"ძალიან მომინდა, მისთვის დამეხვედრებინა რაიმე, რაც ჩემი ხელით იქნებოდა შექმნილი" - შვილისთვის ნასწავლი ხელსაქმე, რომელიც ახალგაზრდა დედის მთავარ საქმიანობად იქცა

ნათია ავქოფაშვილი 32 წლის არის, ორი შვილის დედა, ბოლნისის სოფელ რატევნიდან. ჩვენი ყურადღება მისმა ძალიან დახვეწილმა ხელნაკეთმა ნამუშევრებმა მიიპყრო - ნათია სხვადასხვა ტიპის ნივთს ქსოვს და საკუთარი ბრენდიც შექმნა უკვე, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს.

- დაოჯახებიდან სადღაც 1 წელში, როდესაც პირველ შვილს ველოდებოდი, ძალიან მომინდა, მისთვის დამეხვედრებინა რაიმე, რაც ჩემი ხელით იქნებოდა შექმნილი. YouTube-ის დახმარებით შევისწავლე ქსოვა.... გადავწყვიტე, პატარა ნიტასთვის მომექსოვა ფაჩუჩები და სწორედ ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი. მუშაობის პროცესი იმდენად სასიამოვნო აღმოჩნ
და და შედეგმა ისე გამაბედნიერა, კიდევ უნდა მესწავლა და მეცადა რაიმე ახალი... შემდეგი იყო ყვავილებიანი თმის აქსესუარი, ქუდი, ყელსახვევი და ხელთათმანები, რომლებიც ასევე ჩემი პატარა ანგელოზისთვის შევქმენი.

ნათია შვილებთან ერთად


ახალი ნივთებითს ძიებით გატაცებულმა მივაგენი კალათებს. მათი ქსოვა უფრო რთული აღმოჩნდა, თუმცა ბევრი მცდელობის და შრომის შემდეგ გამომივიდა.
კალათების ქსოვა კარგად რომ ვისწავლე, შემდეგ გადავედი „მოსეს კალათებზე“, რომელიც განკუთვნილია ჩვილებისთვის. ეს ყველაფერი იმდენად მაბედნიერებდა და მავსებდა, თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობდი მომექსოვა...

ერთ დღესაც ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს რომ მეცადა და გამეკეთებინა გვერდი, სადაც სხვებსაც გავუზიარებდი ჩემს ნაშრომს და მოვახდენდი მათ რეალიზაციას. იქიდან გამომდინარე, რომ მყავდა პატარა და სამსახურის ამბების გვერდზე გადადება მომიწია, დიასახლისობას ახალი საქმეც შევუთავსე.
სახელზე ბევრი არც მიფიქრია, რადგან ეს ყველაფერი ჩემს პატარა გოგონასთან, ნიტასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ბრენდს დავარქვი ჩვენი ერთობლივი სახელი NaNita (ნათია&ნიტა).  ნიტა ვერა მაგრამ მისი ძამიკო, სწორედ ამ კალათით გამოვიყვანეთ სამშობიაროდან, რომლის შთაგონების წყაროც იყო ნიტა.

ნელნელა განვავითარე საკუთარი საქმიანობა, ახლა უკვე შემიძლია კალათებზე სიმბოლოების ამოქსოვაც, რამდენიმე მათგანზე ჩანს კიდევაც... მაქვს Facebook გვერდი, მაგრამ ჯერჯერობით ისე ვერ ვაქტიურობ, როგორც ვისურვებდი... ბავშვებთან ერთად მიჭირს დროის გამოყოფა, თუმცა შეკვეთის შემთხვევაში უარს არასოდეს ვამბობ, რადგან ვიცი, როგორია რაღაც გინდოდეს გულით და ელოდებოდე... ყველა კალათს მთელი გულით და დიდი სიყვარულით ვქსოვ, განსაკუთრებით „მოსეს კალათებს“, ის ხომ პატარებისთვის იქმნება და თითოეული კალათი მათი პირველი დღეების მომსწრეა, დიდი სიხარულის და ბედნიერების თანამონაწილე, ამ ყველაფრის გამზიარებელი

- როგორია სამუშაო პროცესი? თუ გჭირდებათ მუზა მუშაობის დასაწყებად? როგორ ირჩევთ ფერებს, ნამუშევრის ტიპს და რა დრო სჭირდება საბოლოო შედეგის მიღწევას?
ჩემთვის სამუშაო პროცესი დასვენებასთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ძალიან ხმაურში მიწევს მუშაობა (ბავშვებთან ერთად), მაინც სიმშვიდის მომტანია.
მუზა არა, უფრო მეტად რაღაც ახლის შექმნის სურვილი, აი, ამ დროს თუ დავიწყე მუშაობა, ვერაფერი ვერ მაჩერებს, სანამ ბოლომდე არ დავინახავ შედეგს.
ფერებს რაც შეეხება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ძალიან ვფრთხილობ ყოველთვის, რადგან ერთმა არასწორად არჩეულმა ფერმა შესაძლოა მთლიან კალათს დააკარგვინოს სილამაზე. პასტელური ფერების მოყვარული ვარ, თუმცა საბოლოოდ მომხმარებლის ნებასურვილზეა, ასე რომ, ერთად ვთანხმდებით ყველა დეტალზე და ფერებსაც ერთად განვიხილავთ ხოლმე უმეტეს შემთხვევაში. საბოლოო შედეგს რაც შეეხება, გააჩნია რას ვაკეთებ, კალათების ნაკრები ერთ დღეშიც მომიქსოვია, თუ შესაბამისი მასალა მაქვს, თუ არადა მაქსიმუმ 3 დღე მაინც მჭირდება...


„მოსეს კალათების“ შემთხვევაშიც იგივე შემიძლია გითხრათ, როცა მარაგი მაქვს და დრო, ვქსოვ მაქსიმალურად ნაკლებ დროში. თუმცა ამ კალათებზე ყოველთვის მაქვს თადარიგი დაჭერილი და ერთ კვირას ვიტოვებ ხოლმე. ბევრი დეტალია, რასაც დრო მიაქვს, მხოლოდ კალათის მოქსოვა არ არის საკმარისი, მას სჭირდება ასევე ლეიბი, რომელსაც სჭირდება სპეციალური ანტიალერგიული მასალა და ჩვილებისთვის განკუთვნილი ნაჭერი.

- რა არის ყველაზე პოპულარული თქვენს მიერ შექმნილ ნივთებს შორის და თავად რის კეთება მოგწონთ ყველაზე მეტად?
- ჩემს მიერ შექმნილი ნივთები განკუთვნილია ყველასთვის, ბავშვებისთვის და უფროსებისთვის. ყველაზე პოპულარული მოსეს კალათების შემდეგ, პატარა და მრავალფუნქციური კალათების ნაკრებია, რომელსაც კონკრეტული დანიშნულება არ აქვს და ჩვენი მომხმარებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. პირადად მე მას როგორც ბავშვების აქსესუარებისთვის, კოსმეტიკისთვის, აბაზანისთვის ასევე სამზარეულოს ნივთების ორგანაიზერებად ვიყენებ...

საინტერესო დეტალია ინტერიერშიც - პლედების, ბალიშების შესანახად... მოკლედ მრავალფეროვანი დანიშნულება აქვს და სწორედ ამიტომ მომწონს მათი შექმნა. იგივე შემიძლია ვთქვა „მოსეს კალათებზეც“, იგი არა მხოლოდ ბავშვის გამოსაყვანად ან ჩასაწვენად გამოიყენება, სამომავლოდ შეგიძლიათ მას ნივთების ან სათამაშოების შესანახი ფუნქცია შესძინოთ... აქედან გამომდინარე არ ვქსოვ დახურულ კალათებს, რამდენჯერმე მოვქსოვე და ძალიან არაპრაქტიკული აღმოჩნდა. თუ ვინმეა მსურველი ყოველთის ვუხსნი მის დადებით და უარყოფით მხარეებს...

- ვინ არიან თქვენი გულშემატკივრები და რა არის თქვენი მთავარი შემოქმედებითი მუხტი?
- ჩემი გულშემატკივრები არიან ოჯახის წევრები და მეგობრები, ახლა უკვე ჩემი შვილებიც. იმაზე ფიქრი რომ შექმნა რაღაც, რაც ადამიანებს ახარებს ან უმარტივებს ცხოვრებას, თუნდაც ულამაზებს სახლის ერთ კუთხეს, უკვე მუხტია, შთაგონებაა.

- დეკორის ნივთებიც გაქვთ. საინტერესოა, თქვენი აზრით რა დატვირთვა აქვს ხელნაკეთ დეკორს ინტერიერის დიზაინში?
- დეკორი ხომ სახლის ინტერიერში ყველაზე მნიშველოვანია. მასზეა დამოკიდებული ჩვენი გუნება განწყობა, პრაქტიკულობა, სიმშვიდე, სილამაზე... და თუ დეკორი ხელნაკეთია ვფიქრობ ორმაგად ლამაზი და საინტერესოა... ჩემთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ხელნაკეთ ნივთებს. რამდენი შრომაა მასში ჩადებული, დრო, ენერგია, სურვილი იმისა რომ იყოს განსაკუთრებული, საინტერესო. ჩემთვის მთავარი მაინც პრაქტიკულობაა, ფუნქციური დატვირთვა

- ამბობენ ხოლმე, რომ ქსოვა სტრესს ხსნის. არის ასე?
- პირადად ჩემთვის ასეა, რადგან იმას ვქსოვ, რაც მე მსიამოვნებს და შესაბამისად მამშვიდებს ეს პროცესი და ნამდილად ხსნის სტრესს, მაგრამ თუ საქმე ეხება წვრილი ძაფით ქსოვას, მგონი პირიქით ხდება, ამიტომ გააჩნია რას ქსოვ... მე ვერ ვმუშაობ წვრილ ძაფთან.









კომენტარები

ნათია 2023-02-24 11:43
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი შეფასებისთვის, ამხელა სითბოსთვის და სიყვარულისთვის ❤️ ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ჩემი ნამუშევრები, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია ❤️ მადლობთ ????
ხათუნა 2023-02-19 12:59
ყოჩაღ ამ გოგოს,როგორი ლამაზიც თვითონაა,კალათებსაც ისეთს ქსოვს,ძალიან მომეწონა,საშუალება რომ მქონდეს,ნამდვილად შევუკვეთავდი♡
მანანა 2023-02-16 01:15
♥️ნათია არის საოცარად ნიჭიერი და ბეჯითი გოგო, დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ თუ მის მიერ მიზან დასახულ საქმეს, არის ძალიან საყვარელი,კეთილი,თბილი და უღალატო ადამიანი,კარგი დედა,მეუღლე და მეგობარი,წინსვლა და წარმატებები ჩვენო "ნანიტა"????????????
ნატალია 2023-02-15 17:13
ნათიი ჩვენი მარჯვე გოგო ხარ
ნაზიბროლა ლონდარიძე 2023-02-15 15:13
ნათია ყოველთვის ნატიფი და სიფრიფანა გოგონა, შენი ხელნაკეთიც ასეთივე ❣

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები