ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მიერ სიყვარულით დამზადებული ეკოლოგიური ნივთები, რომლებიც დიდ მოწონებას იმსახურებს - ოჯახური სტარტაპი გორიდან

ოთარ მუნჯიშვილი და მაია მეზვრიშვილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი არიან, რომლებმაც ძალიან საინტერესო სტარტაპი წამოიწყეს და მალე უამრავი გულშემატკივარიც შეიძინეს. მათ მიერ შექმნილი ეკოლოგიური ნივთები - ხის ავეჯი, დეკორის ნიმუშები თუ აქსესუარები, ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებს. მაია მეზვრიშვილი თავად გვესაუბრება ოჯახური სტარტაპის შესახებ:


- ჩვენი გუნდი შედგება ორი წევრისგან - მე და ჩემი მეუღლე ერთობლივად ვმუშაობთ ინტერიერის ნივთების თუ აქსესუარების დამზადებაზე. ოთო პროფესიით პროგრამისტია, მაგრამ ბავშვობიდან გატაცებულია ხეზე მუშაობით. 

ხუთი წლის წინ დავიწყეთ ონლაინ მაღაზიის დახმარებით ნივთების გაყიდვა. მანამდე მეგობრებისთვის და საკუთარი სახლისთვის
ვამზადებდით საინტერესო, კრეატიულ ნივთებს, რაც გარშემო მყოფების დიდ ყურადღებას იწვევდა. ერთხმად გვთხოვდნენ, რომ საზოგადოებისთვისაც წარგვედგინა.

ოთო ხატავს ჭრის და ამუშავებს ხეს, მე ძირითადად გვერდის მართვით და მომხმარებელთან ურთიერთობით შემოვიფარგლები. თავისუფალ დროს აქტიურად ვცდილობ, შეღებვაში დავეხმარო.
ხანდახან ჩვენი შვილებიც გვეხმარებიან, ორივე კარგად ხატავს.


ხე იმიტომ ავარჩიეთ, რომ ეკომეგობრულია, მასზე მუშაობა სულიერ სიმშვიდეს და სიამოვნებას გვანიჭებს. სახლშიც გვაქვს ხის ნივთები და ჩვენს მხარეში პირველი შთაბეჭდილებაც ჩვენს ეზოში მოწყობილი, ნარჩენი მასალით და ცარიელი ხელებით გაკეთებული ხის ფანჩატურით მოვახდინეთ.


ინტერიერის დიზაინში დეკორს გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს, რადგან მას შეუძლია სრულად შეცვალოს გარემო და უბრალო ინტერიერი აქციოს განსხვავებულ, კრეატიულ კუთხედ.

ჩვენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან ჩვენი ოჯახი წევრები - შვილები, მშობლები, მეგობრები. ისინი გვაძლევენ უდიდეს სტიმულს.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელი იყოს ბოლომდე კმაყოფილი. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, სულ უფრო და უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ ჩვენი ნამუშევრები. სამომავლოდ გვინდა, სახელოსნოსთვის აუცილებელი აღჭურვილობა შევიძინოთ, რისი დახმარებითაც კიდევ მეტად მრავალფეროვანი გახდება "წალდუნას" ნამუშევრები.




კომენტარები

ლია 2023-02-09 08:44
წარმატებები
ლია 2023-02-09 08:43
გისურვებთ წარმატებებს!
მარი 2023-02-03 12:19
ულამაესია წარმატებები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები