"როცა უყურებ, თითქოს ცოცხლდებიან" - ავეჯი - ხელოვნების ნიმუში ქართველი მხატვრისგან

მაკა ჯიშკარიანს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ის ქართველი მხატვარია, რომელმაც აიპადით შექმნილი ნამუშევრებით გამოფენა მოაწყო და პირველად მაშინ გააოცა გულშემატკივრები. ამჯერად კი მისი შემოქმედების ახალმა მიმართულებამ მიიპყრო ჩვენი ყურადღება - ამ ორიგინალურმა ავეჯმა, რომელიც დეკორის საოცარი ნიმუშია.

- ძალიან ორიგინალური გადაწყვეტაა და როდის და როგორ დაიწყო ამ სერიის ისტორია?

- ეს გმირები სულ იყვნენ ჩემთან ერთად ოღონდ ფურცელზე. უბრალოდ მასალა გამოვცვალე. ხეზე გადმოვიტანე. სინამდვილეში ისევ ისეთივე ბრტყელები არიან, უბრალოდ ფუნქციურობა დაემატათ და როცა უყურებ, თითქოს ცოცხლდებიან. ვფიქრობ, ამ ნამუშევრების მთავარი ხიბლი
ესაა.

- როგორ იქმნება, რა დრო სჭირდება შექმნას და რა დატვირთვა აქვს - უფრო ფუნქციური თუ უფრო დეკორატიული? 
- იდეა, სწრაფი ესკიზი, შემდეგ დაზუსტებული ესკიზი ზომებში და ბოლოს მუშაობა ხელოსანთან. რა თქმა უნდა, თავიდან, ფიქრის დროს ჯობია თავისუფალი იყო და არ შეზღუდო თავი ტექნიკური ამოცანებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკურად გათვალო და ხელოსანს არ დაუტოვო ამოუხსნელი ამოცანები. როდესაც მხატვრულ გადაწყვეტას ფუნქციურობა, შინაარსი ემატება, მაშინ ხდება ის მომხიბვლელი, როგორც არტის, დიზაინის ობიექტი.

- როგორი გამოხმაურება ხვდა წილად - ძალიან ინდივიდუალური და გამორჩეულია და ალბათ დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
- კი, მოსწონთ, რაც ძალიან მახარებს. თავიდან ცოტა მოულოდნელიც იყო. ჩვენთან უფრო ნეიტრალური ფერები უყვართ ინტერიერში. მაგრამ დრო გადის, გემოვნებაც იცვლება.

- ჩანთებზეც ხატავთ. რამდენად საინტერესოა მხატვრისთვის ასეთი ტიპის საქმიანობა - არა უბრალოდ ნახატების შექმნა, არამედ ფუნქციური ნივთების, დეკორის და ა.შ.
- საინტერესოა რა თქმა უნდა სხვა და სხვა ტექნოლოგიის მოსინჯვა, მით უფრო რომ ჩვენს დროში ეს ძალიან გამარტივდა და თითქმის ყველას მიგვიწვდება ხელი.
თვითონ ნამუშევრის ხასიათი გკარნახობს რას შეიძლება მოუხდეს, რომელ ფაქტურას, როგორ ზედაპირს. მთავარია იდეა იყოს ძლიერი და საინტერესო, შემდეგ მორგება ადვილია.

- მომავალში რა გეგმები გაქვთ?
- შემოქმედების დაგეგმვა რთულია. უფრო ვისურვებდი, რომ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელების საშუალება ყოფილიყო საქართველოში. დიზაინი აუცილებლად უნდა მეგობრობდეს ბიზნესთან. სხვანაირად ვერ გაცდება ის ესკიზის ფორმატს. ვცდილობ ვიპოვო ასეთი მეგობრული კავშირები.








იხილეთ მაკა ჯიშკარიანის ინტერვიუ ვრცლად: „ძალიან გამიხარდება, თუ ვინმეს მოუნდება, რომ ჩემი ნამუშევარი ჰქონდეს ინტერიერში“ - სტუმრად მხატვრის სახლში

კომენტარები

ლია 2022-02-08 09:55
საინტერესოა

კომენტარის დამატება