რატომ არ გვირჩევენ გამოცდილი ადამიანები ორსართულიან საწოლებს - ძირითადი მინუსები

წლების წინ ძალიან აქტუალური და პოპულარული იყო ორსართულიანი საწოლები. რასაკვირველია, როცა ფართი პატარაა, ადგილის დაზოგვისთვის ეს მშვენიერი საშუალებაა, თანაც, როცა ამხელა არჩევანია - მასალის, ფორმის, ფერის მხრივ და ყველას შეუძლია, მისთვის შესაფერისი შეარჩიოს... თუმცა ისინი, ვინც უკვე გამოსცადა ორსართულიანი საწოლი, ხშირად საუბრობენ იმ მინუსებზე, რომელიც მას აქვს და ურჩევენ, ეს მინუსები აუცილებლად გაითვალისწინონ მათ, ვინც ახლა აპირებ მსგავსი საწოლის ყიდვას თუ დამზადებას.

1. პირველ რიგში მინუსია უსაფრთხოება - მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საწოლების მეორე სართულს აქვს ერთგვარი ზღუდეები, მაინც საკმაოდ
მაღალია და პატარა ბავშვებისთვის, რომლებიც ბევრს მოძრაობენ ძილში, მაინც სახიფათო ვარიანტია. ასევე საყურადღებოა საწოლზე ასვლა-ჩამოსვლის მომენტი, განსაკუთრებით, თუ ბავშვი პატარაა - 6 წლამდე ასაკის ბავშვის დაწვენას ზედა სართულზე არ გვირჩევენ. 
გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ კარკასი მყარია და მდგრადი და ზუსტად იცოდეთ, რა წონაზეა გათვლილი ზედა განყოფილების ძირი.

2. ასევე ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ასეთ საწოლზე არც ქვედა სართულზე მწოლიარეს აქვს საკმარისი სივრცე და ჰაერი, რადგან ზემოდან ადგას, საკმაოდ ახლო სიმაღლეზე მეორე განყოფილება. და არც მეორე სართულზე მწოლიარეს - რადგან ის მეტისმეტად ახლოს არის ჭერთან. ამავე მიზეზების გამო, სიცხეც შეაწუხებს მწოლიარეს, არასაკმარისი ვენტილაციის გამო. ხოლო თუ ასეთი ტიპის საწოლი არ არის ჯანსაღი და ეკოლოგიური მასალისგან, უჰაერობას ისიც ემატება, რომ ბავშვი არაჯანსაღ ჰაერს ისუნთქავს მთელი ღამე.

3. მოვლის მხრივაც საკმაოდ რთულია, რადგან ძნელია ლოგინის გაშლა-გასწორება დილა-საღამოს და ასევე თეთრეულის გამოცვლა.


4. თუ ასეთი მოდელი გაქვთ, რომელიც ძალიან ლამაზად გამოიყურება, სინამდვილეში არც ეს არის პრაქტიკული, რადგან თაროებზე მტვერი გროვდება და არც დამატებითი ნივთების ასე ახლოს განთავსება მწოლიარე ბავშვთან არაა სასურველი.


როდესაც ფართი არაა საკმარისი, გამოცდილი ადამიანები უფრო მეტ რეკომენდაციას უწევენ ტრანსფორმერ, გამოსაწევ საწოლს, რომელიც ასევე ზოგავს ადგილს, თუმცა არ აქვს ზემოჩამოთვლილი მინუსები.
ამ ტიპის საწოლებზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ შემდგომ სტატიაში. 


სასარგებლო რჩევები ორსართულიანი საწოლის შერჩევის დროს
ეს, რა თქმა უნდა, საჭიროა იმ ადამიანებისთვის, ვინც ორსართულიანი საწოლის შეძენა გადაწყვიტა.
როგორც გითხარით, არსებობს საშიშროება, რომ კიბეზე ასვლის დროს ბავშვი შეიძლება გადმოვარდეს, ამიტომ ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი მოდელი, რომელსაც განიერი და მაქსიმალურად უსაფრთხო საფეხურები ექნება. ასე ბავშვის ასვლა-ჩამოსვლა შედარებით უსაფრთხო იქნება.
საწოლი უნდა იყოს დამზადებული მაქსიმალურად ხარისხიანი და მდგრადი მასალისგან.
თუ ოთახში არც ისე სწორი იატაკია, ეცადეთ საწოლის ფეხები იყოს ისეთი, რომ ქონდეს გასწორების ფუნქცია.
დარწმუნდით, რომ ოთახში ჭერის სიმაღლე საკმარისია. ზედა სართულსა და ჭერს შორის საკმაო დაშორება უნდა არსებობდეს.
დარწმუნდით, რომ ქვედა სართულზე ბავშვს თავისუფლად შეეძლება საწოლზე ჯდომა.
ზედა საწოლი ოთხივე მხრიდან უნდა იყოს შემოსაზღვრული. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ ზედა სართულის მატრასი მაღალი სტანდარტული შემოსაზღვრა შესაძლოა საკმარისი არ იყოს.
აუცილებლად შეამოწმეთ, რამდენად გამძლეა ზედა სართული, როგორ უძლებს სიმძიმეს.
ეცადეთ, რომ საწოლს ქონდეს მომრგვალებული კუთხეები.

კომენტარები

დარო 2021-02-02 19:11
ბინის სიმცირის გამო ვიყიდე ორსართულიანი საწოლი ბავშვებისთვის. ყოველ დღე ვაგინებ მის მომგონსაც, ამწყობსაც და გამყიდველსაც. სამწუხაროდ მეტი გზა არ მაქვს ჯერჯერობით. ერთი სული მაქვს როდის გავფართოვდებით იმდენად, რომ ნორმალური საწოლებით ჩავანაცვლო. საშინელი გასასწორებელი და მოსავლელია. ვისაც ფართის პრობლემა არ გაქვთ, არაფრით შეიძინოთ!

კომენტარის დამატება