არქიტექტურული სანათები - ორიგინალური დეკორატიული და ფუნქციური ნივთი

ქეთი ნოზაძის სანათები მრავალფეროვანია, ქართული ანბანით, ორნამენტებით თუ სხვა ტიპის დიზაინით გაფორმებული, თუმცა, შენობების ფორმის არქიტექტურული მოდელები, ალბათ მაინც ყველაზე ორიგინალურია. ამ პატარა ხის ნივთებს თითქოს ორმაგი დატვირთვა აქვს: განათების საშულებაა და ამავდროულად სითბოსაც „ასხივებს“. ისინი ძველი თბილისის არქიტექტურითაა შთაგონებული, დედაქალაქის ეს უბანი ხომ მრავალი დეტალით გამოირჩევა: გრძელი ხის აივნებით, ჩუქურთმებით, ვიტრაჟით, შუშაბანდებით, რაც არაერთი ხელოვანის შთაგონების წყარო გამხდარა. ასოციაციაც მრავალია და ალბათ ერთ-ერთია ესეც: ხის ფანჯრების მიღმა, მაქმანებიანი ფარდის უკან, ცხოვრობს დიდი ოჯახი, სადაც დღის განმავლობაში ყველა თავის საქმეშია
გართული, საღამოჟამს კი მრგვალი მაგიდის გარშემო იკრიბებიან, თხელი, დაბალი, გადაშლილი ფინჯნებიდან არომატული ცხელი ჩაის სურნელი იფრქვევა და იქვე თასით დგას ბებიას ხელით მოხარშული კაკლის მურაბა...


სანათად ქცეულა თბილისში, ბეთლემის ქუჩის ერთ-ერთი სახლის ცნობილი ვიტრაჟიც, ხოლო ცისფერი კარი „ბათუმიდანაა“. აქ თითქოს ნესტისა და ზღვის სურნელი ერთმანეთში ირევა და როცა ჩაბნელებულ ოთახში სანათი ინთება, მინიატიურული კარის მიღმა სამყაროზეც ყოველდღე შეიძლება, სხვადასხვა ამბის ათასი ვერსია შეთხზა.






* * *

- განათლებით ხელოვნებათმცოდნე ვარ, მაგრამ ამ მიმართულებით არ ვმუშაობ. ამავდროულად ვარ გრაფიკული დიზაინერიც. მიღებული ცოდნა, ხატვისკენ მიდრეკილება, პროფესია, ჩემი ჰობი გაერთიანდა და ამ ყველაფერმა შეიძლება ითქვას, ხელნაკეთი სანათების დამზადებაში „ამოხეთქა“. პერიოდულად გონებაში ტივტივდება და მახსენდება სხვადასხვა არქიტექტურული ნიმუში და მათ სანათებად ვაქცევ. ამ ეტაპზე მაქვს ბათუმის, თელავის, თბილისის არქიტექტურული ნიმუშები, მაგრამ ნელ-ნელა ვაპირებ, მთელი საქართველო მოვიცვა. გარდა იმისა, რომ ამ ნივთებს როგორც დეკორატიული, ისე ფუნქციური დატვირთვა აქვს, მინდა, ჩვენი კულტურული ძეგლები, რომელიც დროსთან ერთად ნადგურდება, სანათების სახით მაინც დარჩეს და შენარჩუნდეს. ვცდილობ, ის სიმყუდროვე და სითბო, რომელიც ძველი თბილისის და არამხოლოდ დედაქალაქის არქიტექტურაში გვხვდება, სანათებში გადავიტანო.




* * *

დაახლოებით 2 წელია, ხელნაკეთ სანათებს ვქმნი, მაგრამ ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და საქმეში აქტიურად ვერ ვარ ჩართული. ჩემი უფროსი შვილი 6 თვის იყო, პირველი სანათები რომ შევქმენი და ახლა მეორე მყავს ჩვილი. შემოქმედებითი პროცესი ბავშვებთან ერთად ძალიან რთულია, მაგრამ ეს ის საქმეა, რომელსაც გვერდით ვერ გადავდებ და ვცდილობ, ყველაფერი ერთმანეთს შევუთავსო.




ყველაფერს მე ვაკეთებ - იდეა, გრაფიკული ნამუშევარი იქნება ეს თუ შემდეგ უკვე მისი განხორციელება მასალაში. ელექტროგაყვანილობის გამართვაზეც მე ვმუშაობ და ბოლოს უკვე შეფუთვასაც ვაკეთებ. იმედია, ახლო მომავალში მეყოლება გუნდი, რომელიც ნივთების შექმნაში დამეხმარება. მინდა ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც კონკრეტული ნაგებობა იქნება, მაგალითად, როგორიცაა: ოპერის შენობა, რუსთაველის თეატრი და ა.შ. მინდა გავაკეთო სვანური კოშკი, რაჭული ოდა და სხვა, რომ ჩემმა სანათებმა მთელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა მოიცვას.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება