ვინტაჟური სტილი ქართული ელემენტებით - დიზაინერის გემოვნებიანი სახლი და რჩევები მკითხველს

იგი პროფესიით სცენოგრაფია. თუმცა უკვე ორი წელია, თეატრის პარალელურად ინტერიერის დიზაინზე მუშაობს. ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როცა ქეთი ნადიბაიძემ სახლი შეიძინა და რემონტი საკუთარ თავზე აიღო. შედეგი ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ ქეთიმ ბევრი შემოთავაზება მიიღო, სხვებისთვისაც შეექმნა მსგავსი სტილის დიზაინი. ეს პროცესი მისთვის იმდენად სასიამოვნო და ინოვაციური იყო, გადაწყვიტა, ძალები ამ სფეროშიც მოესინჯა. დღეს მისთვის ორივე საქმე ძალიან საყვარელი, საინტერესო და საპასუხისმგებლოა.



- სამი წლის წინ შევიძინე სახლი. ეს სახლი იყო პირველი, რომელიც დამოუკიდებლად გავაკეთე. იმდენად კარგი გამოვიდა, რომ
ბევრი მთხოვს დახმარებას. თავდაპირველად ჩემს უახლოეს მეგობართან, პაატა ციკოლიასთან ერთად გავაკეთე რამდენიმე სახლი, ფაქტობრივად, დავშალეთ და თავიდან ავაწყვეთ. მე და პაატა სპექტაკლებზეც ერთად ვმუშაობთ. ასე დაიწყო ყველაფერი. დროთა განმავლობაში მოვიდა გამოცდილება, ცოდნა.



- რემონტის დროს თქვენ რა პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული? რა საკითხებს აგვარებთ?

- ყველა პროცესში აქტიურად ვარ ჩართული - მე ვაგეგმარებ ბინას, მე ვწყვეტ, რა მასალით და როგორ უნდა შესრულდეს სამუშაოები. ასე ვთქვათ, ყველა დეტალზე მე ვარ პასუხისმგებელი.



- ბინის დაგეგმარების დროს რა კრიტერიუმებს ითვალისწინებთ?

- ჩემს სახლზე როცა ვმუშაობდი, მაშინ სხვა კრიტერიუმები გავითვალისწინე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ორი ბინა, რომელიც ჩემი სახლის შემდეგ გავაკეთეთ, ტურისტებისთვის უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. იქ უკვე სხვა რაღაცებს მივაქციეთ ყურადღება. ამ ბინების შემთხვევაში დიდი ყურადღება და ფართი დავუთმეთ აბაზანებს, შემდეგ - მისაღებ ოთახს და სამზარეულოს. საცხოვრებელი სახლი აუცილებლად უნდა იყოს ნათელი, საჭირო ნივთები ადვილად ხელმისაწვდომი და ყველა ოთახი ფუნქციურად დატვირთული.



- რემონტის დროს ყველაზე ხშირად რა სირთულეებს აწყდებით?

- ამ თემაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, რადგან ეს ჩემთვის კიდევ ცალკე თემაა. როგორც გითხარით, უკვე წლებია ურთიერთობა მიწევს ხელოსნებთან, რაც საკმაოდ რთულია. შემდეგი პრობლემაა მასალების მოძიება. ბოლო პერიოდში თითქოს მოგვარდა ეს პრობლემა, რადგან დღეს მასალებიც უფრო მრავალფეროვანია. თუმცა ყველაზე რთული მაინც იმ ადამიანებთან ურთიერთობაა, ვინც შენი ჩანაფიქრი, იდეები სისრულეში უნდა მოიყვანოს და ეს სამუშაოები შეგისრულოს. სამწუხაროდ, დღეს ძალიან რთულია პროფესიონალის პოვნა. მე, როგორც ქალს, მიჭირს მათთან „ჭიდაობა“, ჩემი იდეის გატანა და იმის დამტკიცება, რომ მეც რაღაც მესმის. დიდი ძალისხმევა მჭირდება, მამაკაცების ჯგუფს დავუმტკიცო, რომ მათზე არანაკლებ ვიცი ეს საქმე. მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ პატარა გოგომ რაღაც ასწავლოს, მითითება მისცეს და ა.შ. ეს ურთიერთობა ზოგჯერ კონფლიქტითაც მთავრდება, რაც ძალიან არასასიამოვნოა.



- ინტერიერში როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

- ჩემს ინტერიერში ძველებური სტილი ჭარბობს. ბინები ძირითადად ძველ სახლებში მაქვს გაკეთებული და ყოველთვის ვცდილობ, შევუნარჩუნო ძველი იერი, ძველი სული, რომელიც ძალიან მომწონს. ვცდილობ, სახლი იყოს მყუდრო, ნათელი, მხატვრული და შემოქმედებითი. მეტად საინტერესოა ვინტაჟური სტილი ქართული ელემენტებით. ინტერიერში ხშირად ვიყენებ ძველ ნივთებს, მეორად ავეჯს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვცდილობ, თანამედროვე დეტალებიც შევიტანო. ეს ნაზავი საინტერესოს ხდის გარემოს.



ძირითადად ვიყენებ ბუნებრივ მასალას, არ ვეხები ლამინატს, მეტალოპლასტმასს ან მსგავსი მასალის ავეჯს, კედლებს, ჭერს და ა.შ. ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრების ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე სწორედ ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი მასალებით ვაკეთებ ინტერიერს, ის სულაც არ არის ძვირად ღირებული. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, შევიძინო საქართველოში დამზადებული მასალა, ავეჯი და სხვა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



- აღნიშნეთ, რომ ინტერიერში იყენებთ მეორად, განახლებულ ავეჯს. თქვენ თავად აკეთებთ ავეჯის განახლებას?

- კი, ჩემი ხელითაც გამიახლებია ავეჯი, მაგრამ მხოლოდ ჩემი სახლისთვის. რასაც დაკვეთით ვაკეთებ, იმ ბინისთვის მყავს ხელოსანი, რომელსაც ვანდობ ამ საქმეს.



- ავეჯს რა კრიტერიუმების გათვალისწინებით არჩევთ?

- როგორც აღვნიშნე, იშვიათად ვყიდულობ თანამედროვე ავეჯს. თუ მაინც მიწევს ყიდვა, მირჩევნია, ხელოსანს დავამზადებინო. პირველ რიგში იმიტომ, რომ საავტოროა. ამავეე დროს მსიამოვნებს, როცა ავეჯზე ვფიქრობ და ჩემი დიზაინით ვამზადებინებ. ეს ჩემთვისაც ახალია, თანაც დამზადებული ავეჯი უფრო იაფი ჯდება.



- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტერიერში მცენარეებს, გამწვანებას?

- ჩემს სახლში უდედისი ადგილი უკავიათ მცენარეებს. აბსოლუტურად სხვა სიამოვნებას იღებ მათგან. გაქვს განცდა, რომ მარტო არასოდეს ხარ, შენთან ერთად ვიღაც ცხოვრობს. ვცდილობ, ყველა ინტერიერში შევიტანო მცენარეები და სახლი დატვირთული იყოს ყვავილებით.



- უარი თუ გითქვამთ დამკვეთისთვის და რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს?

- კი, მითქვამს უარი. მინდა, ჩემი შექმნილი დიზაინი შემოქმედებითი იყოს. თუ ვიცი, რომ საინტერესო არ გამომივა, ასეთ პროექტებზე არ ვთანხმდები.



- რას ურჩევდით მათ, ვისაც დიდი გამოცდილება არ აქვთ რემონტის საკითხში?

- ჩემი მთავარი რჩევა იქნება, უარი თქვათ მეტალოპასტმასსა და მსგავს მასალებზე. ეს შესაძლოა კომფორტული იყოს, მაგრამ საზიანოა ჯანმრთელობისთვის. როცა ჩემს სახლს ვაკეთებდი, მინიმალური ხარჯებით შევძელი ინტერიერი ბუნებრივი მასალით გამეკეთებინა. სწორად გაანაწილეთ სივრცე, რომ ყველაფერი იყოს ფუნქციურად დატვირთული და ეცადეთ, რაც შეიძლება ნათელი იყოს სახლი.



- როგორია თქვენი საოცნებო სახლი?

- რა თქმა უნდა, ეს ისევ ძველებური სტილის სახლია, მაღალი ჭერით, ნათელი ოთახებით და რაც მთავარია,

ქალაქის ულამაზესი ხედით. ვოცნებობ ეზოზე, სადაც მე თვითონ გავახარებ ყვავილებს, ხეხილს, მექნება ბევრი ულამაზესი ნივთი თავისი ისტორიებით, სადაც კედლებს სულ მოვხატავ, მეყოლება ბევრი კატა და ძაღლი. სახლი, რომელსაც ჩემი ხასიათი ექნება.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები