლის ვიყავი, როცა ქვაზე მუშაობა შევისწავლე. იმის მერე ამ ხელობით ვარ დაკავებული. შვილები როცა დავზარდეთ, გზაზე დავაყენეთ მეტი დრო გამიჩნდა და მუშაობის პარალელურად დავიწყე ეზოს გაკეთება. პანდემიის დროს დავასრულე სამუშაოები.
25 წლის ვიყავი, როცა პირველი ქანდაკება გავაკეთე. მარმარილოსგან გამოვთალე სპილო. სადაც კი ლამაზ ქვას ვნახავდი, მიმქონდა სახლში. როცა დრო მქონდა ვამუშავებდი და და ქანდაკებებს ვაკეთებდი.


- რამდენად რთულია ქვაზე მუშაობა, რთულად გემორჩილებათ?
- საკმაოდ რთულია, მაგრამ წლების განმავლობაში იმდენად დიდი გამოცდილება მივიღე, დავხელოვნდი, რომ ახლა ისე ვჭრი ქვას, თითქოს კარაქი იყოს. ხეზეც ვმუშაობ, ხის ქანდაკებებს ვაკეთებ, ეს გაცილებით მარტივია. მეზობლები მაძლევენ ხოლმე მოჭრილ თუთას და სხვა ხეებს. თუ გამომშრალია, ხომ კარგი, თუ არა მე თვითონ ვხარშავ მარილიან წყალში, რომ არ დასკდეს. მაქვს საჭირო ხელსაწყოები და ნებისმიერი ფომის ქანდაკებას ვჭრი. ქანდაკებებს აკრილის საღებავებით ვღებავ. მირჩევნია ძვირიანი მასალა იყოს, მაგრამ ხარისხიანი, რომ დროს გაუძლოს.


- ეზოს მოპირკეთებაში ვინმე გეხმარებოდათ?
- რასაც აქ ხედავთ, თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული. პანდემიის დროს ბადეებს ვერ ვშოულობდი, მაღაზიები დაკეტილი იყო და ორმა მეზობელმა სახლიდან მომცა ძველი საწოლის ბადეები და ისინი გამოვიყენე. ამ მხრივ ყველა გვერდში მიდგას.

- რამდენად აქტუალურია ქვის ნაკეთობები?
- ქვის დეკორაციებს, ქანდაკებებს დღეს ბევრი იყენებს ეზოს გასაფორმებლად. 35 წელია ბუხრების ხელოსანი ვარ. ვაშენებ და ვაპირკეთებ ბუხრებს. ძალიან ბევრი ქვის ქანდაკება გამიყიდია ბუხრის თავზე განსათავსებლად. ძალიან უხდება ინტერიერს, განსხავევულს და ორიგინალურს ხდის.

- ეზოს დეკორაციებსაც ხომ არ ამზადებთ?
- აქამდე არ მქონდა საამისოდ დრო. თუმცა გამორიცხული არაფერია. ჯერ ყველაფერი წინაა.  




- გარემო, რომელიც თქვენ შექმენით ალბათ უფრო ბავშვებს იტაცებს. შვილიშვები თუ გყავთ?
- რვა თვის შვილიშვილი მყავს. ჯერ ძალიან პატარაა და ვერაფერს ხვდება. ალბათ როცა გაიზრდება, ძალიან მოეწონება და გააბედნიერებს ჩემი ნახელავი.

- ალბათ თქვენი ახლობლები აღფრთოვანებით უყურებენ თქვენს ნამუშევრებს...
- კი, ყველას ძალიან მოსწონს და მარჯვენას მილოცავენ. ტურისტებიც მყავდნენ სტუმრად. შემთხვევით დაინახეს გარე ფასადი და დაინტერესდნენ. შემოვიყვანე, დავათვალიერებინე ეზო, ჩემი ღვინოც დავაგემოვნებინე და წასვლა აღარ უნდოდათ.

- ყველა იდეა განახორციელეთ ეზოში, თუ კიდევ გაქვთ გეგმები?
- რა თქმა უნდა გეგმები და იდეები ბევრი მაქვს. თუმცა ეს ყველლაფერი თანხებტან არის დაკავშირებული, იაფი ნამდვილად არ ჯდება. იმედია შევძლებ ყველა ჩემი იდეა რეალობად ვაქციო. მიხარია, რომ ყველა მგულშემატკივრობს და გვერდში მიდგას.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ნახალოვკა 2021-03-05 08:54
hmm-ს პასუხად:
მოდით ჩვენთან, ნახალოვკაში და ნებისმიერ გამვლელს ჰკითხეთ - რა უბნელი ხარ-თქო, და თუ ვინმემ გითხრათ ნაძალადეველი ვარო თავი მომაჭერით.
სახელწოდება "ნახალოვკა" უფრო მეტია ვიდრე გრამატიკა ან ასობგერთა კრებული.
kolxi 2020-10-27 23:54
ნ ა ხ ა ლ ო ვ კ ა - სწორია!!!
anri 2020-10-20 14:30
ყველაფერი ხელოვნებაა,რაც ღმერთმა შექმნა და რასაც ადამიანი ქმნის.ასე რომ გემოვნებაზე ნურავის შევედავებით.
სამართლიანი 2020-10-17 22:22
გოგას პასუხად
,, შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი...,, ნამდვილად ხელოვნებაა, პოეზია ხელოვნების დარგია, მაგრამ ხელოვნების დარგია ქანდაკებაც, ფერწერაც...ყველაფერი რაც ადამიანის სულიერ სამყაროს გადმოსცემს. ვფიქრობ ბატონი გიას სულკერი სამყაროს ამოცნობა მისი ნამუშევრებით მშვენივრად შეიძლება...
ასე, რომ ვიყოთ სამართლიანები...
გიორგი 2020-10-17 17:19
ზოგიერთისთვის, აღნიშნული შეცდომებიც "ხელოვნებაა"

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები