5 ოქროს წესი სტუდიო ტიპის ბინის მოსაწყობად

სტუდიოს ტიპის ბინა პრაქტიკული, ნაკლებად ხარჯიანი, იაფი და კომფორტული საცხოვრებელია და ამიტომ, ის სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებში.

სტუდიოს ტიპის ბინა - ეს არის მცირე ფართის მქონე საცხოვრებელი, რომელიც აერთიანებს ისეთ სივრცეებს, როგორებიცაა სამზარეულო, საძინებელი და მისაღები. გამონაკლისის სახით, გხვდება შედარებით დიდი ფართის მქონე სტუდიო ბინები, სადაც საძინებელი, სააბაზანო ოთახის მსგავსად, ასევე გამოყოფილია საერთო სივრცისგან. რა თქმა უნდა, ასეთი სახლები მაინც სტუდიოდ იწოდება, რადგან კვლავ ერთ ოთახში რჩება სამზარეულოს და მისაღების სივრცეები.

მიუხედავად იმისა, რომ
სტუდიოს ტიპის ბინა მცირე ფართს და ერთიან სივრცეებს გვთავაზობს, სწორად მოწყობისა და ჭკვიანური დაგეგმარების შემთხვევაში შეგვიძლია მას ის ფუნქციურობა შევძინოთ, რომელიც მაქსიმალურად იქნება მაცხოვრებლის მოთხოვნილებებზე და კომფორტზე მორგებული.

სტუდიოს მოწყობისას, უნდა გახსოვდეთ, რომ დიზაინთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია. სწორად შერჩეული კედლის ფერი, პრაქტიკული ავეჯი, სტილისა და ფუნქციურობის ბალანსი არის ის, რაც თქვენს სახლს მოსაწყენი, პატარა ბინიდან ელეგანტურ და მყუდრო საცხოვრებელ ადგილად გადააქცევს.

ზონირება


სტუდიოს აპარტამენტების მოწყობისას სწორ ზონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბინაში არსებული ყველა სივრცე (გარდა სააბაზანო ოთახისა) ერთ ოთახშია, მათი გამოყოფა აუცილებელია, რათა სახლი იყოს ნაკლებად ქაოტური და მეტად კომფორტული.

ზონირებისთვის, მსუბუქი და მარტივი შტრიხია ტიხრების გამოყენება. თუ თქვენ არქიტექტურული ცვლილებების გაკეთების შესაძლებლობა გაქვთ, მაშინ ძალიან კარგი იქნება თუ საძინებელ სივრცეს დანარჩენი სახლისგან ნახევარ კედლის მეშვეობით გამოყოფთ. ასეთი კედელი მეორეული განათების კარგი წყაროა და დაგეხმარებათ, რომ ბინაში სინათლე და კომფორტი შეინარჩუნოთ.

ავეჯი


რაც შეეხება ავეჯს, ყველაზე პრაქტიკული გზა, სტუდიოს ბინაში სივრცის, დაყოფისას ფუნქციური ავეჯის გამოყენებაა. მაგალითად, საძინებლისა და მისაღების სივრცეებს შორის გამყოფი შეიძლება წიგნების კარადა იყოს. ხოლო სამზარეულოსა და მისაღებს შორის ყველაზე პრაქტიკული კუნძულის, ან ბარის ტიპის მაგიდის გამოყენებაა. ასეთი გამყოფები საკმაოდ შესამჩნევი და ამავდროულად, ძალიან პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც სტუდიო აპარტამენტებში ვხდებით, არის არასწორი მასშტაბების ავეჯი. ძალიან პატარა და ძალიან დიდი ზომის ავეჯის გამოყენებამ შეიძლება სრულად დაარღვიოს ოთახის ჰარმონიულობა და საბოლოოდ სახლში სივრცე დაიკარგოს. ამის ფუფუნება კი მსგავსი ტიპის ბინებში არ გვაქვს.

ამიტომ, მრავალფუნქციური და საშუალო ზომის ავეჯი ის არის რაც სტუდიოს ბინას ყველაზე მეტად სჭირდება. თუ სტუმრებისთვის დამატებით ადგილს ითვალისწინებთ ეცადეთ, შეიტანოთ ავეჯი, რომელსაც შეუძლია ერთზე მეტი ფუნქცია ჰქონდეს. მაგალითად, მისაღებ ოთახში ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტაა გასაშლელი დივანი, რომელიც მაქსიმალურად ითვისებს სივრცეს და ამავდროულად, ითავსებს საწოლის ფუნქციასაც.

დივნის წინ შეგიძლიათ ტრანსფორმაციული ჟურნალების მაგიდა დადგათ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სასადილო მაგიდის ფუნქციასაც შეითავსებს. მაგიდის გარშემო კი, რამდენიმე დაბალი პუფი განათავსეთ. ასე თქვენი მისაღები ოთახი ზედმეტი ავეჯისგან არ გადაიტვირთება, თუმცა იქნება პრაქტიკული თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის.


საძინებელი


საძინებლის მოწყობისას ასევე მნიშვნელოვანია, ფუნქციურობა და სწორი განლაგება. თუ საძინებელი ოთახი ცალკე არ არის გამოყოფილი, მაშინ სჯობს თქვენი საწოლი ფანჯარასთან განათავსოთ და ზემოთ ნახსენები სხვადასხვა ტიპის ზონირებით გამოყოთ სხვა სივრცეებისგან. გირჩევთ იყიდოთ ისეთი საწოლი, რომელსაც სათავსოები აქვს, რათა თქვენი ნივთები მარტივად შეინახოთ. თუ, საძინებელი ცალკე ოთახში გაქვთ, სათავსოებისთვის აუცილებლად გამოიყენეთ საწოლის გვერდზე და თავზე არსებული კედელიც. ასევე, გირჩევთ თქვენი სამუშაო სივრცეც ამ ოთახში გადმოიტანოთ და კედლის, მცირე ზომის მაგიდა/თაროთი გამოყოთ სამუშაო და დასაძინებელი სივრცეები ერთმანეთისგან.

დეკორი


სტუდიოს მოწყობისას დეკორის ელემენტებს დიდი ყურადღებით სჭირდებათ შერჩევა, რადგან პატარა სივრცეში ყველა დეტალი ადვილად შესამჩნევია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად გამოყენებული დეკორი ზონირების ერთ-ერთი, მარტივი გზაა. გრძელი, მაღლა დაკიდებული ფარდები, ფერადი ფარდაგები, კედლის თაროები და ფერთა აქცენტები წარმატებით გამოიყენება, როგორც სივრცის დაყოფისთვის, ასევე მისი ვიზუალური გაფართოებისთვის.

ფერები


რადგან სტუდიო მცირე ზომის ბინაა, მნიშვნელოვანია მისი ვიზუალურად გადიდება. ამაში კი, სინათლე და სწორად შერჩეული ფერები გადამწყვეტ როლს თამაშობს. სტუდიო ბინაში თეთრი და მისი სხვადასხვა ტონები ყველაზე ხშირად გამოყენებადი ფერია, ასევე პოპულარულია, ღია პასტელური ფერებიც. გახსოვდეთ, რომ ფერების გამოყენება სივრცის დასაყოფადაც შეგიძლიათ. გამოიყენეთ შერჩეული ფერის სხვადასხვა ტონალობები მისაღებსა და სამზარეულოში, ან ერთი კონკრეტული მკვეთრი ფერი ავეჯისთვის, რათა სივრცეები ვიზუალურად მარტივად გამოეყოს ერთმანეთს და შექმნათ მრავალფეროვანი და საინტერესო სახლი.

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები