როგორ უნდა ავარჩიოთ სწორად ავეჯი - ავეჯის დიზაინერის რჩევები

თანამედროვე პირობებში სახლის ან ბინის განუყოფელი ნაწილი, ამავე დროს სიმყუდროვის ერთ-ერთი გარანტი, ლამაზი და დახვეწილი დიზაინის ავეჯია. გარდა იმისა, რომ ოთახის ინტერიერის დიზაინი მაქსიმალურად მოსახერხებელი, ლამაზი და გემოვნებიანი უნდა იყოს, სასურველია ორიგინალურობითაც გამოირჩეოდეს, ბინაში არსებული ავეჯი კი სწორად იყოს შერჩეული და სიმყუდროვეს ქმნიდეს. რით არის გამორჩეული ხის მასალა და ინტერიერში რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სწორად შერჩეულ ავეჯს, არიტექტორი, ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი, მურთაზ ბერაია გვესაუბრა.

- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, არქიტექტურის ფაკულტეტი. ამჟამად ვმუშაობ შიდა ინტერიერზე, ვაკეთებ ხის ნაკეთობებს. ინსტიტუტი
90-იან წლებში დავამთავრე. ეს ის პერიოდი იყო, როცა არაფერი არ ფუნქციონირებდა. მქონდა შემოთავაზებები, რომ არქიტექტორად დამეწყო მუშაობა, თუმცა არ იყო შესაბამისი ანაზღაურება. ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ოყო ხის დამუშავების და ტექნოლოგიის კათედრა, სადაც სჭირდებოდათ დიზაინერი. იმ დროს დაინტერესებული ვიყავი ხის ნაკეთობების შექმნით. მქონდა საინტერესო იდეები, რომლის განხორციელების საშუალება სწორედ იქ მომეცემოდა. ამ პერსპექტივამ მიმიზიდა. დავიწყე მუშაობა კათედრაზე. შევთანხმდით, რომ მე უნდა ვყოფილიყავი დიზაინერი. დავხატავდი, ჩამოვაყალიბებდი გეგმას, სხვები კი შეასრულებდნენ. ვაკეთებდი ნახაზებს და სულით და გულით მინდოდა, რომ საუკეთესოდ გაკეთებულიყო, მაგრამ არ გამოდიოდა ისეთი, როგორი ჩანაფიქრიც მქონდა. ვერავინ აკეთებდა ისე, როგორც საჭირო იყო. გადავწყვიტე თავად მესწავლა ხეზე მუშაობა და ყველაფერი მე თვითონ შემესრულებინა. ასე შევისწავლე ხეზე მუშაობა. დღეს თუ საჭიროა მეტალსაც ვამუშავებ, ხელოვნურ ქვებზეც ვმუშაობ, თაბაშირისგანაც ჩამომისხია ფორმები. ზოგადად მიყვარს ექსპერიმენტები და ხშირად ვკიდებ ხელ ექსპერიმენტულ სამუშაოებს.

- რა პრიორიტეტები აქვთ ქართველ დამკვეთებს და რა მოთხოვნები გააჩნიათ?
- ინტერიერში ძირითადად მოთხოვნადია MDF და შპონი. ხშირად მიკვეთავენ სამზარეულოს თაროებს, კარადებს, სათავსოებს. აქტუალურია კედლის შემოსვა. ამას გარდა მაქვს ჩემი ვიწრო მიმართულება, რაც უფრო შემოქმედებითია. ჩემი დიზაინით ვაკეთებ ხის ნაკეთობებს, სკამებს, მაგიდებს და სხვადასხვა ნივთებს. წლების წინ დამიკავშირდნენ დიზაინერები ნატა ჯამბერიძე და ქეთა თოლორაია. მაშინ ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდნენ ევროპაში გასასვლელად. ლონდონში და მილანში დადიოდნენ გამოფენებზე. ერთ-ერთ გამოფენაზე წარსადგენად შემიკვეთეს, მათი დიზაინით დამემზადებინა სანათები. დავამზადე ეს სანათები, გაიტანეს გამოფენაზე, რამაც დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამის შემდეგ ვთანამშრომლობდი მათთან. ვინც მიცნობს და ვისთანაც მიმუშავია, იციან, რომ მე ხარისხზე ვარ ორიენტირებული.
ქართველი მომხმარებლები დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან, შესაბამისად ძალიან მომთხოვნები არიან. ის რასაც ხედავენ ევროპაში, ნახულობენ ცნობილ ჟურნალებში, რაც საუკეთესოა, უნდათ, რომ თავიანთ სახლებშიც გააკეთონ. ზოგს მოსწონს კლასიკური სტილი, ჩუქურთმიანი ავეჯი, თუმცა ასეთი დღეს იშვიათად მხვდება.

ჩემი მიმართულება უფრო ავეჯის დიზაინია და როცა ინტერიერს დიზაინს ეხება საქმე, მირჩევნია დიზაინერმა მოიტანოს თავისი ნამუშევარი, დაპროექტებული და მე შევასრულო მის მიერ დაგეგმილი სამუშაო. ყველაფერს დამკვეთთან შეთანხმებით ვაკეთებ, ვითვალისწინებ მის სურვილებს, ვაძლევ რჩევებს და ვთანხმდებით საბოლოო ვარიანტზე. საბედნიეროდ არ მიჭირს უცხო ადამიანებთან მუშაობა. ჩვენი სალაპარაკო ენა ნახაზებია. ამიტომ საუბრის გარეშეც შეიძლება დამკვეთთან საერთო ენის გამონახვა. მე ინგლისური არ ვიცი, მყავადა უცხოელი დამკვეთებიც, რომლებთანაც უპრობლემოდ ვკონტაქტობდი ნახაზების საშულებით და თავისუფლად ვაგებინებდით ერთმანეთს რა გვინდოდა, სად იყო პრობლემა და როგორ უნდა მოგვეგვარებინა ეს პრობლემა.

- რა გზა გამოიარეთ არქიტექტურიდან ნივთების დიზაინამდე?

- როგორც გითხარით, განათლებით ვარ არქიტექტორი. ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე "ხის საწარმოთა მოწყობილობისა და ტექნოლოგიის კათედრაზე" ლაბორატორიაში. ლაბორატორიის გამგემ მამუკა ხოშტარიამ განაპირობა ჩემი დაინტერესება მანქანათმშენებლობითა და ხის დამუშავებით, რის შედეგად დავიწყე ჩარხების აწყობა. ამ პერიოდში შევქმენი ჩემი პირველი "მინი სახარატო" ჩარხი, რომლითაც განვახორციელე ჩემი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი "სანათებიანი საწოლი".
ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ გადავინაცვლე არქიტექტურიდან ხის დამუშავების ტექნოლოგიისკენ იყო ის, რომ დიდი სურვილი მქონდა რეალურად მექცია ჩემი დიზაინერული იდეები და არა მარტო ჩემი.
უმეტესად ვმუშაობ ინტერიერის ავეჯზე. დიდ სიამოვნებას მანიჭებს შემოქმედებითი მუშაობა. ჩემს ნამუშევრებში უპირატესობას ვანიჭებ ნაკეთობის ხარისხს,დიზაინს და კონსტრუქციულ მდგრადობას.
ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო ნამუშევარი არის მასიური ხის ლამპა, კედელზე დასაკიდი,რომელიც განვახორციელე "რუმსის" დიზაინერების შეკვეთით, რამაც დიდი წარმატება მოუპოვა მათ უცხოეთში.

- ძირითადად რა ნივთებს ქმნით და რას ითვალისწინებთ - მოდის ტენდენციებს, ფუნქციონალობას, დამკვეთის ინტერესებს...
- დიზაინის შექმნისას ვითვალისწინებ ყველაფერს (ტენდენციებს, ფუნქციონალურობას, დამკვეთის ინტერესებს და სხვა). ასევე ვითვალისწინებ რაც მთავარია, ჩემს ტექნიკურ შესაძლებლობებს და ვცდილობ ვიპოვო მარტივი გზა მიზნის მისაღწევად, რათა მივიღო ხარისხიანი პროდუქტი.
დიზაინერი რეალიზებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი პროექტი იქცევა რეალობად. პროექტი, რომელიც რჩება ფურცელზე, ის ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, რადგან მე ვფიქრობ პროექტი რეალიზების პროცესშიც ბერვჯერ ტრანსფორმინდება, იხვეწება და საბოლოო სახეს თანდათანობით ღებულობს.

- ბუნებრივია ყველა სფეროში არსებობს სირთულეები, პრობლემები. თქვენ რა პრობლემებს აწყდებით ყველაზე ხშირად?
- ყველაზე დიდი პრობლემა კადრების მოძიებაა. პრაქტიკულად მე რა იდეებიც მაქვს, თავად მომყავს ეს იდეა სისრულეში, მე თვითონ ვმუშაობ. კადრების მოძიება ძალიან რთულია, რადგან ხელობის საფუძვლიანად სწავლა არავის არ უნდა. ეს საქმე ერთ და ორ წელიწადში არ ისწავლება, ძალიან დიდი დრო და შრომა უნდა. ახალგაზრდებს კი არ ჰყოფნის ამისთვის ნებისყოფა. უნდათ უცბად ისწავლონ და ფული იშოვონ. ასე არ გამოდის საქმე. მე მყავს ერთი ხელოსანი, რომელიც მე თვითონ გავზარდე და ის მეხმარება ყველაფერში.

- საქართველოში ხელობა რამდენად შემოსავლიანი საქმეა?
- მიუხედავად იმისა, რომ ავეჯზე ყოველთვის არის მოთხოვნა, ამ საქმე შემოსავლიანს ვერ დავარქმევთ. ხალხი არ იხდის ჩვენი შრომის შესაბამის თანხას. დღე ვაჭრობა გაცილებით შემოსავლიანია, ვიდრე ის შრომა, რასაც ჩვენ ვეწევით. ჩემი უპირატესობა ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ეს ჩემი ცხოვრების სტილია. ამას საქმეს მხოლოდ შემოსავლისთვის არ ვემსახურები, მიყვარს და მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ.

- ინტერიერში რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სწორად შერჩეულ ავეჯს?
- რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერიერში გემოვნებით და რაც მთავარია სწორად შერჩეულ ავეჯს. მთავარი მხოლოდ ვიზუალური მხარე არ არის, ამასთან ავეჯი უნდა იყოს ფუნქციური და მოსახერხებელი. მათ, ვინც სერიოზულ და ძვირადღირებულ ავეჯს გვიკვეთავენ, უკვე კარგად აქვთ შესწავლილი ყველა დეტალი და იციან რა სურთ. ჩემი მთავარი მოვალეობა კი დაკვეთის ხარისხიანად შესრულებაა. მთავარია ხელოსანმა გაიგოს რა სურს დამკვეთს და ზუსტად ისე გაუკეთოს, როგორც ეუბნება.

- რით არის გამორჩეული ხის ავეჯი?
- ხის ავეჯს გარკვეული უპირატესობები აქვს. მოგეხსენებათ, ხის მასალა არის ეკოლოგიურად სუფთა და მისგან შექმნილი ნაკეთობა დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. თუმცა, როცა სიბრტყეებია შესაკვრელი, პანელია კედლებზე გასაკრავი, იქ მასიურ ხეს ვერ გამოვიყენებთ და არც შეიძლება. ამ დროს ჯობია დაშპონილი MDF-ის გამოყენება.
მე შეთანხმებით ვაკეთებ და რა დროს რა მასალაა საჭირო იმას ვიყენებ. ვაძლევ დამკვეთს რჩევებს და ვითვალისწინებ მათ მოთხოვნებს. სანამ ხეს მოიხმარ, მას სჭირდება სათანადო დამუშავება. 8-9 პროცენტი მაინც უნდა იყოს ტენიანობა, ჩვენთან კი 12-პროცენტიანი აქვთ. მე კი ვიყენებ 12-პროცენტიანს, მაგრამ ვიცი როდის და რა ნივთების შესაქმნელად გამოვიყენო, რომ არც დამკვეთი დაზარალდეს და ნივთიც სასურველი გამოვიდეს.
მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები