პედიატრიიდან დიზაინში - ექსკლუზიური და ორიგინალური სანათები

ლამრიკო რაჯაბაშვილი პროფესიით პედიატრია, თუმცა სრულიად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობს. ხისგან, თოკისგან, ჯვალოსგან, კერამიკისგან და სხვა მასალისგან სანათებს ქმნის. ამბობს, რომ ამ სფეროში შემთხვევით აღმოჩნდა. საკუთარი სახლისთვის შექმნილი სანათი ახალი გატაცების და ჰობის საწინდარი გახდა.

- არასოდეს არ მქონია შეხება არც მხატვრობასთან და არც დიზაინთან. სანათების გაკეთების იდეა სამი წლის წინ დამებადა, მაშინ როცა ჩემი სახლისთვის სანათების შეძენა მინდოდა და სასურველი ნაკეთობა ვერ მოვიძიე. პირველი სანათი დაახლოებით ერთი წლის წინ შევქმენი. ასე აღმოვჩნდი ამ სფეროში და დღემდე 50 სანათზე მეტი მაქვს
გაკეთებული. ძალიან სასიამოვნო და საგულისხმო პროცესია. ჩაფიქრებული და განხორციელებული სანათი ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, რადგან მუშაობის პროცესში იცვლება ესა თუ ის დეტალი.

- თქვენი ნამუშევრები ძალიან ორიგინალურია. რა მასალით ქმნით მათ?
- დიდი მადლობა. როცა ჩემი ნამუშევრები მოსწონთ, ეს მიასმაგებს მუშაობის სურვილს. ორიგინალურობისა და მრავალფეროვნების საფუძველი ისიცაა, რომ ვიყენებ უამრავი სახის მასალას, როგორიცაა: ხე, თოკი, ჯვალო, სპილენძი, კერამიკა, მინა, ზღვის კენჭები, დეკორატიული ქვები, საღებავები და ა.შ. ყველა სახის მასალა თავისებურია, ჯიუტი და განსხვავებულ მოპყრობას საჭიროებს. ვცდილობ, შევქმნა სხვადასხვა სახის მასალის უდავიდარაბო, ლამაზი, თბილი და განსხვავებული ნაზავი. ეს რამდენად გამომდის უკვე სულ სხვა ამბავია.

- თითოეული სანათის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?
- სანათების დიზაინი მთლიანად მე მეკუთვნის. როცა შეკვეთები მაქვს, ვცდილობ გავითვალისწინო სანათის მომავალი მფლობელის გემოვნება და მოთხოვნებიც.

- სანათების ნიმუშებს ინტერნეტიდან იღებთ, თუ თქვეი ფანტაზიის ნაყოფია?
- რასაკვირველია, თვალს ვადევნებ ინტერნეტში ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას, მაგრამ ვცდილობ, ამან ჩემს ნამუშევრებზე გავლენა არ იქონიოს. მოდის ტენდენციებს თვალს ვერ ვადევნებ. ძირითადად, იმ სანათებს ვაკეთებ, რომელიც მომწონს და მათი შექმნის პროცესი სიამოვნებას მანიჭებს.

- სანათების შექმნაში ვინ გეხმარებათ?
- მასალების დამორჩილებასა  (მინის გახვრეტა, ხის დამუშავება და ა.შ.) და ელექტროობის კუთხით, ჩემი მეუღლე მიდგას მხარში.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სინათლე?
- როგორც მოგეხსენებათ, ადამიანი გარესამყაროს 90 %-ს მხედველობის მეშვეობით აღიქვამს, სინათლის გარეშე კი აღმა, ისევე როგორც სიცოცხლე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამასთან, სინათლე და ფერები უერმანეთოდ არ არსებობენ. ასე რომ, სინათლე ჩემთვის, პირველ რიგში, ფერებთან და ფერად სიცოცხლესთან ასოცირდება.

- ინტერიერში რამდენად მნიშვნელოვანი დეტალია გემოვნებით და სწორად შერჩეული სანათი?
- ამ საკითზხზე ალბათ დიზაინერები უფრო უკეთ ისაუბრებენ, მაგრამ ერთი რამ უდავოა: სწორად შერჩეული, გამორჩეული და ფერადი სანათი უფრო მეტად ახალისებს და აფერადებს საცხოვრისს თუ სამყოფელს.

- თქვენი აზრით მისაღები ოთახისთვის როგორ განათება და რა სტილიიქნება მისაღები?
- მრჩეველად ალბათ ვერ გამოვდგები. უბრალოდ, მომწონს, როდესაც ესა თუ ის სანათი ბუნებრივად იმკვიდრებს თავს გარემოში და ალამაზებს იქაურობას.

- საძინებელში როგორი სანათები მოგწონთ?
- საძინებელში მომწონს სანათი, რომელიც მყუდრო გარემოს ქმნის. საძინებლის სანათები ალბათ უფრო თბილ ტონებში უნდა იყოს, სუსტი განათებით.

- დღეს ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი როგორი სტილის სანათებია?
- ჩემი გაყიდვებიდან გამომდინარე, უფრო მეტი მოთხოვნაა ხელით მოხატულ სანათებზე, რომელშიც ჭარბობს ფერადი ყვავილები.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლოდ ვგეგმავთ, სახელოსნო - მაღაზიის გაკეთებას. სხვადასხვა სახის ხელსაწყო-დანადგარების შეძენას და რასაკვირველია, რამდენიმე ადამიანის დასაქმებას. ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ და გავამრავალფეროვნოთ ჩვენი წარმოება. ვფიქრობ, რამენაირად მოვაგვარო სანათის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეები, რათა შევძლო უცხოეთში გაყიდვაც.
მერი ბლიაძე

კომენტარები

მაია 2020-10-06 21:32
აუუ მე მომწონს ძალიან ლამაზია ძაან უცხოა სანათებია სუპერ!
nino 2018-01-17 00:16
super
Gia 2017-12-05 14:37
Dzaliqn lamazebia. Saocrebebi. Kidev ertxel davrtmundi, rom qartvelebsac shegvidzlia!!!!!!!!!!!!!
Gia 2017-12-04 14:21
საოცრებებია!!!
წარმატებები!!!
ნიკა 2017-12-04 14:18
Zalian, zalian lamazi da originaluri sanatebia.
Imedia, fasebi araa dzalian magali....

კომენტარის დამატება