ერთ დროს მოსაწყენი და საკმაოდ უინტერესო ფერი დღეს პოპულარობის ზენიტშია - ხორცისფერი ინტერიერი


ხორცისფერი იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სიმშვიდე და სინაზე იზიდავს. ამასთან, ეს ფერი საკმაოდ ფუნქციონალურია, მშვენივრად ეხამება რა სხვა ფერებს და სხვადასხვა სტილს. ერთი სიტყვით, ერთ დროს მოსაწყენი და საკმაოდ უინტერესო ფერი დღეს პოპულარობის ზენიტშია, ის თანამედროვე ინტერიერის გაფორმების ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ დიზაინერებს მობეზრდათ საკმაოდ ცივი ნაცრისფერი, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულია წამყვან ფერად მიიჩნეოდა ინტერიერის დიზაინში. მოთხოვნილება გაჩნდა შედარებით თბილ, მშვიდ, ნეიტრალურ ფერზე, ჰოდა, ხორცისფერი სწორედ ეს ფერია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ის ფერია,
რომელიც იდეალურია ნებისმიერი სტილისთვის და ნებისმიერი ოთახისთვის. ის საუკეთესო საშუალებაა ასევე მცირეგაბარიტიანი სივრცისთვისაც, აფართოებს რა სივრცეს ვიზუალურად. ხორცისფრის ენერგია იმდენად დადებითია, რომ ამ ფერის სივრცეში კონფლიქტური სიტუაციები თითქმის არ ფიქსირდება. ამ ფერს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს რომანტიკის, მეგობრობის, კომპრომისების ფერი.


ის ძალიან უხდება ხელოვან ადამიანებს და ხელს უწყობს მათ პოტენციალის გამომჟღავნებაში.
რაც შეეხება ამმ ფერის თავისებურებებს, დიზაინერები გვირჩევენ, რომ ის გამოვიყენოთ ძირითად ფერად - კედლების, ჭერის, იატაკის, რა თქმა უნდა, აქცენტების თანხლებით.

ძალიან ეფექტურია ასევე ხორცისფერი კედლები და მუქი ფერის იატაკი. ეფექტურია ასევე შედარებით ღია ხორცისფერისა და მუქი ხორცისფერის ტანდემი. რაც შეეხება ამ ფერის ნაირსახეობებს, ძალიან ლამაზია კაპუჩინო, კრემისფერი, კარამელისფერი, ქვიშისფერი, სპილოს ძვლისფერი, ხორბლისფერი, ვანილისფერი. საკმაოდ დიდი ფერთა პალიტრაა საიმისოდ, რომ ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანი დააკმაყოფილოს.


უკვე ვთქვით, რომ ხორცისფერი ძალიან კარგად ერწყმის ნებისმიერ სტილს, განსაკუთრებით, კლასიკურს, ქანთრის, მინიმალიზმს, თანამედროვეს, პროვანსს და ა.შ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები